NATO, Россия, Україна

რეალურად NATO-ს სამხედრო რესურსი დღეს რუსეთს ერთი თითით ეომება, ისიც უკრაინის ხელით.

ამავე დროს რუსეთმა 2024 წლის მდგომარეობით, ომის გამოუცხადებლად, საკუთარი საწარმოო, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური რესურსის თითქმის მაქსიმუმი აამუშავა და მიიტანა ბრძოლის ველზე ჯარების ყველა სახეობაში და გვარეობაში. (გარდა ბირთვულისა).

2023 წლის შუა პერიოდამდე კიდევ გრძელდებოდა ეტაპი როცა რუსეთს შეეძლო ტექნოლოგიური სიახლეების გამოჩენა, უკვე ერთი წელია მსგავსი მაღალი მნიშვნელობის მქონე აღარ მომხდარა.

სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების გამორიცხვით, უკვე გამოკვეთილად ჩანს სურათი სამივე სამოქმედო დონეზე, რა ტიპის, რა ტექნიკური შესაძლებლობების, როგორი ტაქტიკით მოქმედი ძალა უნდა დაამარცხოს გაერთიანებულმა ევრო-ამერიკულ- უკრაინულმა რესურსმა.

ამ მოცემულობით მეტ-ნაკლებად კარგად ჩანს რა შეუძლია რუსულ არმიას შემდეგ ძირითად კომპონენტებში:

– ყველა სახეობის და გვარეობის შენაერთების და ქვედანაყოფების მართვის სისტემაში გამოყენებული კავშირგაბმულობის და ჯარების მართვის ერთიანი ციფრული სისტემების გავრცელების დონე და შესაძლებლობები, სუსტი და ძლიერი მხარეები.

– სახმელეთო ჯარების მოტომსროლელი და მექანიზებული ბრიგადების ტაქტიკა და ტექნოლოგიური დონე.

– საშტატო ქსმ ების და ჯტრ-ების რეალური საბრძოლო შესაძლებლობები.

– ამავე ბრიგადების არტილერიის დივიზიონების შესაძლებლობები და ტაქტიკა.

– ამავე ბრიგადების სადაზვერვო ქვედანაყოფების ტექნიკური უზრუნველყოფის დონე დრონების და სახმელეთო დაზვერვის კომპლექსების მიმართულებით.

– ამავე ბრიგადების სატანკო ბატალიონების ტაქტიკა და ტექნოლოგიური დონე.

– ამავე ბრიგადების საჯარისო ჰაერსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების შეირაღების ეფექტურობის მაჩვენებელი სხვადასხვა საფრენი აპარატების წინააღმდეგ.

– ბრიგადებში არსებული ბატალიონების და ბრიგადის დონის რებ-ის კომპლექსების ტექნიკური შესაძლებლობები და მათი ტაქტიკა.

– ბრიგადებში არსებული და ცალკეულად მოქმედი სადაზვერვო და კამიკაძე დრონების ქვედანაყოფების ტაქტიკა.

– რუსული კამიკაძე დრონების ტექნიკური დონის და წარმოების განვითარების დინამიკა, მათი როლი ბრძოლის ველზე.

– ტანკსაწინააღმდეგო ქვედანაყოფების მუშაობის ტაქტიკა და შესაძლებლობები.

– ცალკეული სატანკო და საარტილერიო ბრიგადების ტაქტიკა და ტექნიკური დონე.

– მოდერნიზებული რუსული ტანკების რეალური შესაძლებლობები.

– მექანიზებულ, მოტომსროლელ, საარტილერიო და სატანკო ბრიგადებში დაზიანებულ-განადგურებული ტექნიკის შევსების მაჩვენებელი.

– ჯავშანტექნიკის და საარტილერიო სისტემების წარმოების და კონსერვაციიდან მოხსნა-აღდგენის ტემპები.

– საჰაერო თავდაცვის პოლკების, ბრიგადების და დივიზიების შეიარაღებაში არსებული ძველი საბჭოური და ახალი რუსული, შორი და საშუალო მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების და რადიოლოკაციური სადგურების რეალური შესაძლებლობები.

– საჰაერო ძალების საარმიო და საფრონტო ბომბდამშენი-მოიერიშე ავიაციის პოლკების ტაქტიკა, შეიარაღების შესაძლებლობები, მკვეთრად გაუმჯობესებული საინფორმაციო ბაზა რუსული საბრძოლო საფრენი აპარატების რადიოლოკაციურ და სითბურ კვალზე. მათ საბორტე რებ-ის სისტემების შესაძლებლობები.

– ამავე პოლკების შეიარაღებაში არსებული საავიაციო საბრძოლო მასალების შესაძლებლობები, სიზუსტე, მინუსები და პლიუსები.

– განახლებული საინფორმაციო-სადაზვერვო ბაზა სამხედრო აეროდრომების და საბრძოლო მასალების დიდი საცავების შესახებ.

– ინფორმაცია რუსული სტრატეგიული ბომბდამშენი-რაკეტმზიდი ავიაციის ესკადრილიების სამუშაო აეროდრომების შესახებ. აეროდრომების საბრძოლო მასალებით მომარაგების გზები.

– განახლებული საინფორმაციო ბაზა რუსული საინჟინრო ქვედანაყოფების მუშაობის ტაქტიკაზე და არსენალზე, მათ შორის შეიარაღებაში მყოფი უახლესი ნაღმების კუთხით.

– ცალკეული სარაკეტო ბრიგადების ტაქტიკა და ტექნიკური შესაძლებლობები.

– ახლო რადიუსის ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების წარმოების მასშტაბები.

და ასე შემდეგ….

ეს სურათი გამოსაკვეთი იყო და გაწელილი ომის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.

ამ ეტაპზე რუსული არმიის შეიარაღებაში სწრაფი ტექნოლოგიური ნახტომი ჩრდილო კორეიდან ან ირანიდან მიღებულ დახმარებას არ შეუძლია.

თუმცა შეუძლია ჩინურს, რაც ნაკლებად მოსალოდნელია, რომ მნიშვნელოვანი მასშტაბებით მოხდეს.

თუ გამოვალთ იმ მოცემულობიდან, რომ NATO-ს გაერთიანებულ სამხედრო შესაძლებლობებს რუსეთის დამარცხება აქვს გადაწყვეტილი, მაშინ ჩრდილოელი მეზობლის შძ-ს უკრაინაში კარგი არაფერი ელის.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑