122 მმ ცეცხლგამჩენი რაკეტა МЗ-21/9М22С

უკრაინის წინააღმდეგო ომში რუსეთი აქტიურად იყენებს 122 მმ კალიბრის ცეცხლგამჩენ უმართავ რაკეტებს, რომლებსაც “გრადის” ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან ისვრიან უკრაინული ქალაქების და პოზიციების მიმართულებით. ვიზუალური მსგავსების გამო ხშირად თეთრი ფოსფორის შემცველი ჭურვები ჰგონიათ… თუმცა ეს რაკეტები სხვა მაღალ ტემპერატურაზე წვად ნივთიერებას იყენებენ.

122 მმ “გრადის” რეაქტიული სისტემის МЗ-21, იგივე 9М22С ტიპის ცეცხლგამჩენი რაკეტები.

რაკეტის ძრავის ნაკვეთური აღებულია სტანდარტული М-21ОФ ტიპის მსხვრევად-ფუგასური რაკეტიდან, საბრძოლო ქობინი 9Н510 კი კასეტური ტიპისაა და მასში მოთავსებულია 180 ერთეული МЛ-5 ტიპის მაგნიუმის შენადნობის ექვსკუთხა ფორმის ცეცხლგამჩენი ელემენტი საერთო მასით 5.94 კგ. თითოეული ელემენტი 2 წუთის განმავლობაში 3100 ° C-მდე ტემპერატურაზე იწვის.

სამიზნის თავზე მიფრენისას რაკეტის საბრძოლო ნაწილი ГДТ-90 ან ТМ-120 ტიპის დისტანციური ამფეთქი მილაკის საშუალებით იხსნება და ცეცხლგამჩენი ელემენტები 6400 კვადრატულ მეტრზე იფანტება.

რაკეტის პირდაპირი დანიშნულება საბრძოლო მოქმედებების დროს მოწინააღმდეგის კონტროლირებად ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძრების გაჩენაა, ეფექტურად მუშაობს ცოცხალი ძალის წინააღმდეგაც. წააგავს თეთრი ფოსფორის მოქმედებას.

რაკეტის ფრენის მაქსიმალური მანძილი 19,9 კილომეტრია.

МЗ-21/9М22С რაკეტის მოქმედება, სოფელი ავდეევკა, დონეცკთან ახლოს.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑