ქართველები სვასტიკიანი დროშის ქვეშ

მეორე მსოფლიო ომი ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი იყო კაცობრიობის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს დიდ მსხვერპლთან ერთად უდიდესი ტექნოლოგიური ნახტომი მოუტანა.

საქართველოსთვის, როგორც საბჭოთა რესპუბლიკისთვის ეს ომი 1941 წლის 22 ივნისის დაიწყო, როცა გერმანული ვერმახტის 149 სატანკო და ქვეითი დივიზიისგან შემდგარმა სახმელეთო დაჯგუფებამ აღმოსავლეთის ფრონტზე რამდენიმე მიმართულებიდან შეუტია საბჭოთა კავშირის საზღვრებს.
ჯერ კიდევ 1940 წლის დეკემბერში, გერმანიის გენერალური შტაბის მიერ დამტკიცებული ოპერაცია “ბარბაროსას” გეგმის მიხედვით გერმანული შენაერთები სამ საარმიო დაჯგუფებად იყო დაყოფილი, რომლებსაც საკუთარი მიმართულებები ჰქონდათ დანაწილებული.

პირველი დაჯგუფება “ჩრდილოეთი” (გერმანულად- Die Heeresgruppe Nord), რომელსაც ვერმახტის გენერალ-ფელდმარშალი ვილჰელმ ფონ ლეები მეთაურობდა, დაჯგუფებას ბალტიის ქვეყნები და შემდეგ ლენინგრადი უნდა დაეკავებინა.
მეორე დაჯგუფება “ცენტრი” (გერმანულად – Die Heeresgruppe Mitte) განკუთვნილი იყო კონკრეტულად მოსკოვზე შეტევისთვის. დაჯგუფებას გენერალ-ფელდმარშალი ფედორ ფონ ბოკი მეთაურობდა. ეს კონრეტული დაჯგუფება ტექნიკურად ყველაზე ძლიერი და მაღალი საბრძოლო პოტენციალის მქონე იყო.
მესამე დაჯგუფება “სამხრეთი: (გერმანულად – Die Heeresgruppe Süd), მეთაურობდა გენერალ-ფელდმარშალი გერდ ფონ რუნდშტეტი, დაჯგუფებას უკრაინის ტერიტორია უნდა დაებყრო.

მიუხედავად წინასწარი სადაზვერვო ინფორმაციისა ომს საბჭოთა კავშირი მოუმზადებლად შეხვდა, ტაქტიკურ და იშვიათ შემთხვევაში ოპერატიული დონის წინააღმდეგობები ქაოსურად და არაორგანიზებულად მიმდინარეობდა. ათიათასობით დეზორგანიზებული და დემორალიზებული საბჭოთა ჯარისკაცი ომის პირველ თვეებში ტყვედ ბარდებოდა გერმანულ ნაწილებს. ჰიტლერის სარდლობის მიერ შედგენილი ბლიცკრიგის გეგმა წარმატებით მუშაობდა.

ამის საბჭოთა კავშირმა საპასუხოდ თითქმის მთელი ეკონომიკა და მძიმე მრეწველობა საომარ რელსებზე გადაიყვანა, დაიწყეს ხალხის მასიური გაწვევა ფრონტზე. კომუნისტური რეჟიმის ძალისხმევით ეს ომი ქართველ ერს უმძიმესად დააწვა მხრებზე, 1921 წელს ანექსირებული საქართველოდან ომში გაწვეულთა საერთო რაოდენობამ დაახლოებით 700 ათასს მიაღწია.

ამის პარალელურად რამდენიმე ათეული ათასი ევროპაში გადახვეწილი ქართველი მესამე რაიხის დროშის ქვეშაც იბრძოდა, ისინი გადანაწილებულნი იყვნენ ვერმახტის, აბვერის და სს-ის ქვედანაყოფებში, ქონდათ განსხვავებული მომზადების დონე, ამოცანები და მოქმედების არეალი.

ვერმახტის დაქვემდებარებაში იყო ყველაზე მსხვილი ქართული შენაერთი “ქართული ლეგიონი”, რომელიც ჩამოყალიბდა 1941 წელს, ვერმახტის ხელმძღვანელობისა და “ქართული სამოკავშირეო შტაბის” ერთობლივი გადაწყვეტილებით. ქართული მხრიდან მისი შექმნის ინიციატორები იყვნენ ქართული პოლიტიკური ემიგრაციის თვალსაჩინო მოღვაწეები: იმხანად პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე (1944 წელს მას მიენიჭა ვერმახტის გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება), გენერალი ლეო კერესელიძე, პოლკოვნიკი მიხეილ (ფრიდონ) წულუკიძე, პოლკოვნიკი სოლომონ (სოლიკო) ზალდასტანიშვილი, დოქტორი გიორგი მაღალაშვილი, პროფესორი მიხეილ (მიხაკო) წერეთელი, გენერალი სპირიდონ ჭავჭავაძე, პროფესორი მიხეილ ახმეტელი, პროფესორი ალექსანდრე ნიკურაძე და სხვანი. ლეგიონი არსებობდა 1945 წლამდე. ლეგიონერთა უდიდესი ნაწილი იყო ეროვნული ერთიანობის რაზმის “თეთრი გიორგი”-ს წევრი. როგორც ლეგიონის, ისე “თეთრი გიორგის” ერთადერთი და სანუკვარი მიზანი იყო რუსული საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან საქართველოს გამოხსნა. ისინი არასდროს ემსახურებოდნენ ნაცისტურ იდეოლოგიას. აღსანიშნავია, რომ ქართულ ლეგიონს მესამე რაიხის მხრიდან მფარველობდნენ ის გერმანელი პოლიტიკოსები გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრაფ ფონ დერ შულენბურგის თაოსნობით, რომლებიც ოპოზიციაში ედგნენ ჰიტლერს. 1944 წელს გრაფ ფონ დერ შულენბურგს ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, 1918-1919 წლებში ის გახლდათ კაიზერული გერმანიის ელჩი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და იყო 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის ტექსტის ერთ-ერთი ავტორი. ქართული ლეგიონის ფაქტობრივი მეთაური იყო შალვა მაღლაკელიძე. ლეგიონი შედგებოდა 13 ბატალიონისგან (ყოველ მათგანში ირიცხებოდა 800-იდან 1000 მდე ლეგიონერი). ქართველ ლეგიონერებს და ოფიცრებს უფლება ჰქონდათ ეტარებინათ ჩოხები ლეგიონის ოფიციალური ატრიბუტიკით. ბატალიონების ნაწილს გარდა ოფიციალური ნომრისა, მიკუთვნებული ჰქონდა ქართველი მოღვაწეების სახელები. ასეთი ბატალიონები გახლდათ: “შალვა მაღლაკელიძე”, “გიორგი სააკაძე”, “ერეკლე მეორე”, დავით აღმაშენებელი”, “თამარ მეფე”, შოთა რუსთაველი” და “ილია ჭავჭავაძე”. 1942-1943 წლებში საქართველოსთან და კავკასიასთან დაკავშირებული გეგმების ჩაშლის შემდეგ, ქართული ლეგიონის შენაერთები იბრძოდნენ უკრაინაში, პოლონეთში, ნიდერლანდებში, საფრანგეთში და იტალიაში. 1944 წელს მესამე რაიხის სამხედრო შენაერთებში SS, აბვერი და ვერმახტი სულ ირიცხებოდა 30,000 მდე ქართველი, მათგან დაახლ. 15 ათასი ვერმახტის ქართულ ლეგიონში. თავიდან ქართული ლეგიონის ბირთვს წარმოადგენდა პროგერმანულად განწყობილი ემიგრანტების ჯგუფი, რომლებიც უპირატესად ბერლინის ქართულ დიასპორას ეკუთვნოდნენ. შემდეგ მათ შეუერთდნენ ოკუპირებული საფრანგეთისა და ბელგიის დიასპორები. ლეგიონის პირად შემადგენლობაში გაიშალა მასშტაბური პროპაგანდისტული მუშაობა, რომლის მიზანი იყო ქართველებისთვის ისტორიულ ვითარებაში გარკვევა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირში უკანონოდ, ძალისმიერი გზით შეათრიეს, რომ ქვეყანა ოკუპირებული აქვს რუსულ კომუნისტურ რეჟიმს, რომ მისი გათავისუფლება ნებისმიერი მსხვერპლის ფასად უნდა მოხდეს, თუნდაც ნაცისტურ გერმანიასთან კავშირის ფასად. ომის შემდგომ პერიოდში კი ლეგიონის შევსება ხდებოდა “ქართული ეროვნული კომიტეტი”-ს და “ქართული სამოკავშირეო შტაბი”-ს ძალისხმევით გერმანული ტყვეთა ბანაკებიდან დახსნილი ქართველი სამხედრო ტყვეებით, რომელთაც უტარდებოდათ სპეციალური ფქიქოლოგიური და იდეოლოგიური დამუშავება და გადიოდნენ სათანადო წინასწარ სამხედრო მომზადებას.
ქართველი სამხედროების გადაბირების საკოორდინაციო ცენტრი (სადაც ოფიცრებსა და უნტეროფიცრებს ამზადებდნენ) პოლონეთის დასახლება კრუშნაში იყო. მალე ქართული ლეგიონის შტაბი ლიტვის ქალაქ მარიამპოლეში გადაიტანეს და 1942 წლის იანვარში მის მეთაურად პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე დანიშნეს. პროპაგანდისტული მიზნებისათვის შტაბთან აგრეთვე შეიქმნა “ქართული ნაციონალური კომიტეტი”, რომელიც დევნილი ხელისუფლების ფუნქციებს ასრულებდა. ოკუპირებული ტერიტორიების გერმანელმა გამგებელმა ჩინოვნიკებმა არაორაზროვნად მიანიშნეს ნაციონალური კომიტეტის წევრებს, რომ ომის წარმატებით დამთავრების შემთხვევაში შესაძლებელი გახდებოდა ხორვატიისა და სლოვაკეთის მსგავსად დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოს სტატუსის აღდგენა.
ყველა ეროვნების ლეგიონერებს, მათ შორის ქართველებსაც გერმანული სამხედრო ფორმით მოსავდნენ, რომელსაც საგანგებოდ შერჩეული განმასხვავებელი ნიშნები ჰქონდა. ქართველ ლეგიონერთა სამხრეები ნაცრისფერი იყო, ალისფერი არშიით, და თეთრი ან ვერცხლისფერი სირმა ამშვენებდა. ოფიცრები ვიწრო, დაგრეხილი თასმებისაგან დაწნულ სამხრეებს ატარებდნენ, რომლებსაც ოქროსფერი ზოლები დაუყვებოდა. სამხედრო ფორმას თეთრი სირმამოვლებული ალისფერი საყელო ჰქონდა. მუნდირის მარცხენა სახელოზე ლეგიონერებს ჰქონდათ შევრონი, რომელზეც ნაციონალური სიმბოლიკა იყო გამოსახული. ქართველების შევრონზე დამოუკიდებელი საქართველოს (1918 წ.) შინდისფერი დროშა იყო. ვერმახტის სამხედრო წესდება არაარიელ ლეგიონერებს უკრძალავდა ნაცისტური ნიშნის (არწივი სვასტიკაზე) ტარებას, ის გერმანელ ჯარისკაცებს მუნდირის მარჯვენა ჯიბის თავზე ჰქონდათ მიმაგრებული. ქართველები გერმანელებზე ნაკლებ არიელებად არ თვლიდნენ თავს და მკერდზე გამორჩეულობის სიმბოლოს მაინც ატარებდნენ. მალე მათ ჩრდილოკავკასიელებმა, აზერბაიჯანელებმა და სომხებმაც მიჰბაძეს.
ამასთან ერთად ქართველი ლეგიონერებისთვის გამოდიოდა ყოველკვირეული გაზეთი ,,საქართველო’’, გაზეთის ძირითადი მიზანი იყო პროპაგანდისტული მუშაობა და ლეგიონერების ყოფა-ცხოვრების გაშუქება, ქვეყნდებოდა სტატიები ქართველთა მიერ გამართული კულტურული, სპორტული და სხვა ღონისძიებების შესახებ.
მაგალითად, 1942 წლის 30 აგვისტოს გამოშვებულ ნომერში წერია, რომ ლეგიონერთა სპორტულ შეჯიბრებაზე სადაც ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და თურქმენი ლეგიონერები მონაწილეობდნენ, თითქმის ყველაფერში პირველობა ქართველებმა ფეხბურთის შეჯიბრებაში გამარჯვებული დარჩა ქართული გუნდი ,,ელვა’’, სროლის შეჯიბრშიც ასევე ქართველებმა გაიმარჯვეს და საუკეთესო შედეგები აჩვენეს 200 მეტრზე სროლაში. ლეგიონში არსებობდა კრივის გუნდიც.
გაზეთის 1943 წლის 28 მარტის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია ,,ჩვენი ბრძოლის იდეური საფუძვლები’’ სტატია მთლიანად მკითხველის იდეოლოგიურ დამუშავებას და მათში სახელწიფოებრივი, პატრიოტული გრძნობების გამძაფრებას ემსახურება.
ამავე წლის 6 ნოემბრის ნომერში კი გაზეთი იუწყებოდა, რომ 3 ოქტომბერს 33 მა ქართველმა მოხალისემ საზეიმოდ დაამთავრა პროპაგანისტული კურსები.
1944 წლის 30 ოქტომბრის ნომრის ცნობით 25 ოქტომბერს აღინიშნა ქართული საკავშირო შტაბის წლისთავი. სადაც გაიმართა შეხვედრა გერმანიის სამხედრო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. გერმანელებმა ობერლეიტენანტი გივი გაბლიანი პირველი ხარისხის მამაცობის ორდენით დააჯილდოვეს.
ასევე გამოდიოდა გაზეთის დამატებაც, ჟურნალი ,, საქართველო’’, რომელშიც ძირითადად მხატვრული შინაარსის მასალა და ჯარისკაცთა წერილები იბეჭდებოდა.

ქართული ბატალიონების დასახელებები და მათი საბრძოლო მოქმედებების არეალი ასეთი იყო:

795-ე ქვეითი ბატალიონი შალვა მაღლაკელიძე.
1942 წელს ნალჩიკის მიმართულება, ბაქსანის და ურუხის ხეობები ჩრდილოეთ ოსეთში. 1944 წელს შერბურთან (საფრანგეთი) მოიგერია და უკუაგდო აშშ-ს დესანტი.
796-ე ქვეითი ბატალიონი. 1942-1943 წლებში იბრძოდა ტუაფსეს მისადგომებთან. შემდეგ დაშალეს კაპიტან ჭიჭინაძის და რამდენიმე ათეული ჯარისკაცის რუსების მხარეზე გადასვლის გამო.
797-ე ქვეითი ბატალიონი გიორგი სააკაძე. 1943-1944 წლებში იბრძოდა გრენევილში (საფრანგეთი) 709-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში.
798-ე ქვეითი ბატალიონი მეფე ერეკლე II. 1943-1944 იბრძოდასენ ნაზერში (საფრანგეთი) 384-ე გერმანულ დივიზიაში.
799-ე ქვეითი ბატალიონი დავით აღმაშენებელი. 1943-1945 წლებში მოქმედებდა საფრანგეთის ცენტრალურ რაიონებში.
822-ე ქვეითი ბატალიონი თამაფ მეფე. 1944-1945 იბრძოდა ლიონთან (საფრანგეთი) 344-ე გერმანული დივიზიის დაქვემდებარებაში. ომის ბოლოს დისლოცირებული იყო კუნძულ ტექსელზე, ჰოლანდიაში, სადაც მოაწყო აჯანყება, რომელიც გრძელდებოდა 1945 წლის 22 მაისამდე და ცნობილია ,,ევროპის უკანასკნელი ბრძოლის’’ სახელით.
823-ე ქვეითი ბატალიონი შოთა რუსთაველი. 1945 წელს იცავდა ლა-მანშს კუნძულ გერნსიზე.
824-ე ქვეითი ბატალიონი ილია ჭავჭავაძე. 1944 წელს იბრძოდა ლვოვის მისადგომებთან გერმანიის 349-ე დივიზიის შემადგენლობაში.
I/1 სამთო-მსროლელი ბატალიონი. მოქმედების არეალი უცნობია.
I/9 ქვეითი ბატალიონი. 1942-1943 წლებში იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში. ომის ბოლოს საფრანგეთში იქნა დისლოცირებული.
II/4 სამთო-მსროლელი ბატალიონი. 1942-1943 წლებში ასევე იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ყირიმში. ომის ბოლოს საფრანგეთში იქნა დისლოცირებული.
II/125 სასწავლო ბატალიონი.
II/198 ქვეითი ბატალიონი. 1943 წელს 198-ე გერმანული დივიზიის შემადგენლობაში წარმატებით იბრძოდა კურსკთან, ხარკოვის მიდამოებში და დნეპრზე. 1945 წელს იბრძოდა ჩრდილოეთ იტალიაში პარტიზანების წინააღმდეგ სს-ის II სატანკო კორპუსის შემადგენლობაში.
III/9 სასწავლო ბატალიონი.
”ბერგმანი” №1 კავკასიური ბატალიონი. 1942-43 წლებში მის მოვალეობაში შედიოდა დივერსიები ჩრდილო კავკასიაში, ანტიპარტიზანული ბრძოლები ყირიმში. ბატალიონის შემადგენლობაში შედიოდა 5 ასეული: 1-ელი, მე-4 და მე-5 ქართული, მე-2 ჩრდილოკავკასიური, მე-3 კი აზერბაიჯანული ასეული)
ქართული სს ჯგუფი. 1944-1945 წლებში მოქმედებდა ჩრდილოეთ იტალიაში.
დივერსიული რაზმები ”თამარა I და II”. შედიოდნენ აბვერის შემადგენლობაში და მათ მოვალეობაში შედიოდა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ტერიტორიაზე აჯანყების მომზადება.
ქართველები მსახურობდნენ ასევე მე-11 ცალკეულ საინჟინრო-სამშენებლო ასეულშიც, რომელიც გასამხედროებულ ორგანიზაცია ტოდტა-ში შედიოდა. ქართველების ერთი ნაწილი კი მსახურობდა გენერალ ვლასოვის განმათავისუფლებელ რუსულ არმიაშიც. საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი ვლასოვმა, რომელიც ვოლხოვის ფრონტის მე-2 არმიის სარდალი იყო, 1942 წლის ივლისში მთელი არმია , 150 ათასზე მეტი ჯარისკაცი თავისი შტაბით და ოფიცრებით გადაიყვანა გერმანელების მხარეზე. ნაცისტებმა კარგად გამოიყენეს გენერალი ვლასოვი, მის მიერ გაწეული აგიტაცია-პროპაგანდისა და რჩევა-დარიგებების შედეგად ასეული ათასობით რუსი ჯარისკაცი გადადიოდა მოწინააღმდეგის მხარეზე.
რამდენიმე ქართულ ქვედანაყოფს ძალიან დიდი და სერიოზული საბრძოლო ისტორია ქონდა. მაგალითად ვერმახტში შემავალი 795-ე ქვეითი ბატალიონი შალვა მაღლაკელიძე. ის 1942 წელს იბრძოდა კავკასიაში. 4-11 დეკემბერს მათ უკუაგდეს საბჭოთა ქვედანაყოფების შემოტევა სვანეთთან ახლოს და აიღეს რამდენიმე ოსური სოფელი. 3 იანვრიდან 2000 კაციან დაჯგუფებას შალვა მაღლაკელიძის მეთაურობით დამოუკიდებლად მოუწია უკანდახევა. უკვე მიტოვებულ როსტოვში 795-ე რუსების ალყაში მოქცა, ალყის გარღვევისას დაიღუპა 20-ზე მეტი ქართველი, მათ ბრძოლით გაიკაფეს გზა აზოვის ზღვამდე, იქიდან კი გერმანელებმა გადაიყვანეს თვითმფრინავებით ყირიმში. შემდგომში ბატალიონი ებრძოდა პოლონელ პარტიზანებს.
1944 წელს 795-ე ბატალიონი გადაიყვანეს ”უტა ბიჩ”-ის ზონაში ნორმანდიაში. ის ერთადერთი ვერმახტის ქვედანაყოფი იყო მაგ სექტორის ოპერატიულ სიღრმეში. ბატალიონის შტაბი ერთ-ერთ დაბაში განლაგდა და გადაკეტა გზა Saint Mere Eglise-ზე. ნორმანდია-ნემანის სადესანტო ოპერაციის ოვერლორდის პირველივე დღეს 6 ივნისს, მოხდა შეტაკება ქართველებსა და აშშ-ს 82-ე ელიტარულ სადესანტო დივიზიის რაზმებს შორის. დაბა Beuzeville-Au-Plain-ის ციხესიმაგრეში ალყაშემორტყმული 795-ე ბატალიონის ერთ-ერთი რაზმი ბოლო კაცამდე ებრძოდა ამერიკლებს. ტყვედ არავინ არ ჩაბარებიათ.
7 ივნისს დილით 795-ე ბატალიონს შეუტია აშშ-ს არმიის მე-8 ქვეითი დივიზიის 3-მა ბატალიონმა და 70-ე სატანკო ბატალიონის 2-მა ასეულმა. ლეგიონერებმა შეტევა მოიგერიეს და ტყვედ აიყვანეს მე-4 დივიზიის შტაბის ოფიცრები, რომლებიც შეცდომით მიადგნენ ქართველების პოზიციებს.
მე-4 დივიზიის ერთერთმა ამერიკელმა ჯარისკაცმა იცოდა რუსული და რომ ნახა გერმანული ნაწილი არ იყო, აგიტაცია დაიწყო და ბატალიონს რუსებთან შუამდგომლობა შესთავაზა. ამ დროს ქართული ბატალიონის გერმანელი მეთაური დაიღუპა შეტაკებისას, შტაბის დაცვის ასეული კი დანებდა, სულ 174 კაცი.
დანარჩენმა ასეულებმა ერთხანს გაიბრძოლეს, მაგრამ ვერ შეძლეს ამერიკელების შეჩერება და ღამით დატოვეს პოზიციები. ბატალიონი დაიშალა. ნაწილი ჩრდილოეთით წავიდა, ნაწილი სამხრეთით. გადარჩენილი ქართველები შეუერთდნენ გერმანულ ნაწილებს და საბოლოოდ დანებდნენ შერბურის რაიონში სხვა გერმანულ ნაწილებთან ერთად.
1941 წლის ნოემბერში “ტამარა- I ” დივერსიული ჯგუფი საგანგებო დანიშნულების ბატალიონ “ბერგმანს” (მთიელი) დაუქვემდებარეს. ამ ბატალიონის პირველი, მეოთხე და მეხუთე ასეულები ქართველებისგან შედგებოდა.
1942 წლის სექტემბერში ბერგმანის 25 წევრი გადმოსხეს გროზნოს მახლობლად. მათი მიზანი ნავთობის ობიექტების ხელში ჩაგდება იყო. დივერსანტებმა ვერ შეასრულეს ამოცანა, რადგან გროზნოზე მათი შეტევა საბჭოთა ჯარებმა მოიგერიეს. მიუხედავად ამისა, ჯგუფმა მაინც შეძლო ფრონტის ხაზზე გადასვლა და თან ჩრდი-ლოკავკასიელი ხალხების წითელარმიელთა ერთი ნაწილის მოწინააღმდეგის მხარეზე გადაყვანა, რომლებმაც შემდეგ ეროვნული ბატალიონები შეავსეს. 1942 წლის სექტემბერში “ბერგმანის” მეომრები მოზდოკი-ნალჩიკი-მინერალური წყლების რაიონში, საბჭოთა პარტიზანებს ებრძოდნენ.
1942 წლის ბოლოს “ბერგმანი” სამბატალიონიან პოლკად გადაკეთდა, რომელშიც 2300 ჯარისკაცი და ოფიცერი იყო. კავკასიიდან გერმანული ჯარების უკან დახევისას ქართული ლეგიონები სპობდნენ სამრეწველო ობიექტებსა და არიერგარდულ ბრძოლებს მართავდნენ. მოგვიანებით მათი ერთი ნაწილი ყირიმში გადაისროლეს ანტიპარტიზანული საქმიანობისათვის.
1943 წლის 24 ოქტომბერს საბჭოთა ჯარებმა მელიტოპოლის ჩრდილოეთით მე-6 არმიის თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიეს და ნოღაის ველების გავლით დნეპრის ქვედაწელისაკენ დაეშვნენ. ამის გამო მე-17 გერმანული არმიის სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ე. ნეკემ მოამზადა თავისი არმიის პერეკოპის გავლით ყირიმიდან გასვლის გეგმა. ამ ოპერაციისთვის გერმანული დივიზიები, მათ შორის 153-ე დივიზია, რომელშიც ქართული ბატალიონი “ბერგმანი” შედიოდა, ნახევარკუნძულის ჩრდილოეთით გადაიყვანეს.
ქართველები სივაშის ყელის სამხრეთით, სოფელ ბესჩესნოესთან დააბანაკეს, მაგრამ 28 ოქტომბერს ჰიტლერმა გააუქმა ოპერაცია. ნოემბრის დასაწყისში საბჭოთა ჯარებმა დაიკავეს პერეკოპის ყელი და გადალახეს სივაში. 1-ელ ოქტომბერს ქართულმა ბატალიონმა “ბერგმანმა” სივაშის რაიონში საბჭოთა ჯარების მოგერიებისა და კონტრშეტევაზე გადასვლის ბრძანება მიიღო. ქართული კავალერიის ესკადრონის შეტევის შემდეგ, რომელსაც თავადი მ. დადიანი მეთაურობდა, სივაშის რაიონი საბჭოთა ჯარებისგან გაიწმინდა. მომდევნო ერთკვირიანი ბრძოლების დროს ქართული შენაერთი გერმანულ ნაწილებთან ერთად ცდილობდა, არ დაეშვა მოწინააღმდეგის ნახევარკუნძულზე შეჭრა. ამ ბრძოლების შემდეგ გენერალ-ფელდმარშალმა ე. ფონ კლაისტმა წერილობითი მადლობა გამოუცხადა ქართული ბატალიონის “ბერგმანის” მეთაურს ობერ-ლეიტენანტ ე. ბრანდს.
1943 წლის დასასრულს ყირიმიდან ევაკუირებულ იქნა გერმანული სამხედრო შენაერთები, მათ შორის ბატალიონი “ბერგმანი” და სხვა ქართველი ლეგიონები: საველე ბატალიონი 1/9 და სამთო-მსროლელი ბატალიონი 11/4, მომარაგების ორი ასეული და ორი სამშენებლო ასეული. ბატალიონი “ბერგმანი” გადაისროლეს საბერძნეთში, დანარჩენები კი საფრანგეთში.
1943 წელსვე ჰიტლერმა ყველა “აღმოსავლური ლეგიონის”, რომლებიც საბჭოთა კავშირის ხალხებისაგან შედგებოდა, განიარაღება და მათი პირადი შემადგენლობის სამუშაო ძალად გამოყენება გადაწყვიტა. ქართულ ნაციონალურ კომიტეტს უბრძანეს, საჩქაროდ გადასულიყვნენ საფრანგეთში, ქალაქ კონფლანში. სსრკ-ის ტერიტორიაზე მყოფი ქართული ბატალიონები ნორმანდიასა და ბრეტანში გადაისროლეს, რამაც ქართველი ლეგიონერების ისეთი უკმაყოფილება გამოიწვია, რომ საქმე შეტაკებამდეც მივიდა. ლიტვაში დისლოცირებულ ქართულ შენაერთებში დაიწყო მასობრივი დეზერტირობა. ქართველები ლიტველ “ტყის ძმებს” _ პარტიზანებს უერთდებოდნენ, რომლებიც ფაშისტებს ებრძოდნენ, ხოლო გერმანელების ლიტვიდან გასვლისა და რუსების შემოსვლის შემდეგ წითელ არმიასთან გააგრძელეს ბრძოლა.
არსებობს ცნობები II/198 ქვეითი ბატალიონის მოქმედებებზეც. ოპერაცია “ციტადელის” დაწყებისას, ივლისის პირველ დღეებში, 198-ე დივიზიის ქართული ბატალიონი გააერთიანეს მე-4 სატანკო არმიის მე-3 სატანკო კორპუსში, რომელიც ბელგოროდიდან კურსკის მიმართულებით იგერიებდა ორიოლიდან მე-9 არმიის შეტევას. ქართული ლეგიონის მეთაური კაპიტანი ფონ მიულერი სარდლობას მოახსენებდა, რომ “ქართველმა ლეგიონერებმა თავი გამოიჩინეს ქუჩების პატრულირების დროს, ხიდების დაცვისას და პოზიციების მშენებლობისას გამართულ ბრძოლებში”. შემოდგომისთვის მე-4 სატანკო არმიაში შემავალ ქვეითთა დივიზიის ამოცანა ქალაქ ხარკოვის აღმოსავლეთით განლაგებული, საკომუნიკაციო სისტემების დაცვა და შენარჩუნება იყო. 1943 წლის აგვისტოში ფრონტის ხაზზე მყოფი ლეგიონერები ქართული შენაერთების მეთაურმა პოლკოვნიკმა შალვა მაღლაკელიძემ მოინახულა. საბჭოთა ჯარების კონტრშეტევაზე გადასვლის შემდეგ, 198-ე დივიზიის ქართველი ლეგიონერები ხარკოვის მისადგომებთან იბრძოდნენ, ვერმახტის ჯარების უკან დახევისას კი 1943 წელს დაცვით სამსახურს ეწეოდნენ კრემენჩუგისა და კიროვოგრადის რაიონებში.
შემდეგ ეს ბატალიონი გადაისროლეს ჩრდილოეთ იტალიაში, ფიორნო ავოიტრში, ისინი იქ 1945 წლამდე ებრძოდნენ პარტიზანებს. 2000 კაციან გაძლიერებულ ბატალიონს მეთაურობდა მარიამ კერესელიძე, ჟორდანიას მთავრობის წევრის ლეო კერესელიძის ქალიშვილი. ბატალიონში შიდა განაწესი ემყარებოდა ბატონყმობას, ყველა ძირითად ტანამდებობაზე აზნაურები და თავადები იყვნენ დანიშნული. ომის დამთავრების შემდეგ ისინი ნელ ნელა ჩამოვიდნენ და ტყვედ ჩაბარდნენ იქ მდგარ ინგლისურ ნაწილებს.
თუმცა ყველა ქართულ შენაერთს არ გამოუჩენია ლოიალობა მესამე რაიხის ხელმძღვანელობისადმი, დაფიქსირდა ქართველთა აჯანყებებიც და საბჭოელთა მხარეს გადასვლაც.
ამათგან ყველაზე ცნობილი მოვლენაა ტექსელის აჯანყება, ის ქრონოლოგიურად იყო მეორე მსოფლიო ომის ევროპული ფრონტის ბოლო ეპიზოდი და ამიტომ ხშირად ევროპის უკანასკნელ ბრძოლადაც მოიხსენიებენ. ვერმახტის 822-ე ქართული ბატალიონი, რომელიც თამარ მეფის სახელს ატარებდა 1943 წლის ივნისში პოლონეთში ჩამოყალიბდა, ტყვედ ჩავარდნილი და “ქართული ლეგიონის” რიგებში მიღებული ქართველი ეროვნების საბჭოთა ჯარისკაცებისაგან. 1945 წლის თებერვლისთვის, როდესაც გერმანულმა სარდლობამ ბატალიონი ტექსელზე განათავსა, იგი 800-მდე ქართველსა და 400-მდე გერმანელს, ძირითადად ოფიცრებს, ითვლიდა. აჯანყება 1945 წლის 5 აპრილის ღამეს დაიწყო ქართველი ჯარისკაცების თავდასხმით გერმანელ ოფიცრებზე. მალე თითქმის მთელი კუნძული ამბოხებულების ხელში აღმოჩნდა, მაგრამ მოკავშირეთა დესანტის გადასხმა დაგვიანდა. გერმანელთა დამატებითმა ძალებმა აჯანყება ჩაახშეს. მძიმე ბრძოლებში 800 გერმანელი, 565 ქართველი და 117 ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა
1942 წლის ოქტომბერში ქართული ბატალიონი “პოლკ გეორგიენ ლეგიონ” სრული შემადგენლობით შეეცადა წითელარმიელთა მხარეს გადასვლას. 750 ქართველი ლეგიონერის საბჭოთა მხარეს გადასვლა დეტალურად იყო გათვლილი და კავკასიის ფრონტის 37-ე არმიის სარდლობასთან შეთანხმებული. ლეგიონერებმა განაცხადეს, რომ არ სურთ ებრძოლონ თანამოძმეებს და მზად არიან გერმანელების იარაღი მათვე დაუმიზნონ, მაგრამ რამდენიმე მოღალატემ გასცა მათი გეგმა და ოპერაცია ჩაიშალა. ამ ფაქტის შეფასებისას ერთმა ტყვე გერმანელმა ოფიცერმა განაცხადა: “გერმანელ ჯარისკაცებს ასეთი სამხედრო ფორმირებების იმედი არ აქვთ, მათ შექმნას ვერმახტის სამხედრო სისუსტეს მიაწერენ”.
მიუხედავად გერმანელი სარდლობის მტკიცებისა და პროპაგანდისა, რომ ლეგიონერებსა და სხვა შენაერთებს თანაბარი სტატუსი ჰქონდათ, სინამდვილეში მათ ხშირად საზარბაზნე ხორცად იყენებდნენ, მათ ფრონტის ყველაზე რთულ მონაკვეთზე გზავნიდნენ. უკან დახევისას კი ძირითადი ნაწილების ზურგის დაცვას აიძულებდნენ, აღმოსავლური ბატალიონების ალყაში მოხვედრისას კი არ ჩქარობდნენ მათ გამოხსნას. სწორედ ამიტომაც “აღმოსავლურ ლეგიონებში” სწრაფად დაეცა საბრძოლო სული და თავი იჩინა უიმედობამ, რასაც მოჰყვა დეზერტირობა.
პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე ქართული ლეგიონების სარდლობიდან გაათავისუფლეს და ბალტიისპირეთში გერმანულ ნაწილში გადაიყვანეს. 1944 წელს მისი დამსახურების აღსანიშნავად პოლკოვნიკს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს.
დღეისათვის ომიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ მათ საზოგადოების ნაწილი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ გმირებად მოიხსენიებს. მეორე ნაწილი კი უბრალოდ მოღალატეებად.
სიმართლე კი ისაა, რომ ისინი იბრძოდნენ იდეით, დამოუკიდებელი საქართველოსი, რომელიც ოკუპირებული ჰქონდა იმ საბჭოთა იმპერიას, რომელმაც დამოუკიდებელი საქართველო მსოფლიო რუკიდან გააქრო. კაცობრიობის წინაშე საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩადენილი დანაშაულები კი ნაცისტური რეჟიმისას რამდენჯერმე აღემატება.

შალვა მაღლაკელიძე და ქართველი ლეგიონერები  1942 წელი.
ქართული სს ის განმასხვავებელი ნიშანი
ქართული ლეგიონის” მებრძოლის ჟეტონი
ქართველი ლეგიონერები გერმანული 81 მმ იანი ნაღმსატყორცნით.

ყოველკვირეული ქართული გაზეთის ,, საქართველოს’’ ერთ-ერთი ნომერი.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑