ამ საბრძოლო მანქანის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 20 წლის წინ შევიტყვე. მაშინ როცა ბელორუსი ტანკმშენებლები ამ საინტერესო ექსპერიმენტულ სისტემაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. დღემდე ჩემი სუბიექტური აზრით ბელორუსიული სადაზვერვო-დივერსიული ჯავშანმანქანა 2Т Сталкер პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში შექმნილი ჯავშანტექნიკის ნიმუშებიდან ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოდელია. შეიძლება ითქვას, რომ ამ მანქანას დღეისათვის მსოფლიოში პირდაპირი ანალოგი არ ჰყავს. მიუხედავად პროექტის წარუმატებლობისა მანქანის ტაქტიკურ ტექნიკური მონაცემების ნაწილი და მასში გამოყენებული სხვადასხვა ტექნოლოგია დღემდე საიდუმლოა.

მანქანაზე მუშაობა 90-იანი წლების მეორე ნახევარში ბელორუსიული წამყვანი საწარმოო გაერთიანება “მონიტორ-სერვისის” მიერ დაიწყო, როგორც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლები აღნიშნავდნენ, 27 ტონა მასის Сталкер არის მაღალმანევრირებადი, სწრაფი მუხლუხიანი მანქანა და განკუთვნილია მტრის ღრმა ზურგში მალული სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციებისთვის, შეუძლია ტანკებთან და საჰაერო სამიზნეებთან ბრძოლა, აგრეთვე გზების მალულად დანაღმვა. მისი უჩინარობა კი აგებისას სტელს ტექნოლოგიის გამოყენებაში მდგომარეობს. მანქანის თითქმის მთელი კორპუსი დაფარულია რადიოტალღების მშთანთქავი სპეციალური საფარველით, რომლის საშუალებითაც მისი აღმოჩენა სახმელეთო და საავიაციო რადარების გამოყენებით ძალიან გართულებულია. გამონაბოლქვის სისტემაც დამატებით აღჭურვილია ხმის ჩამხშობი მაყუჩებით, ასევე მინიმუმამდეა დაყვანილი სითბური კვალი. მანქანა აღჭურვილია ორ არხიანი პასიურ რეჟიმში მომუშავე დაკვირვების და სამიზნის კონტროლის სისტემით, ლაზერული მანძილმზომით და თანამედროვე ცეცხლის მართვის სისტემით. შეუძლია ავტონომიური მოქმედება დღე ღამის ნებისმიერ მონაკვეთში.’

მანქანის სავალი ნაწილი შექმნილია ГМ-352М ტიპის შასიზე, იგივეზე რაზეც საზენიტო სისტემები Тор და Тунгуска. მრავალსაწვავიანი ძრავი და ჰიდრომექანიკური ტრანსმისია უზრუნვეყოფს მაქსიმალური 115 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობას, რაც ამ დანიშნულების მანქანისთვის საკმაოდ მაღალ მაჩვენებლად ითვლება. ეკიპაჟი 5 კაცისგან შედგება, საიდანაც 4 უშუალოდ მანქანის მომსახურე პერსონალია, ერთი კი დესანტი.
მანქანაში ეკიპაჟის სამუშაო პირობები საკმაოდ კომფორტულადაა მოწყობილი და ამით ის ნამდვილად არ ჰგავს საბჭოთა სტანდარტის ჯავშანტექნიკას, სადაც ეკიპაჟის კომფორტი მეასეხარისხოვანია.
მანქანაში დამონტაჟებულია 2000-იანი წლების ბელორუსიის კვალობაზე საკმაოდ თანამედროვე ელექტრონიკა და შიდა სისტემები, მეთაური და მძღოლ მექანიკოსი აღჭურვილი არიან თხევადკრისტალური ეკრანებით, სადაც გამოდის ინფორმაცია – მანქანის მდებარეობის, მდგომარეობის, საბრძოლო დავალების, საბრძოლო მასალის შესახებ და სხვა. ეკრანებზე ასევე აისახება წინა და უკანა ხედვის კამერებიდან მიღებული გამოსახულება, რაც ეკიპაჟს მანქანის გარშემო 360 გრადუსიანი ხედვის საშუალებას აძლევს.

მანქანის შეჯავშნა ძირითადად ტყვიების და ნამსხვრევების შეკავებაზეა გათვლილი, თუმცა წინა ნაწილი უძლებს 35 მმ კალიბრის ჭურვების მოხვედრასაც. ფსკერის დაცვა გაძლიერებულია და გამოირჩევა ტანკსაწინააღმდეგო ნაღმების აფეთქებისადმი მაღალი გამძლეობით. ჯავშანმანქანა აღჭურვილია ხანძარსაწინააღმდეგო და მასობრივი განადგურების იარაღისგან დაცვის კომპლექსური სისტემით.

2Т Сталкер-ს აქვს თავისი კლასიისათვის უჩვეულოდ მაღალი საცეცხლე ძალა. მისი შეიარაღების უნივერსალურ სისტემაში შედის: ორ სიბრტყეში სტაბილიზებული 30 მმ ავტომატური ქვემეხი 2A42, შეწყვილებული 7,62 მმ ტყვიამფრქვევით ПКТ, 30 მმ ავტომატური ყუმბარმტყორცნი АГ-30 და ორი ასაწევი გამშვები მოწყობილობა, მარჯვენა მხარეს 2 საზენიტო სითბური რაკეტით Игла, მარჯვენა მხარეს კი 2 ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Штуpм-C. მანქანაში მარაგის სახით დამატებით შენახულია ასევე 4 ცალი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა Штуpм-C და 6 ცალი საზენიტო Игла.
დივერსიული ოპერაციებისთვის და მტრის ზურგში დანაღმვისთვის მანქანაში შენახულია 12 ცალი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი.
ავტონომიური მოქმედებისათვის მანქანაში არის ეკიპაჟისათვის განკუთვნილი სასმელი წყლის, საჭმლის, ელექტრობატარეების და საწვავის მარაგი, რისი საშუალებითაც Сталкер-ს შეუძლია მტრის ზურგში, 250 კმ-იან სიღმრმეში მოახდინოს ავტონომიური რეიდი და ჩაატაროს სადაზვერვო ოპერაციები.

სხვადასხვა სპეციალისტთა შეფასებით 2Т Сталкер იდეალური მანქანაა უდაბნოში მოქმედებისთვის, რადგან გამოირჩევა ავტონომიურობის მაღალი დონით და სხვა ჩვეულებრივი ჯავშანმანქანებისგან განსხვავებით უდაბნოს გაშლილ რელიეფზე უფრო ადვილად დაემალება ავიაციას და მოწინააღმდეგის სხვა საშუალებებს.
თუმცა ამ ყოველივეს მიუხედავად Сталкер ის შეიარაღებაში მიღება დღემდე ვერ ხერხდება, სხვადასხვა გამოფენებზე მისი აქტიური რეკლამირების მიუხედავად რალური მყიდველი ჯერ არ ჩანს. ბელარუსიის არმიას დაგეგმილი ჰქონდა 30 მანქანის შესყიდვა თუმცა მისი მაღალი ღირებულებიდან გამომდინარე ეს გეგმაც ჩაიშალა.
დღეისთვის ეს საკმაოდ პერსპერქტიული საბრძოლო მანქანა მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლიარის სახით არსებობს.

| ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები | |
|---|---|
| დასახელება | 2Т Сталкер |
| მწარმოებელი | ბელორუსია |
| ეკიპაჟი | 5 |
| საბრძოლო მასა | 27,4 ტონა |
| მაქსიმალური სიჩქარე | 115 კმ/სთ |
| სვლის მარაგი | 1000 კმ |
| ნაღმსაწინააღმდეგო დაცვა | აქვს |
| ქიმიურ-რადიაციული დაცვა | აქვს |
| შეიარაღება: | |
| ავტომატური ქვემეხი | 2А42 (500 ჭურვით) |
| ავტომატური ყუმბარმტყორცნი | АГ-30 (166 ყუმბარით) |
| ტყვიამფრქვევი | ПКТ (2000 ვაზნით) |
| ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა | Штуpм-C (მარაგში 4) |
| საზენიტო რაკეტა | Игла (მარაგში 6) |
| ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი | 12 |
Leave a comment