XM2001 Crusader – ამერიკული ექსპერიმენტული 155 მმ კალიბრის ახალი თაობის თვითმავალი ჰაუბიცა.
სისტემაზე ამერიკული კომპანია United Defense 1999-2002 წლებში მუშაობდა, საბრძოლო მანქანის შეიარაღებაში მიღება კი 2008 წლისთვის იყო დაგეგმილი და მას შეიარაღებაში მყოფი თვითმავალი ჰაუბიცა M-109A6 Paladin უნდა შეეცვალა, თუმცა 2002 წელს პროგრამა შეჩერდა…

მძიმე წონიანი და ნაკლებად მობილური Crusader ვეღარ ჯდებოდა აშშ-ის არმიის განვითარების ახალ დოქტრინაში, რომელიც მსუბუქი “სტრაიკერ” ბრიგადების ჩამოყალიბებას ითვალისწინებდა. ბრიგადებს ჰაუბიცებიც მსუბუქი და აერომობილური უნდა ჰყოლოდა.
2002 წლის 9 მაისს, უშუალოდ თავდაცვის მდივნის, დონალდ რამსფელდის ინიციატივით და აქტიური მუშაობით პროგრამა დაიხურა, მისთვის განსაზღვრული ფინანსები კი სხვა პერსპექტიულ პროგრამებზე გადანაწილდა. არმია მოდერნიზებულ M-109A7-ს უნდა დასჯერებოდა.

Crusader-ში იმ პერიოდისათვის არსებული ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები და კონსტრუქციული გადაწყვეტილებები იყო გამოყენებული. მათ შორის მთლიანად რობოტიზირებული კოშკურა, მოდულური მუხტები, საველე არტილერიის მართვის უახლესი ტაქტიკური სისტემა AFATDS (Advanced Field Artillery Tactical Data System) და სხვა. 3 კაციანი ეკიპაჟისთვის მანქანას გააჩნდა განცალკევებული შეჯავნული ნაკვეთური, საიდანაც იმართებოდა ყველა საბორტე სისტემა.

ჰაუბიცის ცეცხლის მართვის სისტემას გააჩნდა სრულყოფილი MRSI რეჟიმით სროლის ფუნქცია, რისი საშუალებითაც Crusader-ს L/56 ტიპის ლულიდან მაქსიმალურ 40 კმ მანძილზე სამიზნისკენ მიყოლებით 8 ჭურვის გასროლა შეეძლო, რომლებიც მიზანს ერთდროულად ეცემოდა.
საწვავის და ჭურვების მარაგის შესავსებად შეიქმნა ასევე უზრუნველყოფის მანქანა XM2002 ბორტზე 100 ჭურვის მარაგით.
Crusader-ში გამოყენებული ტექნოლოგიები მოგვიანებით XM1203 NLOS-ის (Non Line of Sight Cannon) ტიპის პერსპექტიულ საარტილერიო დანადგარში გამოიყენეს.

ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები:
მასა – 48100 კგ
სიგრძე – 12900 მმ
სიგანე – 3500 მმ
სიმაღლე – 2900 მმ
კალიბრი – 155 მმ
ლულის სიგრძე – 56 კალიბრი
საბრძოლო კომპლექტი – 48 ჭურვი
ლულის მაქსიმალური ამაღლების კუთხე – 75 გრადუსი
ლულის მინიმალური დახრის კუთხე – -3 გრადუსი
სროლის მანძილი – 40000 მეტრი
მაქსიმალური სიჩქარე – 67 კმ/სთ
სვლის მარაგი– 405 კმ
ძრავის სიმძლავრე – 1500 ცხ/ძალა
სროლის ტემპი – 10 გასროლა/წთ
ეკიპაჟი – 3 კაცი
Leave a comment