F-16 ის ჩამოსაკიდი პოდების შესახებ

დასავლური საბრძოლო ავიაციის ტექნიკური შესაძლელობები და ბევრად მაღალი საერთო საბრძოლო ეფექტურობა საბჭოთა/რუსულ სამხედრო საფრენ აპარატებთან შედარებით დიდწილად ყოველთვის მაღალტექნოლოგიური საბორტე ელექტრონული სისტემებით და მრავალფეროვანი ზუსტი შეიარაღებით იყო და არის განპირობებული.

ასეა უკრაინის შემთხვევაშიც. უკრაინის საჰაერო ძალებზე გადაცემული F-16 ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლების სხვადასხვა მოდიფიკაციები მის კომპლექტაციაში და შეიარაღების ნომენკლატურაში შემავალი სისტემების ხარჯზე უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გახდება ბრძოლის ველზე, რაც პირდაპირ აისახება განადგურებული რუსული სახმელეთო ტექნიკის, ცოცხალი ძალის და ჩამოგდებული საფრენი აპარატების რაოდენობაში.

ნიდერლანდების და დანიის მიერ პირველ ეტაპზე უკრაინისთვის გადაცემულ F-16 ებს შორის იქნება F-16 Block 20 MLU მოდიფიკაციები, რომლებიც მოდერნიზაციის შედეგად ზოგიერთ ასპექტში Block-40/50 მოდიფიკაცებს უთანაბრდება, ეს განსაკუთრებით ეხება ნავიგაციის, მონაცემთა გაცვლის, ინფორამციის დამუშავების, სამიზნეების აღმოჩენის და შეიარაღების მართვის სისტემებს.

ამ პოსტში მოცემულია ამ მოდიფიკაციის თვითმფრინავების ავიონიკასთან და შეიარაღების მართვის სისტემასთან თავსებადი და ინტეგრირებული სხვადასხვა ელექტრონული სისტემები, რომლებიც F-16 ის ფიუზელაჟის ქვეშ შეიარაღების საკიდ პილონებზე ეკიდება სხვადასხვა კონფიგუაციით, იმის მიხედვით თუ რა დავალება აქვს თვითმფრინავს შესასრულებელი და რა ტიპის შეიარაღების გამოყენებაა დაგეგმილი.

რას წარმოადგენს პოდი? – პოდები არის თვითმფრინავის ელექტრონულ სისტემასთან და საბორტე კომპიუტერთან ინტეგრირებადი ავტონომიური სისტემა, რომელიც ეკიდება ფიუზელაჟის ან ფრთის ქვეშ არსებულ სპეციალურ ან შეიარაღების საკიდ პილონზე და აქვს აეროდინამიკური ფორმა. პოდებს აქვს საკუთარი პროგრამული უნზრუნველყოფა და ინფორმაციის დამუშავების სისტემა.

პოდები შესძლებელია იყოს როგორც სამიზნეების აღმომჩენი, შეიარაღების მიზანჩვენების, ნავიგაციის, რადიოელექტრონული დაზვერვის, რადიოელექტრონული ხარვეზების დამყენებელი და სხვა. ასევე შეიძლება ეს ყველაფერი ან რამდენიმე ერთ პოდშიც იყოს გაერთიანებული.

ჩამოსაკიდი პოდები შედარებით მოძველებული მოდიფიკაციის თვითმფრინავებიდან თანამედროვე შეიარაღების გამოყენების საშუალებას იძლევა.

F-16 Block 20 MLU მოდიფიკაცისთან თავსებადი სხვადასხვა პოდები:

1 – AN/ALQ-131 – საბორტე რადიოელექტრონული დაცვის სისტემა ჩამოსაკიდი პოდის კონფიგურაციაში, განკუთვნილია მოწინააღმდეგის რადიოლოკაციური სადგურების “დასაბრმავებლად”, რადიომართვადი და რადიოლოკაციური თავაკით დამიზნებადი საზენიტო რაკეტების მოსატყუებლად.

2 – AN/ALQ-184 – საბორტე რადიოელექტრონული დაცვის სისტემა ჩამოსაკიდი ასევე პოდის კონფიგურაციაში – ანალოგიური დანიშნულების, გაუმჯობესებული ტექნიკური მაჩვენებლებით, გამოიყენება F-15 და F-18 ტიპის გამანადგურებლებზეც.

3 – Raytheon DB-110 EO/IR – შორ მანძილზე მოქმედი, მაღალი სიმაღლეებიდან სამუშაო ელექტრო-ოპტიკური და ინფრაწითელი სპექტრის კამერებით აღჭურვილი პოდი, სამიზნეების აღმოჩენისა და ზუსტი შეიარაღების მიზანჩვენებისთვის.

4 – AN/ASQ-213 – AGM-88 HARM ის ტიპის რადარსაწინააღმდეგო რაკეტის გამიზვნის რადიოლოკაციური სადგური. ამ სადგურით “ჰარმის” ტიპის რაკეტების საბრძოლო ეფექტურობა მაქსიმალურ მაჩვენებლებს მიაღწევს, რაც შეუძლებელია ამ ეტაპზე ამ რაკეტის საბჭოთა ბომბდამშენი Сy-24 დან და გამანადგურებელი Миг-29 დან გამოყენების შემთხვევაში.

5 – AN/AAQ-33 SNIPER – ზუსტი შეიარაღების მიზანჩვენების და დამიზნების პოდი. განკუთვნილია GBU სერიის ზუსტი დამიზნების ბომბების და სხვადასხვა ტიპის მართვადი რაკეტების გასამიზნად.

6 – AN/AAQ-28(V) LITENING – ზუსტი შეიარაღების მიზანჩვენების და დამიზნების პოდი. განკუთვნილია სამიზნეების იდენტიფიკაციისა და ზუსტი ლაზერული დამიზნების ბომბების მიზანჩვენებისთვის.

7 – AN/AAQ-13 LANTIRN – TFR რადარით და რელიეფის თერმოგრაფიული კამერით აღჭურვილი ნავიგაციისა და სამიზნეების აღმოჩენის პოდი. განკუთვნილია დაბალ სიმაღლეეებზე უსაფრთხო ფრენისთვის, რელიეფის სკანირებისა და სამიზნეების გამოვლენისთვის.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑