სომხეთ-აზერბაიჯანის სარაკეტო ომი

2020 წლის 27 სექტემბერს ყარაბაღში დაწყებულმა სამხედრო კონფლიქტმა რამდენიმე დღეში საკმაოდ მასშტაბური ხასიათი მიიღო. 1992-1994 წლების ომის შედეგად დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად სამი მიმართულებიდან შეტევაზე გადასული  აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მოტომსროლელი, სატანკო და ქვეითი ქვედანაყოფების წინაღმდეგ თვითაღიარებული ყარაბაღის სამხედრო შენაერთები და სომხეთის არმიის ნაწილები გაერთიანებული ძალებით იბრძვიან.  საბრძოლო მოქმედებებმა მოიცვა როგორც ტაქტიკური ისე ოპერატიული სიღრმეები, ორივე მხრიდან ჩართულია ჯარების თითქმის ყველა გვარეობა და შეიარაღებაში მყოფი ყველა ტიპის სამხედრო ტექნიკა.
  ომის პირველი დღეებიდანვე აზერბაიჯანული მხრიდან დამრტყმელი და კამიკაძე დრონების აქტიური გამოყენების ფონზე, როგორც სომხური ისევე აზერბაიჯანული მხრიდან  შეტევაში და თავდაცვაში მყოფ ძალებს აქტიურ მხარდაჭერას უკეთებენ საარტილერიო დანაყოფები, მათ შორის შორსმსროლელი მსხვილკალიბრიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიც.   ოპერატიულ სიღრმეებში არსებულ ცალკეული ობიექტებზე დარტყმისთვის კი ორივე მხრიდან აქტიურად გამოიყენება ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსები, რომლებმაც  სამხედროებზე ბევრად მეტი მშვიდობიანი მისახლეობის სიცოცხლე შეიწირა.   სარაკეტო დარტყმების ზონა გასცდა ყარაბაღის ფარგლებს,  სომხური ბალისტიკური რაკეტები ჩამოვარდა აზერბაიჯანის ისეთ ტერიტორიებზე როგორიცაა ქალაქები მინგეჩაური, განჯა, ტერტერი და ბეილაგანი, ასევე ღრმა ზურგში ბაქოსთან მდებარე  ხიზის და აფშერონის რაიონებში. განსაკუთრებით აქტიური დარტყმები ქალაქ განჯაზე განხორციელდა სადაც  6, 8, 11 და 17 ოქტომბერს ბალისტიკური რაკეტები პირდაპირ ქალაქის საცხოვრებელ რაიონებში ჩამოვარდა.

სომხური არმიის ბალისტიკური რაკეტებისა დარტყმების მიმართულებები ომის მსვლელობისას


ზემოთაღნიშნული ორივე სახეობის შეიარაღების სხვადასხვა ეგზემპლიარები ორივე ქვეყნის შეიარაღებაში ბოლო 20 წლის განმავლობაში საკმაოდ დიდი რაოდენობით დაგროვდა.
ომამდე ამ სარაკეტო ხელკეტებს მხარეები ერთგვარ პოლიტიკური ზეწოლის იარაღადაც იყენებდნენ მითუმეტეს, რომ როგორც სომხეთი, ისე აზერბაიჯანი ტაქტიკური რაკეტებით სრულად ფარავენ ერთმანეთის ტერიტორიებს, რაც მოწინააღმდეგის სამხედრო-ეკონომიკურ ცენტრებზე და დედაქალაქებზე სარაკეტო დარტყმის ტექნიკურ საშუალებას იძლევა.
 სომხეთის არმიის შეიარაღებაში ომის დაწყებამდე რამდენიმე ტიპის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი ირიცხებოდა მათ შორის ყველაზე ანგარიშგასაწევ ძალად  4 ერთეული შედარებით თანამედროვე რუსული 9К720Э Искандер-Э ითვლება. ოფიციალური ინფორმაციით სომხეთის კუთვნილი „ისკანდერები“ 9М723Э ტიპის საექსპორტო მოდიფიკაციის რაკეტებითაა დაკომპლექტებული, რომელიც მხოლოდ 280 კმ-მდე რადიუსზე მოქმედებს, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდებიც, რომ რუსეთმა სომხეთს 9М723-1 ტიპის რაკეტებიც გადასცა, რომლის მოქმედების რადიუსიც უკვე 480 კმ-ია, რითაც სომხეთის სარაკეტო ქვედანაყოფები უკვე მთელს კავკასიის რეგიონს ფარავენ. „ისკანდერის“ საბრძოლო ნაწილი კასეტური ან უნიტარული ტიპისაა და რუსული ჩამორჩენილი ტექნოლოგიების კვალობაზე შედარებით მაღალი სიზუსტით გამოირჩევა.
თუმცა ბოლო დღეებამდე სომხეთის მხრიდან „ისკანდერის“ გამოყენების ფაქტები არ დაფიქსირებულა

9К720Э Искандер-Э ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები ერევანში გამართულ  აღლუმზე.

გარდა ამისა სომხეთის შეიარაღებაში  ბოლო 20 წელზე მეტია ირიცხება 8 ერთეული მოძველებული საბჭოთა წარმოების ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი 9К72 Эльбрус,  დასავლური კლასიფიკაციით SS-1C  Scud B,  რომელიც ერევანში გამართულ აღლუმზეც არაერთხელ გამოჩენილა. თხევადსაწვავიანი რაკეტით აღჭურვილი საბჭოთა  „სკადი“ რეალურ საფრთხეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის თუ წარმოადგენს, რადგანაც უკიდურესად მოძველებული ინერციული დამიზნების სისტემის გამო რაკეტა ხშირ შემთხვევაში სამიზნეს 2-3 კმ-ით ცდება, თუმცა რაკეტის  990 კგ-იან ქობინს საკმაოდ დიდი დამანგრეველი ძალა აქვს, რაც ქალაქ განჯაში საცხოვრებელ  უბანში ჩამოვარდნამაც დაადასტურა. საპასუხოდ 4 ერთეულამდე „სკადი“ აზერბაიჯანულმა კამიკაძე დრონებმა პირდაპირ საბრძოლო პოზიციებზე გაანადგურე

სომხური არმიის კუთვნილი 9К72  „Эльбрус“

სომხეთის შეიარაღებაშია ასევე საბჭოთა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი
9К79-1 Точка-У-ს 4 ერთეული გამშვები მანქანა, რომლიდან გაშვებული 9М79 ტიპის ბალისტიკური რაკეტაც 120 კმ-მდე  მიფრინავს. რაკეტის საბრძოლო ქობინი 482 კგ-ს იწონის და კასეტური, მსხვრევად-ფუგასური ან ბირთვული ტიპისაა. ამ შემთხვევაში სომხური მხარე ძირთადად 9М79К ტიპის კასეტურ რაკეტებს იყენებს, რომელიც სამიზნის თავზე იხსნება და გაფანტური კასეტური ელემენტები 7 ჰექტარამდე ფართობზე იშლებიან. სავარაუდოა, რომ რუსეთმა Точка-У ტიპის სისტემების ეტაპობრივად შეიარაღებიდან მოხსნის და Искандер-ით ჩანაცვლების შემდეგ, სომხეთის არმიას საკმაოდ დიდი რაოდენობის „ტოჩკას“ რაკეტები უსასყიდლოდ გადასცა.

სომხეთის არმიის კუთვნილი 9К79-1 Точка-У და მისგან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა 9М79К კასეტური საბრძოლო ნაწილით, რომელიც სავარაუდოდ გაუმართაობის გამო მიზანთან მიფრენამდე ჩამოვარდა.

რაც შეეხებაშორსმსროლელ მსხვილკალიბრიან რეაქტიულ არტილერიას,სომხური არმიის განკარგულებაში ომის დაწყებამდე დადასტურებულად ორი ტიპის სისტემა იყო, ჩინური წარმოების 8 ერთეულამდე WM-80 და რუსული წარმოების  12 ერთეულამდე 9К58  Смерч. დაუდასტურებელი ინფორმაციით სომხეთმა გასულ წლებში ჩინეთისგან 6 ერთეული  AR1A  ტიპის რეაქტიული სისტემაც შეისყიდა, თუმცა დღემდე ღია წყაროებში არსად დაფიქსირებულა.
 WM-80  სომხეთის არმიას 1999 წლიდან ჰყავს. ჩინური წარმოების სისტემა 273 მმ კალიბრიან რაკეტებს იყენებს, რომელთა სროლის მაქსიმალური მანძილი 80 კმ-ია. 505 კგ მასის უმართავ რაკეტას 150 კგ მასის საბრძოლო ქობინი აქვს, ერთ გამშვებ მანქანაზე 4 რაკეტიანი ორი ცალი ერთჯერადი პაკეტი მაგრდება. სისტემების მიერ რაიმე ტიპის მიზნების განადგურებაზე ინფორმაცია ბოლო დღეების მდგომარეობით არ მოიპოვება. თუმცა  აზერბაიჯანული მხარის მიერ ინტერნეტში გავრცელებული ვიდეოს მიხედვით ორი ერთეული WM-80   კამიკაძე დრონმა სამარშო მდგომარეობაში გაანადგურა.

WM-80  ტიპის რეაქტიული სისტემები ერევანში გამართულ აღლუმზე.

რუსული წარმოების 300 მმ კალიბრიანი 9К58  Смерч-ის ტიპის რეაქტიული სისტემები სომხეთის არმიის საარტილერიო დანაყოფების მთავარ დამრტყმელ ძალად მოიაზრება.   სისტემა ანალოგებთან შედარებით მაღალი დამანგრეველი ძალით გამოირჩევა და დიდ ფართობზე გაშლილი მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის გასანადგურებლადაა განკუთვნილი.  სომხური არმია სმერჩებს კონფლიქტის დაწყების დღიდან აქტიურად იყენებს და აღსანიშნავია, რომ სომხეთის შეიარაღებაში გამოჩნდა შედარებით ახალი ტიპის 9M525 ტიპის კასეტური რაკეტებიც, რომელთა სროლის მაქსიმალური მანძილიც სტანდარტული  70 -ის ნაცვლად უკვე 90 კმ-ია.

სომხური არმიის 9К58  Смерч
სომხური „სმერჩიდან“ ნასროლი 9M525 ტიპის კასეტური რაკეტა მსხვრევადი ელემენტებით. რაკეტა გაუმართაობის გამო დროზე ადრე ჩამოვარდა

  ამის ფონზე არანაკლებ სერიოზულად გამოიყურება აზერბაიჯანის არმიის სარაკეტო ხელკეტი, ოფიციალური ბაქოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში თავდაცვის სფეროზე დახარჯული რამდენიმე ათეული მილიარდი დოლარი პირველ რიგში შეიარაღებაზე აისახა.  მათ შორისაა  სწორედ მსხვილკალიბრიანი რეაქტიული არტილერიის და ტაქტიკური ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსების ნიმუშებიც, რომელთა ბატარეებიც ომის დაწყების დღიდან ფაქტიურად გაუჩერებლად მუშაობენ, რამაც აზერბაიჯანულ სამანევრო -შემტევ ნაწილებს დიდი მხარდაჭერა გაუწია.
  არსებული მდგომარეობით აზერბაიჯანის სარაკეტო ქვედანაყოფების ყველაზე შორსმსროლელ საშუალებად  ისრაელის წარმოების ზუსტი დამიზნების კვაზიბალისტიკური რაკეტა LORA (LOng-Range Artillery Missile)  ითვლება. სპეციალურად აზერბაიჯანისთვის განკუთვნილი, ბელორუსიული МЗКТ-652720-ის ტიპის სატვირთოზე აგებული რამდენიმე ერთეული გამშვები მანქანა და 50 ერთეულზე მეტი რაკეტა აზერბაიჯანს კომპანია Israel Aircraft Industries-მა 2018  წელს მიაწოდა.  
1,7 ტონა მასის რაკეტის დიამეტრი  610 მმ ია, სიგრძე 5 მეტრი, საბრძოლო ქობინი 240 და 400 კგ-იანი მსხვრევად ფუგასური ან 600 კგ-იანი ბეტონგამტანია. საექსპორტო მოდიფიკაციაში რაკეტის ფრენის მანძილი 300 კმ-ით შემოიფარგლება, დამიზნების სისტემა კომბინირებული GPS/INS  რომელიც 10 მეტრის საშუალო სიზუსტეს უზრუნველყოფს.
  რაკეტის პირველი საბრძოლო გამოყენება 2 ოქტომბერს დაფიქსირდა, როდესაც სომხეთ-ყარაბაღის დამაკავშირებელ ერთ-ერთ გზაზე, მდინარე აკერაზე გადებული ხიდის დასანგრევად  LORA ესროლეს, თუმცა რაკეტის დაცემამ ხიდი მხოლოდ ნაწილობრივ დააზიანა.  გარდა ამისა გავრცელდა ბოლომდე დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ სომხური არმიის რამდენიმე ერთეული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი C-300 ის გამშვები მანქანა სწორედ LORA-ს გამოყენებით იქნა განადგურებული.

LORA-ს 4 რაკეტიანი გამშვები მანქანა ბაქოში გამართულ აღლუმზე
მარჯვნივ LORA-ს მოხვედრის შედეგი ხიდზე

ამას გარდა აზერბაიჯანის სახმელეთო ჯარების შეაირაღებაში რამდენიმე ერთეული საბჭოთა წარმოების 9К79-1 Точка-У ირიცხება, თუმცა კონფლიქტის პირველ კვირებში სისტემის გამოყენება აზერბაიჯანული მხრიდან ფოტო-ვიდეო მასალით ჯერ-ჯერობით არ დასტურდება.

აზერბაიჯანული „ტოჩკა“ ბაქოში გამართულ აღლუმზე

შორსმსროლელი რეაქტიული სისტემები აზერბაიჯანის სახმელეთო ჯარებში საკმაოდ მრავალფეროვანია. მათ შორისაა როგორც სტანდარტული უმართავი რაკეტებით ასევე ზუსტი დამიზნების კორექტირები რაკეტებით აღჭურვილი სისტემები.  მათ შორის ამ ეტაპზე ყველაზე შორსმსროლელია ბელორუსიულ-ჩინური წარმოების სისტემა Полонез, რომლის რამდენიმე ერთეულიც აზერბაიჯანმა 2018 წელს შეისყიდა.  МЗКТ-7930 ტიპის ბელორუსიულ მაღალი გამავლობის საარმიო სატვირთოზე აგებულ გამშვებ მანქანაზე  8 ერთეული 301 მმ კალიბრიანი ჩინური წარმოების A-200 ტიპის რაკეტაა მოთავსებული, რომელთა სროლის მაქსიმალური მანძილი  200 კმ-ია. 750 კგ მასის მქონე რაკეტა აღჭურვილია 100-150 კგ-იანი სამი სხვადასხვა ტიპის ქობინით. მწარმოებლის ინფორმაციით GPS ის და ინერციული დამიზნების სისტემების კომბინირებითრაკეტის საშუალო სიზუსტე 30 მეტრია. მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის  პრეზიდენტის განცხადებით „პოლონეზის“ სისტემებით აზერბაიჯანულმა მხარემ რამდენჯერმე დაარტყა ქალაქ სტეფანაკერტს.

აზერბაიჯანული Полонез-ები.

არანაკლებ მრისხანე შეიარაღების სისტემას წარმოადგენს ისრალის წარმოების მულტიკალიბრული ზალპური ცეცხლის სისტემა  LYNX, რომელთა შესყიდვა აზერბაიჯანულმა მხარემ ისრაელიდან 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ დაიწყო სადაც ებრაული წარმოების Grad-Lar ის სისტემებმა მაღალი
ეფექტურობით იმუშავეს.  LYNX-ის  საშუალებით აზერბაიჯანელ არტილერისტებს 306 მმ კალიბრიანი EXTRA-ს ტიპის ზუსტი დამიზნების რაკეტის სროლა 150 კმ-მდე მანძილზე შეუძლიათ,  რაც ფაქტიურად აღემატება ზოგიერთი ტიპის ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსების სამუშაო მანძილსაც. EXTRA-ს ტიპის რაკეტების გამოყენების ფაქტი ომის მსვლელობისას რამდენჯერმე იქნა დაფიქსირებული, მათ შორის იყო რაკეტების მტყუნების ფაქტებიც, როცა რაკეტები მიზანთან მიფრენამდე ჩამოვარდა.  450 კგ საერთო მასის EXTRA-ს 
120 კგ-იანი უნიტარული ან კასეტური ქობინი აქვს რომელშიც 400 ერთეული მსხვრევად-კუმულაციური ელემენტია მოთავსებული. მიზანზე მოხვედრის სიზუსტის საშუალო მაჩვენებელი 10 მეტრია რაც GPS/INS დამიზნების სისტემით მიიღწევა.

აზერბაიჯანული LYNX  საბრძოლო პოზიციაზე.

აზერბაიჯანის შეიარაღებაში ასევე არის თურქული კომპანია ROKETSAN-ის წარმოების 20 ერთეულამდე მსხვილკალიბრიანი რეაქტიული სისტემა T-300 Kasirga, რომელიც TRG-300 ტიპის 300 მმ-იან რაკეტებს მაქსიმალურ 120 კმ-მდე მაღალი სიზუსტით ისვრის. რაკეტას 105 კგ მასის მქონე შრაპნელური  ელემენტებით აღჭურვილი მსხვრევად-ფუგასური მუხტი აქვს. 

აზერბაიჯანის T-300 Kasirga საბრძოლო პოზიციაზე

სომხური არმიის მსგავსად რუსული წარმოების 9К58  Смерч-ები აზერბაიჯანის არმიასაც გააჩნია, თუმცა გაცილებით უფრო დიდი რაოდენობით. სხვადასხვა წლებში უკრაინასა და რუსეთში შესყიდული სმერჩების ზუსტი რაოდენობა უცნობია, თუმცა მათი რაოდენობა 20 დან 30 ერთეულამდე უნდა მერყეობდეს. საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან აზერბაიჯანელი არტილერისტების მიერ სმერჩების გამოყენება თითქმის ყოველდღიურად ხდება.

აზერბაიჯანული „სმერჩები“ საველე პოზიციაზე

როგორ განვითარდება  ჩვენს სამხრეთელ მეზობლებს შორის გაჩაღებული  „ბალისტიკური  დუელი“  უახლოეს დღეები გვიჩვენებს,  მანამდე კი  ისღა დაგვრჩენია,  რომ კავკასიის რეგიონისთვის სრულიად ახალი  ტიპის, თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებული  საბრძოლო მოქმედებებიდან დეტალური ანალიზი გავაკეთოთ და შესაბამისი დასკვნებიც  გამოვიტანოთ.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑