თურქული “ანადოლუს” (ანატოლია) სახით შავ ზღვაში ძლიერი მოთამაშე შემოვიდა, რომელიც რეგიონში ძალთა ბალანსის შეცვლაზე მნიშვნელოვნად იმოქმედებს.
დღეს ბოსფორის სრუტის გავლით შავ ზღვაში შემოვიდა უახლესი თურქული უნივერსალური სადესანტო ხომალდი TCG Anadolu (L-400), რომელიც კონსტრუქციიდან გამომდინარე მსუბუქი ავიამზიდის და მცურავი დოკი/შვეულმფრენმზიდის ფუნქციასაც ითავსებს.
TCG Anadolu პირდაპირი ანალოგია წინა წლებში ყველასთვის ცნობილი ფრანგული სადესანტო ხომალდი “მისტრალისა”, რომლის ყიდვასაც რუსეთი საფრანგეთისგან აპირებდა.

Anadolu- მასზე განლაგებული შეიარაღების გათვალისწინებით მნიშვნელოვანი ანგარიშგასაწევი ძალაა რუსეთის შავი ზღვის ფლოტისთვის, თუმცა არანაკლები ძალაა ხმელთაშუა ზღვაშიც სადაც თურქეთის სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები კიდევ უფრო დიდია.
LPD/LHD-ის პროგრამის ფარგლებში თურქეთის საზღვაო ძალების დაკვეთით ხომალდზე მუშაობა გემთმშენებელმა კომპანია Sedef Shipyard-მა, სტამბულში 2016 წლის 30 აპრილს დაიწყო, ზღვაში კი 2019 წლის 30 აპრილს ჩაეშვა. ხომალდი ოფიციალურად საბრძოლო ექსპლუატაციაში საიდენტიფიკაციო ნომრით L-400, 2023 წლის 10 აპრილიდან შევიდა და თურქეთის საზღვაო ძალების ფლაგმანის სტატუსიც მიიღო.
ხომალდის პროექტი ესპანური Juan Carlos I-ია. თუმცა მასზე განთავსებული საბორტე ელექტრონული სისტემების და შეიარაღების უმეტესი ნაწილი თურქული კომპანიების Aselsan და Havelsan-ის შემუშავებულია, მათ შორის ციფრული მართვის გაერთიანებული ქსელური სისტემა GENESIS-ADVENT.

“ანადოლუს” ასაფრენი ზედაპირი 5,440 მ2 ფართობისაა და ამასთან ერთად აქვს 990 მ2 ფართობის ანგარიც.
ხომალდის აგებისას მასზე ამერიკული ვერტიკალური აფრენა დაფრენის ფუნქციის მქონე გამანადგურებელი
F-35B-ს ბაზირებაც იყო გათვალისწინებული, თუმცა რუსეთიდან C-400 ის შესყიდვასთან დაკავშირებით დაწყებული დიდი სკანდალის გამო F-35 ების თურქეთისთვის გადაცემის პროგრამა ჩიხში შევიდა და “ანადოლუზე” მათ ნაცვლად თურქული უპილოტო საფრენი აპარატების და ვერტმფრენების განთავსება გადაწყდა. მათ შორის უახლესი თურქული დამრტყმელი სტელს უპილოტო თვითმფრინავი Baykar Bayraktar Kızılelma და ასევე ახალი Baykar Bayraktar TB3.

ხომალდს ასევე აქვს 1880 მ² ფართობის შიდა სადესანტო განყოფილება სადაც შესაძლებელია განთავსდეს სხვადასხვა ტვირთი ან სამხედრო ტექნიკა, მათ შორის კონტეინერები, 27 ერთეული სადესანტო ამფიბია ჯავშანმანქანა, 1165 მ² ფართობის დოკის კამერაში შეიძლება განთავსდეს 4 სადესანტო კატარღა LCM ან ორი საჰაერო ბალიშებზე მცურავი ამფიბია LCAC, ასევე ორი სადესანტო ბარჟა LCVP.
მძიმე ტვირთზე გათვლილი ნაკვეთური ფართობით 1410მ², იტევს 29 ერთეულ ტანკს. ხომალდის ფსკერი დაცულია ჰიდროლოკაციური ანტიდივერსიული ლოკატორით ARAS-2023.
ტექნიკური მონაცემები:
კლასი – Juan Carlos I კლასის ამფიბია სადესანტო დოკი/ V/STOL მსუბუქი ავიამზიდი.
ეკიპაჟი – 261 კაცი
წყალწვა – 24 660 ტონა
სიგრძე – 232 მეტრი
სიგანე – 32 მეტრი
წყალჯდომი – 6.9 მეტრი
ძალური აგრეგატები:
5 x 8,000 kW (11,000 ცხ/ძალის) Navantia MAN
2 x 11 მეგავატიანი დიზელ გენერატორი Siemens SiPOD (15,000 ცხ/ძალის)
2 x 1,500 კვ (2,000 ცხ/ძალის) წინა გვერდულა საჭის როტორი.
სიჩქარე – 21 კვანძი (39 კმ/სთ)
მოქმედების მანძილი – 9,000 საზღვაო მილი (17,000 კმ)
ხომალდები ბორტზე: 4 x სადესანტო კატარღა LCM ან 2 x ამფიბია LCAC
სენსორები და რადარები: SMART-S Mk.2 S ჯგუფის 3D რადარი, SPN-720 საზღვაო რადარი, GENESIS-ADVENT-იტ ტიპის ბრძოლის მართვის სისტემა, IRST, IFF, TDL, VMF, SATCOM, LWR, DDS სისტემები.
შეიარაღება:
1 x RAM – საზენიტო-სარაკეტო სისტემა
2 x Phalanx CIWS – 20 მმ საზენიტო საარტილერიო სისტემა.
5 x 25 მმ დისტანციური მოდული Aselsan STOP
ხომალდზე ბაზირებული საფრენი აპარატები:
4 x Bell AH-1 SuperCobra – დამრტყმელი შვეულმფრენი.
8 x As532 ან CH-47F შვეულმფრენი
2 x S-70B Seahawk შვეულმფრენი
2 x Baykar Bayraktar Kızılelma
2 x Baykar Bayraktar TB3
მთლიანობაში ხომალდზე შესაძლებელია განლაგდეს 50 მდე დასაკეც ფრთიანი საგემბანო Baykar Bayraktar TB3.
ზოგადად კი მასზე ბაზირებული დამრტყმელი უპილოტო საფრენი აპარატების ტიპების, მათი რაოდენობის და ტექნიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით TCG Anadolu მსოფლიოში ერთ-ერთ იშვიათ და გამორჩეულ ხომალდს წარმოადგენს. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტელს დამრტყმელი უპილოტო Bayraktar Kızılelma, რომელიც 926 კმ-იანი საბრძოლო რადიუსით, 1500 კგ მასის მართვადი შეიარაღებით და რადიოლოკაციური აღმოჩენის ძალიან დაბალი მაჩვენებლით ხმელთაშუა და შავ ზღვებზე სერიოზულ ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენს.

P.S. თურქეთი ახლო მომავალში მეორე ასეთი ხომალდის TCG Trakya-ს აგებასაც გეგმავს.
Leave a comment