ბოლო წლების განმავლობაში შეერთებულ შტატებში თავდაცვით სისტემებზე მომუშავე რამდენიმე ათეული სხვადასხვა კომპანია პენტაგონის დაკვეთით აშშ-ის არმიისთვის აქტიურად ამუშავებს მომავალის ჯარისკაცის აღჭურვილობაში შემავალ სხვადასხვა კომპონენტს. პროგრამა Future Soldier 2030 Initiative, 2009 წელს დაიწყო და ეტაპობრივად ითვალისწინებს მომავლის ომებისთვის ადაპტირებული ჯარისკაცის ინდივიდუალური ეკიპირების ელემენტების, შეიარაღების და ჯავშანდაცვის სისტემების შემუშავებას.

სწორედ აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2020 წლის ოქტომბერში ვირჯინიის შტატში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის ფორტ-პიკეტის სამხედრო ბაზაზე, 82-ე საჰაერო სადესანტო დივიიზისა და საზღვაო ქვეითთა კორპუსის 25-ე პოლკის შერეული საგამოცდო ჯგუფის მიერ ქვეითი მებრძოლის ვიზუალური დამატებების ინტეგრირებულ სისტემა IVAS-ის (Integrated Visual Augmentation System) გამოყენებით მასშტაბური საჩვენებელი სწავლება გაიმართა.

თავდაპირველად სამოქალაქო ბაზრისთვის გათვლილი შერეული რეალობის სათვალის HoloLens-ის ბაზაზე შემუშავებული სამხედრო დანიშნულების ეგრეთ წოდებული ჭკვიანი სათვალის პროტოტიპის დახვეწაზე 2018 წლიდან ერთობილავად მუშაობენ, კომპანია Microsoft-ის სპეციალისტები და ფორტ-ბენინის ბაზაზე განთავსებული, აშშ-ს არმიის მომავლის მებრძოლის ლეტალურობის გაზრდის კონცეფციაზე მომუშავე ჯგუფი SL CFT, რომელსაც ბრიგადის გენერალი დევიდ ჰოდნი ხელმძღვანელობს. სისტემის 28 თვიანი საგამოცდო პროგრამის ბოლო მე-4 ეტაპის დასრულება 2021 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი, რის შემდეგაც უკვე სერიულ წარმოებაში ჩაეშვება და საბრძოლო ქვედანაყოფებს მიეწოდება.

IVAS-ის მებრძოლის საინფორმაციო უზრუნველყოფის ინტეგრირებული სისტემა გათვლილია მებრძოლის ჩაფხუტზე დასამაგრებლად და წარმოადგენს ოპტიკურ-ელექტრონული სენსორების და ეგრეთ წოდებული HUD-ის, სათვალე-დისფლეის ერთობლიობას რომელზე ბრძოლის ველზე ან სწავლების პროცესში ინდივიდუალური მებრძოლისთვის აუცილებელი ინფორმაცია ტექსტური, 2D ან 3D ვიზუალიზაციით აისახება. ინფორმაცია მებრძოლს ბრძოლის ველზე სიტუაციის შეფასებაში, ნავიგაციაში, უსაფრთხო გადაადგილებაში, საკუთარ ქვედანაყოფთან კოორდინირებულ მოქმედებაში, კომუნიკაციაში, მიზნის იდენტიფიცირებაში და ზუსტი ცეცხლის წარმოებაში ეხმარება. IVAS-ის სისტემაში ბრძოლის დაგეგმარებისთვის ჩატვირთულია ორ და სამ განზომილებიანი რუკები, რომელზეც უშუალოდ ოპერაციამდე მოინიშნება სამიზნის ადგილმდებარეობა, საკუთარი და მოწინააღმდეგის ძალების განლაგება, მანძილის და მიმართულების აღნიშვნები.

კიდევ ერთი დამატებითი ფუნქცია სამიზნის სწრაფი იდენტიფიკაციის და მიზანში ამოღების პრინციპია, ინდივიდუალურ ავტომატურ შაშხანაზე დამაგრებული ციფრული სამიზნე მოწყობილობა სათვალესთან ბლუთუზითაა დაკავშირებული, ღია ან მოფარებული პოზიციიდან დამიზნებისას სამიზნეში მიღებული გამოსახულება უსწრაფესად აისახება სათვალის დისფლეიზე და აისახება ქვედანაყოფის მართვის ერთიან ქსელშიც, შედეგად ერთეული მებრძოლის მიერ დანახული სამიზნის დანახვა მთელს ქვედანაყოფს შეუძლია.
სამომავლოდ დაგეგმილია, რომ IVAS-ს ის სისტემას დაემატოს სახის ამოცნობის ფუნქცია, სამოქალაქოს სამხედრო პირისგან გარჩევის და უცხოენოვანი ტექსტების ინგლისურად თარგმნის ფუნქციაც. საგამოცდო პროცესში სადემონსტაციო ქვედანაყოფის აღჭურვილობაში მყოფი IVAS-ის ქსელის მართვა იქვე მყოფი მაღალი გამავლობის კვადროციკლზე დამონტაჟებული მართვის სისტემიდან მიმდინარეობდა, პერსპექტივაში კი ამის გაკეთება თანამგზავრული კავშირგაბმულობის საშუალებით პლანეტის ნებისმიერი წეტილიდან იქნება შესაძლებელი.

ამ ყოველივეს შედეგად ბრძოლის პროცესი ერთგვარ კომპიუტერულ თამაშს ემსგავსება სადაც IVAS-ით აჭრურვილ მებრძოლს მოწინააღმდეგესთან შედარებით დიდი ტექნიკური უპირატესობა ეძლევა. ეს რათქმაუნდა თავის მხრივ გავლენას იქონიებს მომავლის ომებში სამანევრო ოპერაციების დაგეგმარების პრინციპებსა და ზოგადად ქვეითი ქვედანაყოფების ჩამოყალიბების და საბრძოლო მომზადების დოქტრინებზეც.


Leave a comment