LYNX -ასე ქვია ებრაული წარმოების ულტრათანამედროვე ზალპური ცეცხლის რექტიულ სისტემას, რომელიც ისრაელის სახელმწიფო სამხედრო-სამრეწველო კონცერნის IMI-ს მიერ შეიქმნა და საკმაოდ შთამბეჭდავი ტექნიკური მონაცემების გამო, არათუ ჩამოუვარდება ამერიკულ M-270 თუ რუსულ СМЕРЧ ს, არამედ გარკვეული მახასიათებლებით ჯობია კიდეც. ეს მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის ფართო ნომენკლატურის და უახლესი ციფრული სისტემების დამსახურებაა.
ლეგენდარული საბჭოთა ბმ-13 კატუშადან მოყოლებული, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები თანდათან უფრო და უფრო იხვეწება, თანამედროვე ცეცხლის მართვისა და ნავიგაციის სისტემების გამოყენებით მათზე მიიღწევა საარტილერიო ცეცხლის ბევრად მაღალი სიზუსტე, სისტემები ხდება უფრო და უფრო მულტიფუნქციური, კლასიკური ტიპის მეტალის მრავალჯერადი გამშვები პაკეტების მაგიერ გამოიყენება სხვადასხვა კალიბრის პლასტიკატის ერთჯერადი, ჰერმეტულად დახურული პაკეტები.
მსოფლიოს მრავალი ქვეყნის არმიაში, საარტილერიო ჯარები თანდათან გადადიან ასეთ მრავალფუნქციურ, კომპიუტერიზირებულ, მოდულური კონსტრუქციის მქონე სისტემებზე. რამდენიმე სხვადასხვა კალიბრის მანქანის ჩანაცვლება ხდება ერთი ტიპის რეაქტიული საარტილერიო სისტემით. ასეთი მიდგომა ბევრად უიოლებს საქმეს ლოჯისტიკურ და სარემონტო ნაწილებს, აიოლებს პირადი შემადგენლობის მიერ მათ ათვისებას და ექსპლუატაციას. მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ასეთი ტიპის სისტემა იყო ამერიკული M-270, რომლის გამშვებ ჩარჩოზეც მაგრდება ორი ერთჯერადი პაკეტი, 6-6 227 მმ რაკეტით ან ასევე ორი ერთეული ტაქტიკური რაკეტა. ATACMS (Army Tactical Missile System ).
ზოგადი წარმოდგენა რომ შეგექმნათ გაგაცნობთ მოდულური რეაქტიული სისტემების რამდენიმე თანამედროვე ნიმუშს.
დღეისათვის მსოფლიოს იარაღის ბაზარზე წარმოდგენილია უამრავი სხვადასხვა თანამედროვე მოდელი, მაგალითად:
სლოვაკური RM-70 MODULAR მასზე ყენდება 122 და 227 მმ უმართავი რაკეტების გამშვები პაკეტები. 2005 წელს სლოვაკეთმა გერმანულ კომპანია Diehel BGT Defence-თან ერთად ჩაატარა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა RM-70 ის ღრმა მოდერნიზაცია და შეიმუშავა ახალი RM-70 MODULAR, რომელსაც დაუყენდა ახალი გამშვები ჩარჩო რომელზეც შესაძლებელია ამერიკული M-270 MLRS-ის 6 რაკეტიანი 227 მმ-იანი ერთჯერადი პაკეტის დამონტაჟება, რომლიდანაც M26A1 და M26A2 ტიპის 296 კგ-იანი უმართავი კასეტური რაკეტების გაშვება 45 კმ-ზე შეუძლიათ.

ამერიკული M142 HIMARS-ის ტიპის სისტემას შეუძლია ისროლოს 227 მმ კალიბრის M-26 სერიის უმართავი ან M-30/31 GMLRS/GMLRS ER ტიპის ზუსტი დამიზნების რაკეტები, ან MGM-140 ATACMS ის ტიპის ტაქტიკური რაკეტები, აღნიშნული სისტემა წარმოადგენს M-270 MLRS თან უნიფიცირებულ, თანამედროვე, მსუბუქ, მობილურ ვარიანტს. მისი ტრანსპორტირება შესაძლებელია ავიაციით დროის მოკლე მონაკვეთში.

Торнадо ახალი თაობის რუსული პერსპექტიული რეაქტიული სისტემა, რომელიც გათვლილია შეიარაღებულ ძალებში მყოფი БМ-21 Град, 9К57 Ураган და 9А52 Смерч ის ჩასანაცვლებლად. აღნიშნული მანქანისთვის შექმნილია ახალი პლასტიკატის ერთჯერადი პაკეტები 122, 220 და 300 მმ ახალი ტიპის კორექტირებადი რაკეტებით.

ასევე თურქული T-122 Sakarya, რომელიც შემუშავდა კომპანია Roketsan Missiles Industries Inc ის მიერ, მის ჩარჩოზე მაგრდება 107 და 122 მმ რაკეტების გამშვები პაკეტები. სისტემა აღჭურვილია უახლესი ცეცხლის მართვის სისტემით BORA-2100, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ზუსტი ცეცხლის წარმოება ახალი ტიპის თურქული წარმოების რაკეტებით TR-122 და TRB-122, რომლებსაც 40 კმ მდე აქვთ გაზრდილი სროლის მანძილი.
ტაივანური RT-2000, მასზე გამოიყენება სამი სახის 117, 180 და 230 მმ რაკეტები დაპაკეტებული სახით. სროლის მანძილიც შესაბამისად 15, 30 და 45 კილომეტრია.
ბრაზილიური ASTROS-3, სისტემას გააჩნია ნავიგაციისა და ცეცხლის მართვის უახლესი სისტემები და გათვლილია რამდენიმე ტიპის რაკეტის სროლაზე. SS-30 კალიბრი 127 მმ, სროლის მანძილი 30 კმ. (84 რაკეტა)
SS-40 კალიბრი 180 მმ, სროლის მანძილი 35 კმ (40 რაკეტა)
SS-60 კალიბრი 300 მმ, სროლის მანძილი 60 კმ (12 რაკეტა)
SS-80 კალიბრი 300 მმ, სროლის მანძილი 90 კმ (12 რაკეტა)
SS-150 სროლის მანძილი 150 კმ. (4 რაკეტა)
FOG-MPM მართვადი რაკეტა კალიბრი 180 მმ ფრენის მანძილი 20-40 კმ (40 რაკეტა)
ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტა AV-MT Matador, სროლის მანძილი 300 კმ. (4 რაკეტა)


ზემოთ აღნიშნულ სისტემებზე, ერთჯერადი პლასტიკატის პაკეტის გასროლის შემდეგ, შესვენების გარეშე, რამდენიმე წუთში შესაძლებელია ახლის დაყენება და სროლის გაგრძელება. რაც უდიდესი პლიუსია, რადგან ჩვეულებრივ მეტალის პაკეტიან რეაქტიულ სისტემებში, მაგალითად БМ-21 Град, 9П140 Ураган ან RM-70 ში, პაკეტის დაცლის შემდეგ საჭიროა გარკვეული ხნით შესვენება და მიმმართველი პაკეტის გაციება, რაზეც იკარგება ბრძოლის დროს ძვირფასი წამები. თუმცა მეტალის მრავალჯერად პაკეტსაც აქვს თავისი პლიუსი, კერძოდ კი შერეული გასროლის გაკეთების შესაძლებლობა. ანუ საჭიროების შემთხვევაში პაკეტში ერთად ლაგდება კასეტური, მსხვრევად-ფუგასური და სხვა ტიპის რაკეტები.
* * *
დავუბრუნდეთ LYNX-ს, დღეს დღეობით აღნიშნული სისტემა შეიარაღებაში გააჩნია ისრაელს, აზერბაიჯანს და ყაზახეთს. აზერბაიჯანულ-ყაზახური ვარიანტი დამონტაჟებულია KamAZ-6350 შასიზე და Найза ეწოდება, დაუზუსტებელი მონაცემებით ყაზახეთს 18, ხოლო აზერბაიჯანს 30 ერთეული Найза ჰყავს. მანქანის სხვადასხვა მოდიფიკაციები შეიარაღებაში აქვთ ასევე არგენტინას, ვენესუელას, ჩილეს, საქართველოს და რუმინეთს, თუმცა ამ უკანასკნელთათვის სისტემის მიწოდება მოხდა შეიარაღების არასრული კომპლექტაციით, ძირითადად 122 და 160 მმ უმართავი რაკეტებით.

ისრაელის თავდაცვის არმიას, ცახალს დღემდე შეიარაღებაში აქვს რამდენიმე სხვადასხვა ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, თუმცა ბოლო პერიოდის შეიარაღებულ კონფლიქტებში უმეტესად გამოიყენებოდა ამერიკული წარმოების M270 MLRS და ებრაული LAR-160 სტანდარტული უმართავი რაკეტებით. ხშირად ღაზა სექტორში დასახლებულ ტერიტორიებზე საარტილერიო დარტყმებისას არაზუსტი რაკეტების გამო მშვიდობიანი მოსახლეობა იხოცებოდა. ჩატარებული ოპერაციების ანალიზისა და შესწავლის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა რეაქტიული არტილერიის მასიურად აღჭურვა მართვადი და კორექტირებადი ზუსტი საბრძოლო მასალით, რისი საშუალებითაც მოხდებოდა რესურსების დაზოგვა და ასევე მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თავიდან აცილება. ასე დაიწყო ახალი, მაქსიმალურად მულტიფუნქციური რეაქტიული საარტილერიო სისტემის შექმნა, ორმა უმსხვილესმა ებრაულმა საიარაღო კონცერნმა IMI (Israel Military Industries) და IAI-მ (Israel Aerospace Industries).
2008 წლის 27 დეკემბრიდან 2009 წლის 18 იანვრამდე, ღაზა სექტორში, პალესტინური ჰამასის წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციის შემდეგ ცახალის რეაქტიული არტილერიის დანაყოფებში დიდი მოთხოვნა გაჩნდა LYNX-ზე.

LYNX ის დღეისათვის არსებული ვარიანტები აწყობილია Mercedes-Benz Actros, TATRA და KamAZ-6350 შასიზე, თითოეული საცეცხლე მანქანა აღჭურვილია C4I სისტემით (მართვის, კონტროლის, კომუნიკაციისა და დაზვერვის ციფრული სისტემა) და გააჩნია ულტრათანამედროვე ცეცხლის მართვის კომპიუტერი, რომელიც გათვლილია 7 სხვადასხვა ტიპისა და კალიბრის უმართავი, კორექტირებადი და მართვადი ფრთოსანი რაკეტის გამოყენებაზე. მის სტანდარტულ ბატარეაში შედის 4-6 გამშვები მანქანა, 1 რაკეტების დამტენი და 1 მობილური ცეცხლის მართვის მანქანა FERA. სპეციალისტთა შეფასებით უმართავი რაკეტების გამოყენების დროს FERA ცეცხლის ეფექტურობას 60 % ით ზრდის.
მანქანებზე ახალი პაკეტების დაყენება ხდება სპეციალური დამტენი მანქანის საშუალებით. რომელიც პაკეტს 10 წუთში ცვლის.


ბატარეის შემადგენლობაში შედის ასევე სპეციალური მეტეორადარი, მეტეოზონდით და მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატი Orbiter.
თავის მხრივ მზვერავ-მაკორექტირებელი აღჭურვილია ციფრული ოპტიკური ხელსაწყოთი, რისი საშუალებითაც ის ონლაინ რეჟიმშია დაკავშირებული ცეცხლის მართვის ცენტრთან.


საბრძოლო მასალის ნომენკლატურა:
122 მმ Град ის სტანდარტული და გაზრდილი სიშორის რაკეტები, რომლის გასაშვებად ჩარჩოზე მაგრდება ორი ცალი 20-20 გამშვებიანი, 122 მმ იანი მეტალის მრავალჯერადი პაკეტი და 122 მმ რაკეტებს მათი მოდიფიკაციის მიხედვით 21 დან 40 კმ მდე ისვრის.

ორი ერთეული LAR-160 ტიპის ერთჯერადი პაკეტი, რომელშიც 13-13 ცალი 160 მმ იანი უმართავი რაკეტა MK-4 ია მოთავსებული. რაკეტის ფრენის მინიმალური მანძილია 10 კმ, მაქსიმალური კი 45 კმ. ქობინი 45 კილოგრამს იწონის და კასეტური ტიპისაა, მასში მოთავსებულია 104 ცალი კუმულაციურ-მსხვრევადი ელემენტი M-85. 26 ივე რაკეტა გაშვებისას ფარავს 31 400 კვადრატულ მეტრ ფართობს. ზაპლის ხანგრძლივობაა 39-40 წამი.


160 მმ მოდერნიზებული რაკეტების AccuLAR ის გამშვები 2 ერთჯერადი პაკეტი, 11-11 ცალი კორექტირებადი რაკეტით. AccuLAR შეიქმნა MK-4 ტიპის რაკეტის ბაზაზე, მისი სიგრძე 4 მეტრი, წონა კი 139 კილოგრამია. აქვს 35 კგ იანი კასეტური ან მსხვრევად-ფუგასური ქობინი. სროლის მანძილი შემცირებულია 40 კმ მდე. რაკეტის წინა ნაწილში დაყენებულია ფრენის ტრაექტორიის კორექტირების ინერციული სისტემა TCS, რაც უზრუნველყოფს რაკეტების 10-50 მეტრიან გაფანტვას. კორექტირების სისტემაში არსებული GPS გადამცემის საშუალებით ფიქსირდება ტრაექტორიიდან გადახრა, რის შემდეგაც რაკეტის ცხირში ჩაყენებული ინერციული სისტემა ახდენს ფრენის კორექტირებას.

220 მმ კალიბრის 9М27 და 9М59 სერიის უმართავი რაკეტები, რომელიც რეაქტიული სისტემა 9П140 Ураган ზე გამოიყენება. სროლის მანძილი მინიმალური 8 კმ, მაქსიმალური კი 34 კილომეტრია. აზერბაიჯანის და ყაზახეთისთვის შექმნილ Найза-ზე ამ ტიპის რაკეტებისთვის განკუთვნილი ორი ერთეული 5-5 გამშვებიანი მრავალჯერადი მეტალის პაკეტი მაგრდება.

227 მმ რაკეტები M-26A1. აღნიშნული ტიპის რაკეტაზე IMI ს მიერ ჩატარდა მოდერნიზება, მასზე დაყენდა ტრაექტორიის კორექტირების სისტემა TCS (Trajectory Correction System). M26A1 რაკეტის ფრენის მანძილია 45 კმ, მის კასეტურ ქობინში დევს 518 ცალი M-85 კუმულაციურ-მსხვრევადი ელემენტი. TCS დამიზნების სისტემა უზრუნველყოფს რაკეტის მოხვედრის 50 მეტრიან ცდომილებას. გამშვებ ჩარჩოზე მაგრდება ორი 6-6 რაკეტიანი ერთჯერადი პაკეტი.

EXTRA – 306 მმ კალიბრის, შორი მოქმედების კორექტირებადი რაკეტა. მანქანაზე 4-4 რაკეტიანი ორი პაკეტი მაგრდება. EXTRA ს სროლის მინიმალური მანძილი 20, მაქსიმალური კი 150 კმ ია. რაკეტის სიგრძეა 3,97 მეტრი, მასა 450 კგ, სტანდარტული საბრძოლო მუხტი 120 კგს იწონის და კასეტური ტიპისაა, რომელშიც 400 ცალი კუმულაციურ-მსხვრევადი კასეტური ელემენტი M-85 ია მოთავსებული. არსებობს აგრეთვე მსხვრევად-ფუგასური ვარიანტიც. რაკეტის წინა ნაწილში დაყენებულია GPS/INS – ინერციული დამიზნების სისტემა, რაც უზრუნველყოფს რაკეტის მიზანზე 10 მეტრის სიზუსტით მოხვედრას. EXTRA განკუთვნილია მტრის ღრმა ზურგში უზუსტესი სარაკეტო დარტყმებისთვის. მისი პოტენციური სამიზნეებია საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რადარები, საველე შტაბები, კავშირგაბმულობის კვანძები,საარტილერიო ბატარეები და სხვა.


კვაზიბალისტიკური რაკეტა 370 მმ Predator Hawk – უახლესი მოდელის კორეაქტირებადი მაღალი სიზუსტის რაკეტა. შექმნილია EXTRA-ს ბაზაზე, წარმოადგენს მის ზომაში გაზრდილ ვარიანტს. კლასიფიკაციით პოზიციონირებს საარტილერიო რეაქტიულ რაკეტასა და ტაქტიკურ რაკეტას შორის. აღჭურვილია დამიზნების GPS/INS სისტემით. სროლის მანძილი 300 კმ. CEP 10-20 მეტრი. 2X2 რაკეტიანი ერთჯერადი პაკეტი. რაკეტის მასა 800 კგ. ქობინი 140 კგ უნიტარული.

ფრთოსანი რაკეტა DELILAH-GL . რაკეტის დიამეტრია 33 სმ, სიგრძე 3,31 მ, ფრთაგაშლილობა 115 სმ. საერთო წონა 250 კგ. აქვს 30 კგ მასის მსხვრევად-ფუგასური საბრძოლო მუხტი. ფრენის მაქსიმალური სიმაღლეა 8500 მეტრი.მანძილი კი 180 კმ. სიჩქარე 0.3-0.7 მახი, რასაც უზრუნველყოფს Noel Penny Turbines NPT 151-4 ტიპის ტურბორეაქტიული ძრავა. რაკეტას გააჩნია თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი დამიზნების სისტემა,
რისი წყალობითაც DELILAH-GL ის მოხვედრის სიზუსტე 1 მეტრია.
აქვს ფრენის ორი რეჟიმი, ავტოპილოტი და დისტანციური მართვა. ავტოდამიზნება ხდება GPS\INS სატელიტური ნავიგაციისა და ინერციული დამიზნების სისტემის საშუალებით. დისტანციური მართვისას კი აღნიშნულთან ერთად გამოიყენება CCD\IIR სისტემაც. ამ დროს რაკეტის თავში ჩაყენებული სატელევიზიო და ინფრაწითელი დაკვირვების კამერებიდან გამოსახულება პირდაპირ რეჟიმში მიეწოდება რაკეტის ოპერატორს. DELILAH-GL განკუთვნილია მოწინააღმდეგის მაღალი ღირებულების მქონე სამიზნეების გასანადგურებლად, როგორიცაა ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსები, რადიოლოკაციური სისტემები, შორი მოქმედები საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები და სხვა.


ისრაელს LYNX ხშირად გააქვს სხვადასხვა საერთაშორისო გამოფენებზე. სისტემის შეძენით უკვე მრავალი აზიური და სამხრეთ ამერიკული ქვეყანაა დაინტერესებული.
ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა LYNX
სტანდარტული გამშვები მანქანა.
სავალი ნაწილი
შასი- Mercedes-Benz Actros- 3341.
ძრავი 408 ცხენის ძალის V6.
მაქსიმალური სიჩქარე 162 კმ/სთ
საწვავის მარაგი 450 ლიტრი.
ეკიპაჟი 2-3 კაცი
საცეცხლე ნაწილი.
გამშვები ჩარჩოს სქემატური აგებულება – მოდულური
საბრძოლო მასალა.
122 მმ Град სროლის მაქსიმალური მანძილი 21-40 კმ
160 მმ LAR-160 სროლის მაქსიმალური მანძილი 45 კმ
160 მმ AccuLAR, სროლის მაქსიმალური მანძილი 40 კმ
220 მმ Ураган, სროლის მაქსიმალური მანძილი 34 კმ
227 მმ TCS, სროლის მაქსიმალური მანძილი 45 კმ
306 მმ EXTRA, სროლის მაქსიმალური მანძილი 150 კმ
370 მმ Predator Hawk სროლის მაქსიმალური მანძილი 300 კმ
DELILAH-GL, ფრთოსანი რაკეტა, სროლის მაქსიმალური მანძილი 180 კმ.
P.S. დადასტურებული ინფორმაციით აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ოკუპირებულ რეგიონებში, რუსულ არმიას შემოყვანილი ყავს შორსმსროლელი რეაქტიული სისტემები 9К58 Смерч, საბრძოლო მოქმედებების განახლების შემთხვევაში ეს სმერჩები დიდ საფრთხეს შეუქმნიან ქართული არმიის სახმელეთო ნაწილებსა და სამოქალაქო ობიექტებს. მათთან საბრძოლველად ერთი-ერთი საუკეთესო საშუალება იქნებოდა EXTRA და DELILAH-GL ებით აღჭურვილი LYNX ები.
…….
2020 წლიდან LYNX საიარაღო ბაზარზე პოზიციონირებს PULS ის დასახელებით.
ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა PULS
Leave a comment