კასეტური 155 მმ ჭურვი SMART 155

გერმანული SMART 155 ტიპის კასეტური ჭურვი SMART 155 გათვლილია სხვადასხვა ტიპის ჯავშანმანქანების გასანადგურებლად.

ჭურვში მოთავსებულია ორი ცალი სენსორ-დეტონირებადი კასეტური ელემენტი DM 1489/DM 1490 GR EFP SF, რომლის საბრძოლო ნაწილი დარტყმითი ბირთვის (EFP) პრინციპზე მუშაობს. ელემენტი ჭურვიდან გამოგდების შემდეგ სამიზნის თავზე პატარა პარაშუტით ეშვება. დამიზნება მილიმეტრული რადარის და ინფრაწითელი IR სენსორის კომბინირებული მუშაობით ხდება. დაშვებისას სუბელემენტი ტრიალებს, სენსორები 30 000 მ2-მდე ფართობზე ეძებენ საბრძოლო ტექნიკას და აღმოჩენიდან რამდენიმე წამში ელემენტი დეტონირდება.

რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლეზე დეტონაციისას წარმოქმნილი ჯავშანგამტანი სხეული საბრძოლო მანქანას ზედა პროექციიდან ხვრეტს. თავის მხრივ მუხტი დაკომპლექტებულია ტანტალის ჯავშანგამტანი დისკოთი, რომელიც 100-120 მმ გარანტირებულ ჯავშანგამტანობას უზრუნველჰყოფს.

ჭურვზე სამი ტიპის ტაიმერიანი ამფეთქი გამოიყენება: გერმანული DM52, DM52A2 და ამერიკული M762A1.

SMART 155 ზოგადად უფრო ტანკების გასანადგურებლადაა შექმნილი, თუმცა სხვა ტექნიკაზეც ჩვეულებრივ მუშაობს.

ჭურვი გერმანიის შძ-მა 2000 წელს მიიღო შეირაღებაზე DM 702 ინდექსით.

155 მმ-იანი 52 კალიბრი სიგრძის ლულის მქონე ჰაუბიცას ამ ჭურვის გასროლა 27,5 კმ-ზე შეუძლია, სავარაუდოდ ჭურვები გერმანიამ PzH 2000 ტიპის თვითმავალ ჰაუბიცებთან ერთად მიაწოდა უკრაინას.

SMART 155 მუშაობის პრინციპით პირდაპირი ანალოგია შვედური BONUS ის ტიპის ჭურვის.

ტტმ:

ჭურვის მასა – 47,3 კგ

ჭურვის სიგრძე – 898 მმ

სროლის მაქს. მანძილი – 27,5 კმ

სუბელემენტების რაოდენობა – 2

სუბელემენტის ტიპი – DM 1489/DM 1490

სუბელემენტის მასა – 18,5 კგ

სუბელემენტის დიამეტრი – 140-150 მმ

სუბელემენტის სიგრძე – 200 მმ

ჯავშანგამტანობა – 100-120 მმ

P.S. ამ ტიპის ჭურვების რეალურ საბრძოლო ეფექტურობაზე წლებია სხვადასხვა აზრები გამოითქმის. კერძოდ კამათის საგანია, რამდენად ეფექტურია სუბელემენტების ინფრაწითელი სენსორები და მასიური გამოყენებისას დეტონირებული ელემენტების რამდენი % მოხვდება მიზანს.

თავის დროზე SMART 155 იც და BONUS იც სპეციალურად რუსული ტანკების წინააღმდეგ შეიქმნა, თუმცა ამ დრომდე რეალური გამოყენება არ მომხდარა.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑