ძალიან მოკლედ მოგიყვებით რუსული პროპაგანდის მიერ ზედმეტად გაფეტიშებული რუსული რაკეტა Кинжал-ის შესახებ, რომელიც რეალურ საბრძოლო პირობებში 18-19 მარტს პირველად გამოიყენეს უკრაინაში მიმდინარე ომში, უკრაინის შ/ძ-ის მიწისქვეშა საწყობებზე დარტყმისთვის.

საჰაერო ბაზირების აერობალისტიკური ჰიპერბგერითი რაკეტა Кинжал (რაკეტა 9-C-7760 / კომპლექსი 9-А-7660 /Х-47М2)- ის კონცეპტუალური პროექტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან არსებობს, თუმცა მასზე აქტიური მუშაობა 2010 წლიდან იწყება, გამოცდების გავლის შემდეგ კი 2018 წელს რუსეთის საჰაერო ძალებმა შეიარაღებაში მიიღო.
ზოგადად ასეთი ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტის წარმოების და შეიარაღებაში მიღების უმთავრესი მაინიცირებელი ფაქტორი NATO-ს ბლოკში რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მკვეთრი ტექნოლოგიური განვითარება იყო, რომელში შემავალ სარაკეტო კომპლექსებს (SM-3, THAAD, Patriot PAC-3) რუსული სახმელეთო გაშვების ჩვეულებრივი ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდების დიდი პოტენციალი გააჩნიათ.
შედეგად რუსეთის შეირაღებულ ძალებშიც, მსგავსად სხვა ქვეყნებისა დაინიცირდა რამდენიმე სახეობის ჰიპერბგერითი სისტემის შეირაღებაში მიღების პროექტი, რომელთა პირდაპირი დანიშნულება მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო ფარის გადალახვა და ოპერატიულ-სტრატეგიულ სიღრმეებში მაღალი ღირებულების სამიზნეების განადგურებაა.
ზოგადად რაკეტა ან საფრენი აპარატი ჰიპერბგერითად ითვლება თუ ატმოსფეროს მკვრივ ფენებში მისი სიჩქარე 5 M/მახი და მეტია ფრენის ტრაექტორიის ნახევარზე მაინც.
1 მახი = 1234 კმ/სთ.
5 მახი = 6174 კმ/სთ.
ამასთან ერთად რაკეტა/საფრენი აპარატი ჰიპერბგერითი სიჩქარით მკვეთრად უნდა მანევრირებდეს, რაც დღეს არსებული ტექნოლოგიებით თითქმის მიუღწეველია.
როგორია “კინჟალის” მანევრულობის მახასიათებლები ბოლომდე ცნობილი არაა. მხოლოდ ჰიპერბგერით სიჩქარეს კი ბალისტიკური რაკეტების უმეტესობა პიკირებისას ისედაც ანვითარებს.
კონკრეტულად აერობალისტიკური რაკეტა Кинжал ტექნოლოგიურად სხვა არაფერია თუ არა კარგად ცნობილი ბალისტიკური სარაკეტო კომპლექსი Искандер-ის 9M723 ტიპის რაკეტის საავიაციო ვარიანტი, ოდნავ განსხვავებული გეომეტრიული კონფიგურაციით, მაღალი სიჩქარით და ფრენის ორჯერ მეტი მანძილით.
Кинжал ის გაშვება გათვლილია საჰაერო ხომალდიდან ნაცვლად ხმელეთისა, რა დროსაც მას არ უწევს დედამიწის მიზიდულობის ძალის დაძლევა და ძრავის რესურსი დიდწილად საწყისი სიჩქარის აკრეფას არ ხმარდება.
შედეგად ძირითადი სხვაობა მდგომარეობს რაკეტების სიჩქარეებში:
Кинжал 9-C-7760 – მაქს. სიჩქარე – 14688 კმ/სთ / 4080 მ/წმ / 12 M (მახი)
Искандер-M 9M723 – მაქს. სიჩქარე – 7560-9360 კმ/სთ / 2100-2600 მ/წმ. /6-7,5 M (მახი)
ორივე რაკეტა გაშვების შემდეგ მაქსიმალურ 50 კმ (Кинжал) და 100 კმ-მდე (Искандер) სიმაღლეებზე ადიან და იწყებენ რაკეტსაწინააღმდეგო მანევრებს ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ სიბრტყეებში.
დაახლოებით 20 კმ ის სიმაღლეზე რაკეტები მაქსიმალურ სიჩქარეებს აღწევენ რა დროსაც ყველაზე მეტად მოუხელთებელია რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის. ამ დროს რაკეტის კორპუსი 1000°C მდე ცხელდება, რისთვისაც მისი კორპუსის დეტალები ფოლადის, ვოლფრამის, ტიტანის და კობალტის კომბინაციებით მზადდება.
რაკეტის კორპუსის მოყვანილობაში გათვალისწინებულია დაბალი რადიოლოკაციური შემჩნევადობაც, პირდაპირი ამრეკლი ზედაპირის მცირე ფართობით.
Кинжал-ის გაშვება ამ ეტაპზე შესაძლებელია შემდეგი ტიპის თვითმფრინავებიდან:
– გამანადგურებელი МиГ-31К – შეუძლია გადაიტანოს 1 რაკეტა – საბრძოლო რადიუსი 2000 კმ.
– ტაქტიკური ბომბდამშენი Ту-22М3М — 4 რაკეტა – საბრძოლო რადიუსი 3000 კმ.
Кинжал-ის გაშვება სტრატოსფეროდან 12-15 კმ სიმაღლიდან, მზიდი ხომალდის მაღალი სიჩქარით ფრენის პირობებში ხდება, რაც რაკეტას საწყის სიჩქარეს ძრავის ჩართვამდე ანიჭებს.
ასეთ დროს რაკეტას აღარ უწევს გრავიტაციული და აეროდინამიკური დანაკარგების დაძლევა ატმოსფეროს მკვრივ ფენებში გავლისას.
გაშვების შემდეგ რაკეტის ფრენის მანძილი 1000 კმ-მდეა.
(სახმელეთო Искандер-M ის 9M723 მხოლოდ 500 კმ-ზე მიფრინავს)
Кинжал-ის საბრძოლო მუხტი Искандер-ის მსგავსად 480 კგ მასის ჩვეულებრივი ან ბირთვული/თერმობირთვული ტიპისაა.
გაშვების წინ პილოტს შეუძლია აირჩიოს ფუნქცია დეტონაცია მოხდეს 17-20 კტ ბირთვულის ან 150-300 კტ თერმობირთვულის კონფიგურაციით.
დამიზნება-ნავიგაციის სისტემა ორივე რაკეტაზე კომბინირებული
INS/ГЛОНАСС.
P.S. ზოგადად Кинжал-ების რაკეტების რაოდენობა რუსეთის საჰაერო ძალებში ძალიან მცირეა. სხვადასხვა გათვლებით მაქსიმუმ 100 რაკეტა გააჩნდეთ, მათი დიდი ნაწილი ბირთვული მუხტებით უნდა იყოს დაკომპლექტებული და შენახული მესამე მსოფლიო ომისთვის…
უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობები ძალიან დაბალია და მას არათუ “კინჟალის”, ჩვეულებრივი “ისკანდერის” ჩამოგდებაც არ შეუძლია. შესაბამისად ამ რაკეტის გამოყენება მხოლოდ და მხოლოდ მისი დემოსტრაციის მიზნით, ფსიქოლოგიური ეფექტის მისაღწევად მოხდა, რასაც თან დაერთო ძლიერი საინფორმაციო პროპაგანდა “კინჟალის” უანალოგობასთან დაკავშირებით.






Leave a comment