სუპერშორსმსროლელი ჩრდილოკორეული ქვემეხი М1978 KOKSAN. ირან-ერაყის ომის ნაკლებად ცნობილი მონაწილე

170-მმ ქვემეხის М1978 KOKSAN -ის შექმნა ჩრდილოკორეელმა მეცნიერებმა 30 წლის წინ დაიწყეს და ის დღესაც კი მსოფლიოში  ერთ-ერთ ყველაზე შორსმსროლელ ლულიან საარტილერიო სისტემად ითვლება. ერაყში ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ამერიკელმა სამხედროებმა განადგურებულ და გადამალულ ერაყულ საარტილერიო ტექნიკას შორის მოულოდნელად აღმოაჩინეს ერთი ცალი ასეთი სისტემაც, რომლებიც მანამდე არსებული ინფორმაციით მხოლოდ ჩრდილო კორეას და ირანს ჰყავდა შეიარაღებაში. თუმცა როგორც შემდგომ გაირკვა ეს ქვემეხი ირან-ერაყის ომის ფაოს ნახევარკუნძულთან მომხდარი ბრძოლების დროს ნადავლის სახით ჩაუვარდათ ერაყელ სამხედროებს ხელში.

М1978 KOKSAN

ამ სისტემის ბატარეები ჩრდილო და სამხრეთ კორეას შორის მდებარე დემილიტარიზებული ზოლის ახლოსაა განთავსებული, სპეციალურ ბეტონის დამცავ ნაგებობებში და ქალაქ  სეულისკენაა დამიზნებული. პირველი ასეთი ქვემეხი დაზვერვამ 1978 წელს დააფიქსისა ქალაქ კოქსანთან და სწორედ აქედან შეიძინა ამერიკული დასახელებაც, М1978 KOKSAN

განადგურებული ერაყული М1978 KOKSAN და ამერიკელი სამხედროები

გასული საუკუნის 1980 – 1988 წლებში მიმდინარეობდა ირან-ერაყის 8 წლიანი უმოწყალო ომი, რომელსაც საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანა ძმათამკვლელს უწოდებდა. იმ დროინდელ ერაყს ხელი მიუწვდებოდა ყველაზე თანამედროვე შეიარაღების ნიმუშებზე, მათ შორის იყო საარტილერიო დანადგარებიც, ერაყს ყავდა იმ დროისათვის თანამედროვე სისტემები: საბჭოთა წარმოების თვითმავალი ჰაუბიცები 2С1 Гвоздика და  2С3 Акация, ფრანგული  AUF1. თუმცა მისი არტილერიის უმთავსეს ძალას წარმოადგენდა 100 ერთეულამდე იმ დროისათვის ულტრათანამედროვე და შორსმსროლელი    სამხრეთაფრიკული საარტილერიო სისტემა  G5,  ცნობილი კონსტრუქტორის, დოქტორი ჯერარდ ბულის მონაწილეობით შექმნილი სისტემა G5 ჩვეულებრივ ჭურვს მაქსიმალურ  30 კმ-ზე ისროდა, აქტიურ-რეაქტიულს კი 39 კმ-ზე.

ირანელი არტილერისტები და М1978 KOKSAN,  ირან-ერაყის ომში

ირანს ისლამური რევოლუციის შემდეგ იარაღის შეძენა საკმაოდ გაუჭირდა, მითუმეტეს თანამედროვე სისტემების. ერთადერთი ქვეყანა რომელიც მას ასე თუ ისე სერიოზულად აიარაღებდა იყო ჩრდილო კორეა. 
ასე მოხვდა 80-იანი წლების მეორე ნახევარში,  ირანის შეიარაღებაში კორეული М1978-ები, რაც ომის დროს ერაყული სახმელეთო ნაწილებისთვის დიდ თავის ტკივილად იქცა, რადგან KOKSAN ზოგიერთი ინფორმაციით 60 კმ-მდე ისვრის, ამიტომ ერაყული საარტილერიო ბატარეები მის გადაფარვას ვერ ახერხებდნენ. სადამ ჰუსეინის ბრზანებით საარტილერიო დანადგარებზე პირდაპირი ნადირობა გამოცხადდა. მიუხედავად ირანის მიერ  სამი ათეული KOKSAN-ის გამოყენებისა საბოლოოდ ერაყულმა არტილერიამ რაოდენობით და ხარისხით მაინც აჯობა ირანულს, რადგან KOKSAN  დამონტაჟებული იყო ძველი ტანკის Т-54 ის ბაზაზე, ჰქონდა დაბალი გამავლობის მაჩვენებელი და ვერ ჰყოფნიდა ფრონტის მთელ ხაზს. უმთავრესი ნაკლი იყო მისი ძალიან დაბალი სწრაფსროლა.  1-2 გასროლა 5 წუთში და ასევე ლულის დაბალი რესურსი.  დღეის მდგომარეობით  ირანის არმიის შეიარაღებაში მხოლოდ 10 ცალამდე ამ ტიპის ქვემეხი უნდა იყოს დარჩენილი. ბოლოს ისინი 2010 წლის სამხედრო აღლუმზე გამოჩნდნენ. 1985 წელს ჩრდილო კორეამ შექმნა ქვემეხის  ახალი მოდიფიკაცია რომელსაც თან 12 ჭურვის ტარებაც შეეძლო. 

ირანული М1978 KOKSAN პოზიციაზე

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:

დასახელება –М1978 KOKSAN
მწარმოებელი –ჩრდილო კორეა
მასა –40 ტონა
სიგრძე – 6.5 მეტრი
სიგანე –3.3 მეტრი
კალიბრი –170  მმ
სროლის მანძილი –40 – 60 კმ
სწრაფსროლა –1 – 2 გასროლა/ 5 წუთში
სიჩქარე –40 კმ/სთ ტრასაზე
სვლის მარაგი –300 კმ.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑