მრავალფუნქციური უპილოტო ვერტმფრენები, მათი დანიშნულება და პერსპექტივები

XX საუკუნის განმავლობაში სამხედრო ტექნოლოგიების უსწრაფესმა განვითარებამ ტაქტიკურ და ოპერატიულ დონეებზე ბრძოლის წარმოების მეთოდების სწრაფ ტრანსფორმაციას მისცა ბიძგი, რამაც ეტაპობრივად თანამედროვე მაღალტექნოლოგიური ომის ხასიათი ჩამოაყალიბა. შეიარაღების მთელი რიგი სახეობების შექმნამ და მათი სხვადასხვა ქვეყნების არსენალში გამოჩენამ მსოფლიოს გეოპოლიტიკურ მოწყობაზეც იქონია დიდი გავლენა.

 ბოლო სამი ათეული წელია თანამედროვე ტექნოლოგიებით გაჯერებულ ბრძოლის ველზე უფრო და უფრო აქტიურად იკიდებს ფეხს უპილოტო ავიაცია, რომელთა საშუალებითი მომავლის პერსპექტივაში შესაძლოა მთლიანად ჩანაცვლდეს მთელი რიგი სხვადასხვა დანიშნულების პილოტირებადი საფრენი აპარატები.
უპილოტო საფრენი აპარატების ისტორია ჯერ კიდევ XX საუკუნის პირველ ნახევარში იწყება. თანამედროვე დრონების წინაპრად შესაძლებელია მიჩნეულ იქნას 1917 წელს შეერთებულ შტატებში შექმნილი ორი მოდელი, ჰიუიტ-სპერის ავტომატური აეროპლანი-ბომბი (Sperry Flying Bomb) და კეტერინგის ხოჭო (Kettering Bug) უპილოტო მფრინავი ტორპედო.

ორივე საფრენი აპარატის შექმნას ბიძგი მისცა აშშ-ში გამომგონებელ ელმერ სპერის მიერ საავიაციო და საზღვაო გამოყენების სანავიგაციო გიროსკოპის შემუშავებამ, რომელიც 1910 წლიდან კომპანია Sperry Gyroscope Company-მ წარმოებაში ჩაუშვა.
ცივი ომის დასასრულამდე დასავლურ და საბჭოთა ბანაკის ქვეყნებში ასეულობით სხვადასხვა მოდელის უპილოტო საფრენი აპარატი შეიქმნა. მათ შორის იყო ინერციული სანავიგაციო სისტემების საფუძველზე მომუშავე რეაქტიულძრავიანი სტრატეგიული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატებიც. თუმცა დრონების ნამდვილი ბუმი მას შემდეგ დაიწყო რაც გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS შევიდა ექსპლუატაციაში, რამაც ამ ტიპის საფრენი აპარატები ტექნოლოგიურად ახალ საფეხურზე აიყვანა, გაუმჯობესდა დრონების დროის რეალურ რეჟიმში დისტანციური მართვის, ავტოპილოტირების სისტემები და რადიოხარვეზების მიმართ უფრო მედეგი გახდა.

1990-1991 წლის სპარსეთის ყურის ომი იქცა პირველ შეიარაღებულ კონფლიქტად სადაც მასიურად იქნა გამოყენებული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატები. ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხლის“ მსვლელობისას დღე ღამის ნებისმიერ მონაკვეთში ერაყის საჰაერო სივრცეში მინიმუმ ერთი, ხშირ შემთხვევაში კი რამდენიმე ტაქტიკური უპილოტო თვითმფრინავი მუშაობდა, რომლებიც სტრატეგიულ ბომბდამშენ B-52 ებს, მრავალფუნქციურ გამანადგურებელ F-15 ებს და არტილერიას მიზანჩვენებას, ცეცხლის კორექტირებას და საერთო კოორდინაციას უკეთებდნენ. აშშ-ის სამხედრო ძალები ძირითადად RQ-2 Pioneer ის ტიპის სადაზვერვო დრონებს იყენებდა.

RQ-2 Pioneer ის გაშვება. ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხალი”

1992 წელს ისტორიაში პირველად ებრაული წარმოების უპილოტო თვითმფრინავმა ლიბანში მიზანჩვენება გაუკეთა ლაზერული დამიზნების მართვად რაკეტას რომელიც მოიერიშე ვერტმფრენიდან იქნა გაშვებული.

ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკაში და აზიის სხვადასხვა რეგიონში მომხდარმა კონფლიქტებმა და მათმა შემდგომმა ანალიზმა  მასში მონაწილე ქვეყნების შეიარაღებაში არსებული უპილოტო საფრენი აპარატების ტექნოლოგიური დახვეწა და მათი ფუნქციების ზრდა გამოიწვია. გამოჩნდა ზეზუსტი საბრძოლო მასალის გამოყენების ფუნქციის მქონე საბრძოლო და დამრტყმელი კამიკაძე დრონები. სამხედრო უპილოტო საფრენ აპარატებში გამოყენებული ტექნოლოგიები კი წლების შემდეგ გამოყენებული იქნა საპოლიციო და  სამოქალაქო დანიშნულების დრონების ინდუსტრიაში რომლებიც წლიდან წლამდე ვითარდება.

უპილოტო საფრენ აპარატებზე გაწეული ფინანსური სამუშაოების მოცულობა აშშ-სა და ევროპაში 2007-2016 წლებში.

  დღეისთვის თანამედროვე უპილოტო საფრენი აპარატების ბაზარზე წამყვანი ქვეყნები აშშ და ისრაელია. ერაყის, ავღანეთის და ახლო აღმოსავლეთის მუდმივ კონფლიქტში ჩართული ორივე ქვეყნის შეიარაღებული ძალები მაღალი ინტენსივობით იყენებენ ასეულობით სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო-სადაზვერვო უპილოტო თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს  ტაქტიკურ, ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეებზე.

ბოლო წლების განმავლობაში თვითმფრინავებთან ერთად ვითარდება უპილოტო ვერტმფრენების მიმართულებაც. ამ ტიპის საფრენი აპარატებისთვის დამახასიათებელი ტექნიკური თავისებურებებიდან და ფრენის პრინციპიდან გამომდინარე ზოგიერთი დავალების შესასრულებლად თვითმფრინავთან შედარებით მათი გამოყენება ბევრად ხელსაყრელია და მთელ რიგ დამატებით უპირატესობებს იძლევა.
უპილოტო ვერტმფრენების საშუალებით შესაძლებელია მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეებზე, წინასწარ მოუმზადებელი პოზიციებიდან ფრენა. ბრძოლის ველზე კი  სხვადასხვა სპექტრის ამოცანების გადაწყვეტა, მათ შორის:

  1. მოწინააღმდეგეზე დაზვერვა-დაკვირვება
  2. საარტილერიო ცეცხლის კორექტირება როგორც ჩვეულებრივი ისე მართვადი საბრძოლო მასალისთვის.
  3. ზუსტი საავიაციო შეიარაღების მიზანჩვენება
  4. პირდაპირი საცეცხლე მხარდაჭერა მართვადი და უმართავი შეიარაღებით საარმიო ავიაციასთან შეთანხმებულად ან დამოუკიდებლად.
  5. ჯარების დროებითი ან მუდმივი დისლოკაციის ადგილების ჰაერიდან დაცვა
  6. რადიოსიხშირეების რეტრანსლაცია
  7. ბრძოლის ველის რადიო-ქიმიური დაზვერვა.
  8. საზღვაო და სანაპირო დაცვის ამოცანების შესრულება.
  9. საპოლიციო ოპერაციები
  10. სამაშველო ძებნა-გადარჩენითი ოპერაციები.

 

დღეს დღეობით შეიარაღებაზე არსებული უპილოტო ვერტმფრენებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია RQ-8/MQ-8 Fire Scout-ის ოჯახი.
2000 წლის თებერვალში RQ-8-ის პროექტი აშშ-ის საზღვაო ძალების დაკვეთით კორპორაცია Northrop Grumman-მა წამოიწყო. Schweizer 330SP-ს ტიპის სამოქალაქო შვეულმფრენის ბაზაზე შექმნილი პირველი მოდიფიკაცია RQ-8A რამდენიმე წელი გადიოდა აქტიურ ტესტირებებს, რის შემდეგაც 2006 წლიდან მუშაობა დაიწყო მოდიფიცირებულ MQ-8B Fire Scout-ზე, რომელიც უკვე Schweizer 333 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე აიწყო და 4 ფრთიანი მზიდი ხრახნი გააჩნდა.

MQ-8A და  MQ-8B მოდიფიკაციები



წინა მოდელისგან განსხვავებით MQ-8B მოდიფიკაციაზე შესაძლებელია სხვადასხვა შეიარაღების ჩამოკიდება. ფიუზელაჟზე დამაგრებულ საკიდებზე ამოცანის სპეციფიკიდან გამომდინარე შესძლებელია სხვადასხვა ტიპის მართვადი და უმართავი რაკეტების, ტყვიამფრქვევების ან სატვირთო გონდოლების ჩამოკიდება. შვეულმფრენის წინა ნაწილში კი რადიოლოკაციური და ოპტიკური დაზვერვა-მიზანჩვენების სისტემები მონტაჟდება.

2017 წლის მასიში გაფორმებული 37 მილიონ დოლარიანი კონტრაქტით კომპანია Northrop Grumman-მა MQ-8B-ს რადიოლოკაციური სადგურის მოდერნიზაცია მოახდინა რის შემდეგაც შეიცვალა ცხვირა ნაწილის დიზაინი.

გარდა ამისა მიღებული გამოცდილების და შემუშავებული ტექნოლოგიების საფუძველზე  2010-2013 წლებში შემუშავდა MQ-8C მოდიფიკაცია Bell 407 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე.
რამდენიმე წლიანი აქტიური გამოცდების შემდეგ საზღვაო ძალებმა 168 ერთეული MQ-8B  და MQ-8C მოდიფიკაციების  შესყიდვა გადაწყვიტა. დღეის მდგომარეობით საზღვაო ძალების განკარგულებაშია 28 ერთეული MQ-8B.  რამდენიმე ერთეული MQ-8B ლიბიის და ავღანეთის ოპერაციებშიც იქნა გამოყენებული. ოფიციალური ინფორმაციით ერთეული MQ-8B-ს ღირებულება 14.6 მილიონი დოლარია.  

მოდიფიკაცია MQ-8C Bell 407 ტიპის შვეულმფრენის ბაზაზე

უპილოტო ვერტმფრენებზე მუშაობა აქტიურად ხორციელდება სხვა ქვეყნებშიც.
ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი ავსტრიული კომპანია Schiebel-ის წარმოების  სადაზვერვო  უპილოტო შვეულმფრენი Camcopter S-100  დღეისათვის ათი ქვეყნის შეიარაღებაშია. 2017 წლიდან კი ლიცენზიით იწარმოება რუსეთშიც Горизонт Эйр S-100 დასახელებით.

კლასიკური პილოტირებადი შვეულმფრენის უპილოტოდ გადაკეთების საინტერესო პროექტი განახორციელა სამხრეთ კორეულმა კომპანია Korean Air-მა რომელმაც 2015 წელს მცირე გაბარიტული ვერტმფრენის MD500-ის ბაზაზე, კომპანია Boeing-თან ერთად შემუშავებული სადაზვერვო-მოიერიშე უპილოტო შვეულმფრენი KUS-VH წარმოადგინა.
სახმელეთო და საჰაერო ბაზირების ადრეული აღმოჩენის რადიოლოკაციური სადგურების მუშაობის პირობებშიც კი ასეთი ტიპის ვერტმფრენებით შესაძლებელია მაქსიმალურად დაბალ სიმაღლეებზე ფრენა, რაც მთაგორიანი რელიეფის პირობებში მოწინააღმდეგის ზურგში შეღწევის საშუალებას იძლევა.  პილოტის დაღუპვის საფრთხის არარსებობის გამო კი შესაძლებელია მაღალი რისკის შემცველი ოპერაციების დაგეგმვა-განხორციელებაც, როგორებიცაა მაგალითად მტრის ზურგში მდგარი შორსმსროლელი რეაქტიული არტილერიის ან ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების განადგურება პირდაპირი საცეცხლე ზემოქმედებით.
უმცირესი რადიოამრეკლი ზედაპირის (RCS)  წყალობით ჰაერში დაბალ სიმაღლეზე დაკიდებული უპილოტო შვეულმფრენის შემჩნევა მაქსიმალურად გართულებულია ახლო მანძილზე მოქმედი საჯარისო საზენიტო-სარაკეტო სისტემების რადიოლოკაციური სადგურებისთვის, მაგალითად როგორებიცაა ЗСУ-23-4 „შილკა“, 2С6 „ტუნგუსკა“ ან Панцирь, რომლებიც ბრძოლის ველზე მცირეგაბარიტული უპილოტო საფრენი აპარატების ძირითად მტრებად მოიაზრებიან.

ტექნოლოგოიურად ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუში დღეს-დღეობით შვედური კომპანია SAAB-ის წარმოების სადაზვერვო უპილოტო ვერტმფრენი V-200 SKELDAR-ია. C4ISR სისტემასთან თავსებადი მისი ფრენის მართვის სისტემა STANAG 4586 სტანდარტის შესაბამისია. 
SKELDAR ის გამოყენება შესაძლებელია როგორც სამხედრო ასევე სამოქალაქო დანიშნულებით, საზღვაო და სახმელეთო ამოცანების შესასრულებლად.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑