სომხეთის თავდაცვის სამინისტრო გეგმავს 73 ერთეული ინდური მსუბუქი თვითმავალი ჰაუბიცა MARG155BR -ის შესყიდვას. კონტრაქტი მთლიანად 155,5 მილიონი დოლარის მოცულობისაა და მასში ჰაუბიცები, მარაგ ნაწილები და ჭურვები შედის.
სავარაუდოდ აპირებენ არტილერიაში მიღებული იმ დიდი დანაკარგების შევსებას რაც აზერბაიჯანთან 2020 წლის თვენახევრიანი ომისას მიიღეს.

თუკი ამ ჰაუბიცებით შეავსებენ ომში დაკარგულ 152 მმ იანი Д-20, 2А65 მსტა-ბ და 2A36 გეაცინტ-ბ ტიპის ბუქსირებად ჰაუბიცების დანაკლისს და თუ ფასი დაბალია, მაშინ ძალიან გამართლებული შესყიდვაა.
მაგრამ თუ თვითმავალი 2C1 და 2C3 ის ჩანაცვლება უნდათ მაინცდამაინც გამართლებული არ უნდა იყოს.
MARG155BR ჰაუბიცა საბრძოლო ნაწილის ღია განლაგებითაა აგებული და აქვს 39 კალიბრი სიგრძის (5,08 მეტრი) მოკლე ლულა, შესაბამისად სროლის მანძილიც 20-24 კმ ია სხვადასხვა ჭურვებით. სისტემის 39 კალიბრიანი ლულა ინდოეთის შეიარაღებაში არსებული ამერიკულ-ბრიტანული M-777 ტიპის ჰაუბიციდანაა დაკოპირებული და მის ბალისტიკურ მაჩვენებლებს იმეორებს. ზოგადად სისტემა არც ისე წარმატებულია, ინდოეთის არმიაში არტილერისტების დიდი მოწონება ვერ დაიმსახურა.

ზოგადად ღია საბრძოლო ნაწილის მქონე თვითმავალი ჰაბიცების აღჭურვა L39 მოკლე ლულებით გამართლებული არაა, მაშინ როცა მოწინააღმდეგეს ძლიერი საარტილერიო და საავიაციო ძალები გააჩნია. ღია საბრძოლო ნაწილი მაშინაა მისაღები თუ სისტემაზე 52 კალიბრი სიგრძის გრძელი შორსმსროლელი ლულა აყენია, ასეთი ლულებით ცეცხლის წარმოება 30-40-50 კმ მანძილებიდან შეიძლება.
თანამედროვე ბრძოლის ველზე 15-20 კილომეტრამდე მანძილებს კი მასიურად ფარავს ყველაზე გავრცელებული ზალპური ცეცხლის რეაქტილი სისტემა ბმ-21 გრადიც ასევე ამ მანძილებზე მოქმედებს 152 მმ საბჭოთა ჰაუბიცების და ქვემეხების უმრავლესობა. შესაბამისად ცივი ომის პერიოდში საბჭოთა და დასავლური ბანაკის ქვეყნებში მრავლად შემუშავდა და შეიარაღებაში შევიდა 39 კალიბრი ლულის სიგრძის მქონე თვითმავალი საარტილერიო სისტემები, თუმცა აბსოლუტური უმრავლესობა კლასიკური კონსტრუქციის დაჯავშნული სავალი ნაწილით და კოშკურით.
ომში დაკარგული თითმავალი მუხლუოიანი დაჯავშნული 2C1 და 2C3 ჰაუბიცების დანაკარგის შესავსებად კლასიკური კონსტრუქციის კოშკურიანი დაჯავშნული საარტილერიო სისტემებია მიზანშეწონილი.
სომხეთის პოტენციური მოწინააღმდეგე, აზერბაიჯანის არმია წინა ომშიც და მომავალშიც საარტილერიო სისტემების გასანადგურებლად აქტიურად გამოიყენებს უპილოტო საფრენ აპარატებს და კონტრბატარიული არტილერიის ცეცხლს. შესაბამისად ფრონტის ხაზთან ახლოს მყოფი სომხური საარტილერიო სისტემების სიცოცხლისუნარიანობის შესანარჩუნებლად მათი შეჯავშნულობა მნიშვნელოვანი აუცილებლობაა.
MArG 155 – BR ტტმ:
კალიბრი – 155 მმ
ლულის სიგრძე – L/39 (5,08 მ)
მასა – 18 ტონა
შასი – 4X4 Ashok Leyland Mk 4
საბრძოლო კომპლექტი მანქანაზე – 18 ჭურვი/18 მუხტი
ტექნიკური სწრაფსროლა – 42 გასროლა 60 წუთში.
სროლის მაქს. მანძილი – 24,7 კმ
პოზიციონირება დამიზნების სისტემა – GPS/INS
ჭურვის სიჩქარის მზომი – აქვს.
სიგრძე – 9,3 მეტრი
სიგანე – 2,65 მეტრი
სიმაღლე – 3,16 მეტრი
Leave a comment