აზერბაიჯანმა ტერიტორიული მთლიანობა სამხედრო ძალით აღიდგინა, ყარაბაღის სეპარატისტულმა რეჟიმმა 2 დღიანი დაბომბვების შემდეგ არსებობა შეწყვიტა.
კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის, ერის და მისი მთავრობის პოლიტიკური წონა და ფასი მათ შეიარაღებაზე არსებული ტანკების, არტილერიის და ავიაციის რაოდენობის პროპორციულია.
პოლიტიკურ და ეკონომიკურ წესებს ის განსაზღვრავს ვისაც ძლიერი სამხედრო ძალები ჰყავს.
აზერბაიჯანისთვის ეს შედეგი მოიტანა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში შეიარაღებული ძალების გეგმიურმა, მეთოდურმა აღმშენებლობამ, დიდი რაოდენობით სამხედრო ტექნიკის შესყიდვამ, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალების მომარაგებამ და წარმოებამ, მომწოდებლების დივერსიფიკაციამ, სამხედრო მრეწველობაში დიდი თანხების ჩადებამ.

კომპლექსური მიდგომით ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიების ფართო დანერგვამ, სამხედრო კვლევითი ინსტიტუტების ფაქტიურად ნულიდან შექმნამ, რაც მთავარია სწორი მოკავშირეების ყოლამ და ასე შემდეგ.

ილჰამ ალიევის გაპრეზიდენტების შემდეგ აზერბაიჯანის სამხედრო ხარჯების მოცულობა 2004 წლიდან დღემდე მთლიანობაში 50 მილიარდ დოლარამდეა.
ამას შეიძლება დაემატოს ერთი ამდენივე რაც შინაგან საქმეთა და უშიშროების სამინისტროების გასამხედროებულ ნაწილებზე დაიხარჯა.

რეალურად ყარაბაღის დაბრუნება 2020 წლის ომის დროს მოხდა, როცა მოდერნიზებულმა აზერბაიჯანულმა არმიამ კავკასიაში აქამდე არნახულად მაღალტექნოლოგიური თანამედროვე ომი აწარმოა, თანაც ისე რომ სამხედრო ძალების რესურსის მესამედი თუ იყო რეალურად გამოყენებული.
ამის საშუალება მათ განსაკუთრებულად მისცა შეიარაღების რამდენიმე სახეობამ, რომლებმაც გადამწყვეტი როლი შეასრულეს ომის მსვლელობაში.
ესენი იყო:
1 – ბარაჟირებადი კამიკაძე დრონები (ისრაელის Harop, Hero, Harpy და აზერბაიჯანული ITI Qovan). ქონდა უდიდესი ფსიქოლოგიური გავლენა ბრძოლის ველზე.
მუსრი გაავლო სომხურ რადიოლოკაციურ სადგურებს, რებ-ის კომპლექსებს, საზენიტო სარაკეტო სისტემებს და სხვა მსგავს სამიზნეებს.
2 – დამრტყმელი დრონები ( Bayraktar TB2).
ეფექტურად იმუშავეს MAM-L და MAM-C ტიპის მცირე ზომის პლანირებადი ზუსტი დამიზნების ბომბებით, ჯავშანტექნიკის, საველე არტილერიის და საჯარისო საზენიტო სისტემების წინააღმდეგ.
3 – სადაზვერვო დრონები (საკუთარი წარმოების + ისრაელის Heron, Hermes, Bird-Eye). ბრძოლის ველის საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის სახმელეთო ჯარების ყველა გვარეობაში.
4 – ზუსტი დამიზნების შორსმსროლელი რეაქტიული არტილერია ოპერატიულ ტაქტიკური რაკეტებით. (LYNX, T-300, Полонез).
5 – შორსმსროლელი მსხვილკალიბრიანი რეაქტიული არტილერია (Lar-160,Смерч).
6 – ოპერატიულ-ტაქტიკური ბალისტიკური რაკეტები (LORA, EXTRA, Predator Hawk).
უნიტარული და კასეტური ქობინებით გაანადგურეს სომხური არმიის არაერთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტი: საწყობები, შორს მოქმედი საზენიტო სისტემები C-300, შორსმოქმედი რეაქტიული არტილერიის სისტემები და სხვა.
7 – ჯარების მართვის ერთიანი ციფრული სისტემა C3 ის დანერგვა ქვედა დონეებამდე.
საბოლოო ჯამში საშუალებას იძლევა ტაქტიკურ და ოპერატიულ სივრცეში, რესურსების მაქსიმალური დაზოგვის ფონზე მოწინააღდეგეს მიადგეს მაქსიმალური ზიანი.
8 – რადიოელექტრონული ბრძოლის თანამედროვე სისტემები (თურქული Aselsan KORAL), რომლებმაც პირწმინდად მოუგეს ომი რუსულ რებ-ის სისტემებს და მასიურად ჩაახშეს სომხური არმიის კავშირგაბმულობის სისტემები.
9 – მოდერნიზებული ლულიანი არტილერია ციფრული ცეცხლის მართვის სისტემებით
10 – თანამედროვე ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემები (Spike NLOS).
მთაგორიან რელიეფზე NLOS ფუნქციოს მქონე ტსმრ ები შეუცვლელია და რამდენიმეჯერ უფრო ეფექტური ვიდრე ტრადიციული პირდაპირი ხედვის არხით დამიზნებადი სარაკეტო კომპლექსები.
11 – საარმიო ავიაციის საფრენი აპარატების მასიური ღრმა მოდერნიზაცია (Ми-24/Ми-35 ღამის პირობებში სრულფასოვნად მოქმედების უნარით. Су-25 მოიერიშეები მოდერნიზებული შეიარაღების სისტემით და საბორტე რებ პოდებით. ასევე აზერბაიჯანული Су-25 ები იყენებდნენ QFAB-250LG ტიპის ლაზერული დამიზნების ბომბებს, რაც ამ მოიერიშის ეფექტურობას რამდენჯერმე ზრდის).
მათი საშუალებით აზერბაიჯანის საარმიო ავიაცია დრონებთან ინტეგრირებული მოქმედებით, სამიზნეებს საბჭოთა საარმიო ავიაციისთვის არატრადიციული მეთოდებით, საჯარისო საზენიტო სისტემების მოქმედების არეალში შესვლის გარეშე ანადგურებდა.
12 – ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები რაკეტსაწინააღმდეგო შესაძლებლობებით ბაქოს ეკონომიკური ზონის და ზოგადად აფშერონის ნახევარკუნძულის დასაცავად სომხეთიდან გაშვებული Скад-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტებისგან. ამ შემთხვევაში ძირითადაი დაწოლა ისრაელის წარმოების BARAK-8 ტიპის სისტემაზე მოდიოდა.
ზემოთაღწერილი სარაკეტო შეიარაღების ზოგიერთი გამორჩეულად შორს მოქმედი სახეობების წყალობით აზერბაიჯანის არმიამ შეძლო ოპერატიული სივრცეების ათვისება. ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო სომხეთთან ომის დროს 2020 წელს, ვინაიდან როდესაც სამხედრო საფრთხეები ოპერატიულ სიღრმეებშია გაშლილი მხოლოდ ტაქტიკურ სივრცეებში მოქმედება გარდაუვალი წაგების წინაპირობაა.
მაშინ როცა აზერბაიჯანის არმიის მექანიზებული და ქვეითი ქვედანაყოფები საბრძოლო მოქმედებებს რამდენიმე მიმართულებით აწარმოებდა, აზერბაიჯანული ზუსტი რეაქტიული არტილერია და ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები ყარაბაღის და სომხეთის ტერიტორიაზე ოპერატიულ სიღრმეებში ანადგურებდა კრიტიკულად მნიშვნელოვან სამიზნეებს. თუნდაც ის რად ღირდა, რომ აზერბაიჯანს გააჩნდა საშუალება ძლიერი სარაკეტო დარტყმა სომხეთის დედაქალაქზეც მიეტანა, რაც უმნიშვნელოვანესი სამხედრო-პოლიტიკური ფაქტორია. შედეგად სომხეთის მიერ 90-იან წლებში დაკავებული მთიანი ყარაბაღის რეგიონი აზერბაიჯანის კონტროლ ქვეშ გადავიდა, ამან რეგიონის მასშტაბით თვისობრივად ახალი პოლიტიკური ვითარება დააყენა და მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის შექმნა პრეცედენტი. დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, არაფრისმომცემი დიპლომატიის ნაცვლად აქცენტი პრობლემის სამხედრო ძალით მოგვარებაზე გააკეთონ რაც ყველაზე ქმედითი და შედეგის მომცემი ვარიანტია.
Leave a comment