HIMARS- ომის წესების შესაცვლელად

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის ფონზე, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის მიწოდებული მაღალი სიზუსტის სარაკეტო სისტემები, განსაკუთრებით კი აშშ-ს წარმოების M-142 HIMARS (High Mobility Artillery Rocket System), ერთ-ერთ გადამწყვეტ ტექნიკურ ინსტრუმენტად იქცა უკრაინული არმიის ეფექტიანობის ამაღლებაში. ამ სტატიაში დეტალურად მიმოვიხილავ HIMARS-ის სისტემას, სისტემის ტექნიკურ მახასიათებლებს და ტაქტიკურ-ოპერატიულ მნიშვნელობას თანამედროვე ომში.

M-142 HIMARS წარმოადგენს ამერიკული წარმოების თანამედროვე მაღალი მობილურობის რეაქტიული არტილერიის უნივერსალურ სისტემას, რომელიც აგებულია ბორბლებიან საერთო-საჯარისო გამოყენების M1140 FMTV შასიზე და აღჭურვილია მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოდულით. მისი ძირითადი უპირატესობა მდგომარეობს მაღალ სიზუსტესა და ცეცხლის მოქნილობაში. უკრაინაში ამ სისტემების გამოყენება დაიწყო 2022 წლის ზაფხულიდან და მალევე იქცა ოპერატიული მნიშვნელობის მქონე შეიარაღების სისტემად.

კონცეფცია და შემუშავების ისტორია:

სისტემა შემუშავებულია 1996-2000 წლებში, აშშ-ის არმიის დაკვეთით კომპანია Lockheed Martin-ის მიერ და 2003 წლიდან იწყება მისი წარმოება კომპანიების Lockheed Martin და BAE Systems-ის მიერ. სისტემის შექმნის კონცეფცია დაფუძნებული იყო ახალი ბორბლებიანი, მსუბუქი რეაქტიული სისტემის შემუშავებაზე, რომელიც იქნებოდა ავიატრანსპორტირებადი C-130 ტიპის თვითმფრინავებით და საბრძოლო მასალის კუთხით (227 მმ რეაქტიული რაკეტები და ბალისტიკური რაკეტა ATACMS) თავსებადი იქნებოდა მანამდე შეიარაღებაში არსებული მუხლუხოიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა M270 MLRS თან.

აშშ-ის არმიაში 1983 წლიდან ფართოდ გამოყენებადი მუხლუხოიანი ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემა M270 MLRS

თუმცა მსგავსი მსუბუქი რეაქტიული სარაკეტო სისტემის საჭიროება აშშ-ის არმიაში ჯერ კიდევ 1983 წლიდან იკვეთება, როდესაც დიდი ისტორიის მქონე მე-9 ქვეითი დივიზია პერეფორმირდება მოტორიზებულად და high-Technology Test-Bed (HTTB) პროგრამის ფარგლებში ერთგვარ სატესტო შენაერთად იქცევა სადაც უახლესი შეიარაღების და ახალი ტიპის ორგანიზაციულ-საშტატო სტრუქტურის პრაქტიკაში დანერგვა იწყება. გათვლებით დივიზია მთელი თავისი საშტატო შეიარაღებით მარტივად ავიატრანსპორტირებდი უნდა ყოფილიყო, მათ შორის დივიზიის არტილერიაც სადაც ახალი შტატით მძიმე მუხლუხოიანი M-270 MLRS შედიოდა, რომელიც თავის მხრივ მოუქნელი სისტემაა. თუმცა იმ პერიოდში აშშ-ის შეიარაღებული ძალების საველე არტილერიის სკოლამ ეს ინიციატივა დაბლოკა და რამდენიმე წლიანი სამომავლო პერსპექტივისთვის გადადო. აქცენტი დივიზიის არტილერიის შემადგენლობაში მყოფი რეაქტიული არტილერიის ბატალიონში ისევ მძიმე M-270 ის კონფიგურაციაზე გაკეთდა.

HIMARS ის კონცეფციის მთავარი ამოსავალი წერტილი, ახალი ავიატრანსპორტირებადი მსუბუქი სისტემის შემუშავება იყო.

1990-1991 წლებში ერაყში ოპერაცია “უდაბნოს ქარიშხალმა” ისევ დღის წესრიგში დააყენა არმიისთვის მსუბუქი რეაქტიული სისტემის აუცილებლობის საკითხი. ოპერაციის ფარგლებში ერაყში М-270 ების და მისი საბრძოლო მასალების დროული გადასროლა საკმაოდ ძვირადღირებული და პრობლემური აღმოჩნდა. შესაბამისად არმიის საველე არტილერიის სკოლამ და ავიაციისა და სარაკეტო შეიარაღების სარდლობამ AMCOM-მა ერთობლივად მოითხოვეს HIMARS-ის პროგრამის დაფინანსება.
უკვე 1991 წლის აპრილში, HIMARS-ის პირველადი კონცეპტუალური ნიმუში გამოსცადეს White Sands-ის სარაკეტო პოლიგონზე. თუმცა ამ სისტემას თანამედროვე “ჰაიმარსთან” ბევრი არაფერი ქონდა საერთო.

1991 წლის აპრილში გამოცდილი პირველი პროტოტიპი

სისტემა პირველად საჯაროდ 1993 წელს გამოჩნდა. 1996 წელს კი აშშ-ის არმიის სარაკეტო სარდლობამ კომპანია Lockheed Martin-ს 23.2 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა პირველი ოთხი პროტოტიპის ასაგებად. 1998 წლის აპრილში, საცდელი გამშვები მანქანები გადაეცა მე-18 საჰაერო-სადესანტო კორპუსს ორ წელზე გაწერილი გამოცდებისთვის. გამოცდების უშუალოდ ჩატარება დაევალა კორპუსის შემადგენლობაში არსებულ 27-ე საველე არტილერიის პოლკის მე -3 ბატალიონს.

გამშვები მანქანა თავიდან იცდებოდა M26 სერიის 227 მმ უმართავი რაკეტების გაშვებაზე, უკვე 1998 წლის ივლისში გამშვები მანქანებიდან ჩატარდა ATACMS- ის ტიპის ბალისტიკური რაკეტების სატესტო გაშვებებიც . 1999 წლის დეკემბერში, ავიაციისა და სარაკეტო შეიარაღების სარდლობამ Lockheed Martin-ს დამატებით 65 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა საწარმოო ბაზის ტექნოლოგიური განვითარებისთვის. ამ კონტრაქტის თანახმად, Lockheed Martin-მა 2001 წლის ბოლოს არმიას გამოცდებისთვის ექვსი გაუმჯობესებული HIMARS მიაწოდა.

XM-142 ტიპის სატესტო სარაკეტო გამშვები მანქანა. 2002 წლის მარტი.

2003 წლის აპრილში არმიამ Lockheed Martin-ს 96 მილიონი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა დაბალი მოცულობით საცდელი წარმოების დასაწყებად . დაახლოებით ამავე პერიოდში, საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსმაც შეფასების მიზნით ორი ერთეული სისტემა შეუკვეთა.
2005 წლიდან კი სისტემა M142 HIMARS ის ოფიციალური დასახელებით საბრძოლო ქვედანაყოფების შეიარაღებაზე დადგა. პირველი მანქანები ჩრდილო კაროლინაში, ფორტ ბრეგში დისლოცირებულ 27-ე საველე არტილერიის პოლკს გადაეცა.
2019 წლის მდგომარეობით სისტემა იწარმოებოდა არკანზასის შტატში Lockheed Martin Missiles & Fire Control-ის საწარმოში. 2025 წლის მდგომარეობით აგებულია 600 ზე მეტი სისტემა საიდანაც ცალის ღირებულება 5 325 700 $ ია.

HIMARS ის ერთ-ერთი პირველი საცდელი მანქანა საბრძოლო ნაწილის სერიული კონფიგურაციით
M142 HIMARS თანამედროვე კონფიგურაცია

კონსტრუქციული აგებულება
M142 HIMARS-ს აქვს კლასიკური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის აგებულება. სერიულად წარმოებული კონფიგურაციები აგებულია აშშ-ის არმიაში ფართოდ გამოყენებადი M1140 FMTV ტიპის 6X6-ზე ფორმულის ბორბლებიანი სავალი ნაწილის მქონე სატვირთო მანქანაზე.
მანქანა შედგება ორი ძირითადი ნაკვეთურისგან: წინა დაჯავშნული კაბინა 3 კაციანი ეკიპაჟის სამუშაოდ და უკანა საბრძოლო ნაწილი, რომელიც წარმოდგენილია ავტომატიზირებული სარაკეტო გამშვები ჩარჩოს კონსტრუქციაში. გამშვები ჩარჩო გათვლილია 1 ცალი 6 რაკეტიანი ერთჯერადი უნიფიცირებული სარაკეტო პაკეტის/პოდის მოთავსებაზე. ერთჯერადი სარაკეტო პოდები თავდაპირველად M-270 MLRS-ისთვის შეიქმნა, რომლის გამშვებ ჩარჩოშიც 2 ასეთი პოდი თავსდება. პაკეტი/პოდი სტანდარტული ზომებისაა და მასში გაბარიტულად თავსდება 6 ერთეული 227 მმ რაკეტა ან 1 ერთეული ATACMS-ის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, ასევე უახლესი PrSm ტიპის 2 რაკეტა. გამშვები ჩარჩო ზედა ნაწილში აღჭურვილია რაკეტების პოდის გადასატენი ამწე მექანიზმით, რომელსაც სარაკეტო პოდის აღება პირდაპირ მიწიდანაც შეუძლია.

MGM-140 ATACMS ის რაკეტა და 6 ცალი 227 მმ რაკეტიანი ერთჯერადი პოდი.

HIMARS საბრძოლო ექსპლუატაციის კუთხით სრულად ავტომატიზირებული სისტემაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მანქანას პოზიციის დაკავება, დამიზნება და სროლა ეკიპაჟის კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, ამის საშუალებას მანქანის ნავიგაციის, დამიზნების და ზოგადად ცეცხლის მართვის სისტემაში გლობალური სანავიგაციო სისტემა GPS ის და სრულად ავტონომიური ინერციული ნავიგაციის INS-ის ბლოკის ინტეგრაცია იძლევა. ზოგადად ავტომატიზაციის მსგავსი დონე სტანდარტული მინიმალური ტექნიკური შესაძლებლობების პაკეტია ნებისმიერი სხვა თანამედროვე რეაქტიული არტილერიის სისტემისთვის.
ცეცხლის მართვის სისტემა აერთიანებს მანქანის ყველა ელექტრო-მექანიკურ კომპონენტს და თავსებადია ჯარების მართვის და კავშირის ერთიან C3/C4/C5 სისტემებთან. გამშვები მანქანები შესაძლებელია მუშაობდეს როგორც ბატარეის შემადგენლობაში ასევე ცალკეულ საცეცხლე ერთეულადაც.

მანქანის საცეცხლე ნაწილის მართვის ტაქტიკური
კომპიუტერი მსროლელ-ოპერატორის სამუშაო ადგილზე

ზოგადად აშშ-ის არმიაში ის კონცეფცია რომლითაც HIMARS შეიქმნა და გამოიყენება, სამიზნის განადგურებას მინიმალური რაოდენობის, ზუსტი დამიზნების საბრძოლო მასალით და მინიმალური გვერდითი სამოქალაქო მსხვერპლით ითვალისწინებს. შესაბამისად HIMARS ის საბრძოლო მასალის ძირითადი სახეობა 2005 წლიდან შემუშავებული GMLRS სერიის რაკეტებია, რომლებიც მუდმივ რეჟიმში განიცდის მოდერნიზაციას. ამ რაკეტების სროლის მანძილიდან გამომდინარე (85 კმ) მათი როლი ბრძოლის ველზე ოპერატიულ-ტაქტიკურია.
ეს მიდგომა არ ემთხვევა კლასიკური რეაქტიული არტილერიის მუშაობის პრინციპს, რომლის მიხედვითაც მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ცივი ომის პერიოდში ჩამოყალიბებული ზოგადი საერთო სახით, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები ფართობის დამუშავებაზე გათვლილი სისტემები იყო, რომლებიც იაფიან უმართავ რაკეტებს ისროდნენ ფართობზე გაშლილ მიზნებზე. წერტილოვანი ცეცხლისთვის კი ლულიანი არტილერია გამოიყენებოდა.
ამ მიდგომითაა შექმნილი მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული სისტემა БМ-21 Град, მისი სხვადასხვა 122 მმ-იანი კლონები, საბჭოთა სისტემები 9П140 Ураган, 9К58 Смерч, იგივე ამერიკული M-270 MLRS პირველი თაობის M-26 რაკეტებით, ისრაელის წარმოების LAR-160, გერმანული LARS-1 და LARS-2, იუგოსლავიური M-87 Orkan და სხვა.

M142 HIMARS – გამშვები მანქანის ზოგადი ტექნიკური მონაცემები:

მახასიათებელიმნიშვნელობა
შასიM1140 6×6 ბორბლებიანი შასი
მასა16 250 კგ
სიჩქარე85 კმ/სთ
სვლის მარაგი480 კმ
ძრავიCaterpillar 3116 ATAAC 6.6 L დიზელი. 290 ცხ/ძალა. 17.8 ცხენი/ტონაზე
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე7000 მმ / 2400 მმ / 3200 მმ
ეკიპაჟი3 ადამიანი
ავტონომიური ნავიგაციის სისტემის სიზუსტე1 მეტრი ცდომილება 300 კმ-ზე.

………..

სარაკეტო გამშვები მანქანის კონსტრუქციაში შემავალი ძირითადი შემადგენელი კომპონენტები:

მანქანის ცეცხლის მართვის სისტემის კომპონენტები გადანაწილებულია ეკიპაჟის სამუშაო კაბინაში, კაბინის უკან არსებულ დამატებით ბლოკებში და სარაკეტო მოდულში.
გამშვები მოდული ზის 360 გრადუსით მბრუნავ საყრდენ ღერძზე და ბრუნავს მარჯვენა და მარცხენა მხარეს, მოდულის ვერტიკალურ ამაღლებას უზრუნველყოფს ჰიდრავლიკური მექანიზმი, ერთი ცალი ჰიდრავლიკური ცილინდრით.

ჰიდრავლიკური ცილინდრი და პაკეტის დამტენი ამწე მექანიზმი მუშაობაში

გამშვები პოდი აღჭურვილია ამწე მექანიზმით რომელიც გვარლების საშუალებით პირდაპირ მიწიდან წევს 2 ტონიან სარაკეტო პაკეტს/პოდს. ამწე მექანიზმი იმართება კაბელიანი პულტით.
სროლის შემდეგ ცარიელ პაკეტს ამწე მექანიზმი გამშვებიდან გამოიტანს და მიწაზე დებს.

ცეცხლის მართვის სიტემა

“ჰაიმარსის” ავტომატიზირებული ცეცხლის მართვის სისტემა შედგება ერთმანეთთან დაკავშირებული სხვადასხვა ცალკეული ბლოკისგან, რომელთა უმეტესობა გამშვები პაკეტის კონსტრუქციაში რაკეტების პოდის ორივე მხარეს არსებულ ნაკვეთურებშია მოთავსებული. ბლოკებზე სწრაფი წვდომისთვის კორპუსის და პაკეტის შესაბამის ნაკვეთურებზე დატანებულია მცირე ზომის კარებები რომელიც ინდივიდუალური საკეტებითაა დაკეტილი და მათზე წვდომა მხოლოდ მანქანის ეკიპაჟს აქვს.

ცეცხლის მართვის სისტემის საერთო აგებულება და კომპონენტების განლაგება.
ცეცხლის მართვის სისტემის კომპონენტების განლაგება

HIMARS აღჭურვილია კომპანია L3Harris ის წარმოების უნივერსალური ცეცხლის მართვის სისტემით COMMON FIRE CONTROL SYSTEM (CFCS). სიტემა მოიცავს სამ ძირითად ბლოკს:
CLCU – common launder control units, იგივე HULIU. არის არის ცეცხლის მართვის სისტემის ბირთვი, ცენტრალიზებული კვანძი, რომელიც მართავს შიდა და გარე კომუნიკაციას. ეს ბლოკი აკონტროლებს სისტემის სიმძლავრეს, ჰიდრავლიკის სისტემაში სითხის დონეს, ტემპერატურასა და წნევას. ბლოკი კონსტრუქციაში შეიცავს საერთო დანიშნულების ქსელურ კომპიუტერს.
WCU– weapon control units, იგივე UWIU. – სარაკეტო ჩარჩოს მაკონტროლებელი ბლოკი.
PSU – power switching units – ელექტრო სისტემის მაკონტროლებელი ბლოკი

1. HIMARS ის სისტემა აღჭურვილია კომპანია L3Harris ის წარმოების უნივერსალური ცეცხლის მართვის სისტემით COMMON FIRE CONTROL SYSTEM (CFCS). სიტემა მოიცავს სამ ძირითად ბლოკს:

1. CLCU – common launder control units, იგივე HULIU. არის არის ცეცხლის მართვის სისტემის ბირთვი, ცენტრალიზებული კვანძი, რომელიც მართავს შიდა და გარე კომუნიკაციას. ეს ბლოკი აკონტროლებს სისტემის სიმძლავრეს, ჰიდრავლიკის სისტემაში სითხის დონეს, ტემპერატურასა და წნევას. ბლოკი კონსტრუქციაში შეიცავს საერთო დანიშნულების ქსელურ კომპიუტერს.
2. WCU- weapon control units, იგივე UWIU. – სარაკეტო ჩარჩოს მაკონტროლებელი ბლოკი.
3. PSU – power switching units – ელექტრო სისტემის მაკონტროლებელი ბლოკი

……….

1,1. 2011 წელს HIMARS-ის ცეცხლის მართვის სისტემის CLCU ბლოკში მთავარ კომპიუტერი განახლდა და ჩამონტაჟდა General Electric ის წარმოების PowerXtreme PPC7EP. ეს კომპიუტერი იყენებს 1-GHz Motorola MPC7448 PowerPC პროცესორს. ეს მაღალი ხარისხის პროცესორი დამზადებულია 90 ნმ სილიციუმის იზოლატორის ტექნოლოგიის გამოყენებით. თითოეული HIMARS იყენებს სამ ასეთ დაფას და PMCGA4C გრაფიკულ ბარათს.

……….

2. მსროლელი ოპერატორის უნივერსალური კომპიუტერი Gunners Display Unit. რაკეტების სროლისთვის. ოპერაციების უმეტესობა კონტროლდება ეკრანის მიმდებარე პროგრამირებადი ფუნქციური კლავიშებით. ამ კომპიუტერში ხდება სამიზნიის კოორდინატების შეყვანა და სარაკეტო გამშვების დამიზნებისთვის საჭირო სხვა პროგრამული სამუშაოების ჩატარება. წითლად დაცული ღილაკებია Power, Arm და Fire.

……….

3. UWIU (შეიარაღების ინტერფეისის უნივერსალური ბლოკი) უზრუნველყოფს საკონტროლო სიგნალების გაშვებას სარაკეტო პოდში, ახდენს რაკეტის გაშვებას მასზე შესაბამისი სიგნალის გადაცემით. ბლოკის პროგრამული ნაწილი შეიცავს რაკეტის ბალისტიკური დამიზნების ალგორითმებს, გაშვების წინ უშუალოდ რაკეტაში ახდენს სამიზნის GPS კოორდინატების ჩატვირთვას.

……….

4. რაკეტებით დატენილ პოდს, სტანდარტიზებულ კონექტორით UWIU ბლოკიდან გამომავალი ორი კაბელი უკავშირდება ქვედა უკანა მხარეს. ერთი კაბელი იძლევა დისკრეტულ სიგნალებს რაკეტების ცალკეული გაშვებისთვის. მეორე კაბელი უზრუნველყოფს სამიზნის GPS კოორდინატების შეყვანას, აპროგრამებს საბრძოლო ქობინს და უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებას.

……….

5. HIMARS-ს აქვს სარაკეტო პოდთან კავშირის ოთხი კონექტორი, GMLRS ტიპის რაკეტების პოდი იყენებს მხოლოდ ორს. ბალისტიკური ATACMS-ის გაშვებისას კი გამოიყენება დამატებითი ორი კაბელიც, მეტი სიმძლავრის, მაღალსიჩქარიანი Ethernet-ისა და მონაცემების მიწოდებისთვის.

……….

5.1. რაკეტები გაშვებისას HIMARS ის კორპუსზე აფრქვევენ მაღლკოროზიულ
გამონაბოლქვს. ამიტომ აუცილებელია, რომ კაბელების კონექტორების კონტაქტორი წვერები გაიხეხოს/გაიწმინდოს ხშირ ხშირად.

……….

6. chemical air filtration unit (CAFU) – ბლოკი ეკიპაჟისთვის ჰაერის ქიმიური ფილტრაციისთვის.
ჩართულია რაკეტების გაშვების პროცესში.

……….

7. ახალი სარაკეტო პოდის სისტემასთან დაკავშირებამდე, კაბელებში ხდება მოხეტიალე ძაბვის შემოწმება UWIU-ს გამოყენებით, რათა შეამოწმოს დამოკლებები ან ძაბვა კაბელებში, სანამ მათ რაკეტებზე მიამაგრებს. პროცედურას ეწოდება “Short/No Voltage Test” (SNVT) და უზრუნველყოფს, რომ რაკეტები შემთხვევით არ ამოქმედდეს მოხეტიალე ძაბვის გამო.

……….

8. ნავიგაციისა და პოზიციონირების უნივერსალური ბლოკი. პოზიციის სწორად დასაკავებლად, საკუთარი ზუსტი კოორდინატის მისაღებად და სარაკეტო ჩარჩოს დასამიზნებლად საჭირო ამაღლების და აზიმუტის გამოსათვლელად.
ბლოკი L3 Position navigation unit შეიცავს, L3 IMU Inertial Measurement Unit-ს, RL-34 ტიპის ლაზერულ გიროსკოპს, (Ring Laser Gyro (RLG)), GPS მიმღებს, ოდომეტრებს და აქსელერომეტრებს. სისტემა “ჰაიმარსის” ავტომატიზაცია და ავტონომიურობა დიდწილად ამ ბლოკზეა დაშენებული.

……….

9. საჭიროების შემთხვევაში სარაკეტო მანქანაში ახალი პროგრამული უზრუნველყოფა იტვირთება RMU (Ruggedized Memory Unit) ბლოკიდან. ეს არის 1 GB მოცულობის USB ფლეშ მეხსიერების ჩიპი, სამხედრო შესრულების დაპატენტებულ პაკეტში. მრგვალ სამხედრო კონექტორს აქვს მოკლედ მოჭრილი ორი პინი, რადგან USB-მ უნდა დააკავშიროს დამიწება მონაცემების მიღებამდე.

……….

10. HIMARS-ის სისტემა იყენებს სამ ძირითადი ტიპის საკომუნიკაციო სისტემას, ესენია:
– VHF/FM რადიოსადგური,
– მაღალი სიხშირის (HF) რადიოსადგური უფრო დიდი დიაპაზონისთვის
– ციფრული სიტუაციური კონტროლის სისტემა JBC-P.

10.1. VHF/FM L3Harris SINCGARS RT-1523 ტიპის ორი ერთეული რადიოსადგური.
ერთი სადგური განკუთვნილია ხმოვანი კომუნიკაციისთვის, მეორე მონაცემების გადასაცემად.

……….

10.2. მეორე რადიოსადგური Harris AN/PRC-150 RT-1694D. სამუშაო დიაპაზონი HF: 1.6 MHz – 29.9999 MHz. კომპლექტში აქვს მაღალი სიხშირის Harris RF-3134 ანტენა. გათვნილია შორ მანძილზე კომუნიკაციისთვის და ინფორმაციის მისაღებად.

……….

10.3. მესამე საკომუნიკაციო სისტემა არის Joint Battle Command Platform (JBC-P), ციფრული ქსელური სიტუაციური ცნობიერების და ბრძოლის მართვის ინტერაქტიული პლატფორმა. ის წარმოადგენს ციფრული ტაქტიკური რუკების, კავშირგაბმულობის და მონაცემთა მუდმივი გაცვლის სისტემას. აჩვენებს საკუთარ და მტრის ძალებს რუკაზე ტაქტიკურ ჩატთან ერთად.
აშშ-ის არმიის კუთვნილი HIMARS ების JBC-P გაერთიანებულია და ჩართულია დაზვერვის, თვალთვალისა და რეკოგნოსცირების (ISR – Intelligence, Surveillance and Reconnaissance) ერთიან სისტემაში.

……….

11. დაშიფრული სატელიტური კავშირის და მონაცემთა მიმოცვლის სისტემა, L-ბენდის/ჯგუფის სატელიტური კომუნიკაციის არხებით. იყენებს Blue force tracking-ის ტრანსივერების სისტემას ორი ტიპის BFT1(MT-2011) და BFT2 მოდელის სატელიტური ტრანსივერებით, ტრანსივერების სამუშაო დიაპაზონი 950-2150 მეგაჰერცია. შეუძლია მონაცემთა ორმხრივი მიმოცვლა 80-90 კილობიტი/წამი სიჩქარით. KGV-72 ტიპის პროგრამირებად შიდა დაშიფრვის მოწყობილობას. სისტემის შემადგენლობაში შედის ასევე 1 ცალი DAGR (სამხედრო GPS).

საბრძოლო მასალის ნომენკლატურა:

HIMARS გათვლილია გამორჩეულად მრავალფეროვანი საბრძოლო მასალის სროლაზე. შეუძლია როგორც 227 მმ კალიბრის ძველი უმართავი რაკეტების სროლა ასევე მისთვის შექმნილი GMLRS სერიის ზუსტი დამიზნები რაკეტების, ATACMS ის ბალისტიკური, GMLRS ER გაზრდილი მანძილის, უახლესი PrSm და ჰიბრიდული GLSDB რაკეტების გაშვება. ეს ამ სისტემას თავის კლასში პრაქტიკულად საუკეთესოდ აქცევს და შეუძლია მთელი რიგი ტაქტიკური და ოპერატიული ამოცანების გადაჭრა. ნომენკლატურაში შედის შემდეგი ტიპის რაკეტები:



MFOM – MLRS Family of Munitions ოჯახის რაკეტები:
M-26 სერია
M-26 რაკეტების სერია შექმნილია M-270 MLRS სისტემისთვის და დღეს-დღეობით კონცეპტუალურად მოძველებულია. აშშ-ის სამხედრო ძალებში ეს რაკეტები პრაქტიკულად აღარ გამოიყენება თუმცა დარჩენილია სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებაში.

M26 – 227 მმ უმართავი რაკეტა 644 ცალი M77 ტიპის კასეტური მსხვრევად-კუმულაციური DPICM ელემენტით. – სროლის მანძილი 15–32 კმ
M26A1 ER – 227 მმ უმართავი რაკეტა 518 ცალი M85 ტიპის კასეტური მსხვრევად-კუმულაციური DPICM ელემენტით. გაზრდილი სროლის მანძილი 15–45 კმ
M26A2 ER – 227 მმ უმართავი რაკეტა 518 ცალი M77 ტიპის კასეტური მსხვრევად-კუმულაციური DPICM ელემენტით. გაზრდილი სროლის მანძილი 15–45 კმ
M-28 AT2 – 227 მმ M26 რაკეტის გერმანული ვარიაცია. 28 ცალი AT2 ტანკსაწინააღმდეგო ნაღმით. სროლის მანძილი 15–38 კმ
227 მმ უმართავი რაკეტა M-26, კასეტური საბრძოლო ნაწილით.

………..
M-28 – სასწავლო რაკეტების სერია

M28 – 227  მმ M26 ის სასწავლო ვარიანტი სამი ბალასტური კონტეინერით და სამი კვამლის მარკირების კონტეინერით
М28А1 – 227 მმ ბლაგვ თავიანი შემცირებული მანძილის, 15 კმ-მდე მფრენი სასწავლო რაკეტა.
M28A2  – 227 მმ შემცირებულ ფასიანი სასწავლო რაკეტა. სროლის მანძილი 15 კმ.

M-26 სერიის რაკეტებზე გამოიყენებოდა ორი ტიპის ელექტრო-მექანიკური ამფეთქები M445 და M451.

M 26 ტიპის პირველი მოდიფიკაციის რაკეტა. M445 ამფეთქით და კასეტური საბრძოლო ნაწილით
M445 ტიპის ელექტრო მექანიკური ამფეთქი შედგება ელექტრონული პროგრამირებადი და მექანიკური შეყენების ელემენტებისგან. სარაკეტო გამშვებ პოდში მოთავსებული რაკეტების ამფეთქები გაშვების წინ პროგრამდება, რის მიხედვითაც ამფეთქის ამოქმედება და კასეტური საბრძოლო ნაწილის გაშლა 4 დან 199.9 წამამდეა შესაძლებელი, რაც რაკეტის სროლის მანძილის მიხედვით განისაზღვრება. ამფეთქის ელექტრონული მექანიზმი გასროლის შემდეგ ელექტრო დენით ავტონომიურ რეჟიმში იკვებება ამფეთქის ცხვირა ნაწილში ჩაშენებული ნაკადური გენერატორით.
M 26A1/A2 ტიპის კასეტური რაკეტები. ახალი M451 ამფეთქით.
M 26A1/A2 რაკეტებზე სროლის მანძილის 45 კმ-მდე გაზრდამ გამოიწვია ტრაექტორიის სიმაღლის ზრდაც. ამ შემთხვევაში საჭირო გახდა ახალი ამფეთქის შემუშავება და M445 ის ბაზაზე შემუშავებული იქნა XM451/M451 რომელსაც განახლებული ნაკადური გენერატორი ქონდა მაღალ სიმაღლეებზე შემცირებული ჰაერის ნაკადის და დაბალი წნევის პირობებში სამუშაოდ.

GMLRSგაზრდილი მანძილის ზუსტი დამიზნების რაკეტები

Guided Multiple Launch Rocket System (GMLRS) – გაზრდილ მანძილზე მოქმედი 227 მმ ზუსტი დამიზნების რაკეტების წარმოება დაიწყო 2005 წლიდან. M30 და M31 მოდიფიკაციებში, რომლებსაც ასევე აქვთ მრავალი ქვემოდიფიკაციები. რაკეტებს აქვს GPS და INS კომბინირებული დამიზნების ბლოკები, რისი წყალობითაც მაქსიმალურ 80-85 კმ მანძილებზე რამდენიმე მეტრიანი სიზუსტე მიიღწევა. მოქმედების მანძილიდან გამომდინარე რაკეტები ცდება ტაქტიკურ როლს და ოპერატიულ-ტაქტიკური დონის შეიარაღების სისტემებს განეკუთვნება. GMLRS რაკეტები არის HIMARS ის ძირითადი საბრძოლო მასალა. ძველი უმართავი M-26 რაკეტები ამ სისტემიდან პრაქტიკულად არ გამოიყენება.
2023 წლის მდგომარეობით ერთი ერთეული GMLRS რაკეტა მსხვრევადი უნიტარული ქობინით პენტაგონს $128 503 უჯდებოდა.

M30 – რაკეტა 404 ცალი DPICM M101 ტიპის კასეტური სუბელემენტით. სროლის მანძილი 10-60 კმ. 3,936 რაკეტა დამზადდა 2004-9 წლებში და შეჩერდა M30A1 მოდიფიკაციის შექმნის შემდეგ. დარჩენილ რაკეტებს ჩაუტარდა მოდერნიზაცია. M30A1 დონემდე. საბაზო M30 რაკეტაში ჩაყენებულია ESAD ტიპის ამფეთქი.
M30A1 – რაკეტა ალტერნატიული შრაპნელური ქობინით. სროლის მანძილი 15-92 კმ . მუხტი შეიცავს 182,000 ცალ ვოლფრამის შრაპნელურ მზა ელემენტს. წარმოებაშია 2015 წლიდან. აქვს უკონტაქტო რადიოამფეთქი 10 მეტრის სიმაღლეზე აფეთქების ფუნქციით. გამოიყენება ESAF ტიპის ამფეთქი.
M30A2 – რაკეტა ალტერნატიული შრაპნელური ქობინით. სროლის მანძილი 15-92 კმ. გაუმჯობესებული ძრავით. გამოიყენება ESAF ტიპის ამფეთქი.
M31 რაკეტები 91 კგ-იანი მაღალი ფეთქებადობის უნიტარული ქობინით.  სროლის მანძილი 15-92 კმ. წარმოებაში შევიდა 2005 წელს. ქობინი წარმოებულია General Dynamics-ის მიერ და შეიცავს 23 კგ PBX-109 ტიპის მაღალი სიმძლავრის ფეთქებადი ნივთიერების მუხტს. ფოლადის ფრაგმენტირებად კორპუსში. გამოიყენება ESAF ტიპის ამფეთქი.
M31A1 რაკეტები 91 კგ-იანი მაღალი ფეთქებადობის უნიტარული ქობინით.  სროლის მანძილი 15-92 კმ. გაუმჯობესებული საჰაერო დეტონაციის დისტანციური რადიოამფეთქით. გამოიყენება ESAF ტიპის ამფეთქი.
M31A2 რაკეტები 91 კგ-იანი მაღალი ფეთქებადობის სიმძლავრის უნიტარული ქობინით.  სროლის მანძილი 15-92 კმ. გაუმჯობესებული ძრავით. გამოიყენება ESAF ტიპის ამფეთქი.
M32 SMart  რაკეტის გერმანული ვარიანტი, წარმოებულია Diehl Defense-ის მიერ, შეიცავს 4 ცალ SMArt ტიპის სენსორ-დეტონირებად ტანკსაწინააღმდეგო საბრძოლო მასალას და ფრენის ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას. შემუშავებულია MARS II ტიპის სარაკეტო სისტემისთვის. გამოიყენება ESAF ტიპის ამფეთქი.
ER GMLRS – ახალი გაორმაგებულ მანძილზე მოქმედი რაკეტა 150 კმ-მდე ფრენის მანძილით. გაზრდილი აქვს სარაკეტო ძრავის სიგრძე. აქვს იგივე უნიტარული და შრაპნელური ქობინები. გამოიყენება ESAF ტიპის ამფეთქი.
GMLRS რაკეტების აგებულება
GMLRS კასეტური ქობინით. აგებულება
მართვის და დამიზნების სექცია/ბლოკი კასეტურ M30 GMLRS ში.
GMLRS უნიტარული ქობინით. აგებულება

……………..
GMLRS ის დამიზნების სისტემების კომპონენტები

GMLRS ის რაკეტები იყენებენ კომპაქტური ზომის, ზუსტი ნავიგაცია-დამიზნების GPS/INS ბლოკს HG1700. ბლოკის შემადგენლობაში შედის: NavStrike GPS მიმღები, კომპანია Honeywell ის წარმოების ინერციული ნავიგაციის ბლოკი, პროცესორის დაფა. ბლოკი იწონის 4 კგ-ს და მოიხმარს 25 ვატ სიმძლავრეს.
რაკეტის დამიზნების სისტემის მართვისთვის გამოიყენება ცენტრალური პროცესორი (CPU) Motorola MPC8260, 200 MHz იანი მიკროპროცესორით PowerPC 603e. 16 MB ფლეშ და 32 MB ოპერატიული მეხსიერებით.
GMLRS ის რაკეტების დამიზნების სისტემაში გამოიყენება კომპანია Honeywell ის წარმოების ლაზერული გიროსკოპი GG1308.
დამიზნების სისტემაში ინტეგრირებული NavStrike-ის GPS მიმღების დაფები.
რაკეტების ახალ ნიმუშებში ძველი NavStrike-ის GPS მიმღების დაფა შეიცვალა NavStrike-M დაფით, რომელსაც აქვს 24 არხიანი GPS M code-ს მხარდაჭერა. ამით მნიშვნელოვნად გაიზარდა რაკეტის დამიზნების სისტემის საიმედოობა ჩახშობის და ჯამინგის მიმართ, სიზუსტე კი 2-3 მეტრამდეა გაზრდილი.
დამიზნების GPS/INS ბლოკი HG1700 ის IMU დაშლილ მდგომარეობაში. დიამეტრში არის 94 მმ.
რაკეტის დამიზნების სისტემის კომპიუტერი მუშაობს Motorola MPC8260 პროცესორზე
GMLRS ის დამიზნების სიტემაში გამოიყენება 3 ცალი ზეზუსტი აქსელერომეტრი Honeywell RBA-500
ფრენის დროს დამიზნების განყოფილება ენერგიას იღებს ლითიუმ-იონური თერმული ბატარეიდან, რომელიც მდებარეობს რაკეტის ცხვირში. რაკეტის გაშვებამდე ბატარეაში ელექტროლიტი მყარ მდგომარეობაშია. გაშვებისას ელექტროლიტი დნება პიროვაზნის დახმარებით და ბატარეა იწყებს ელექტროენერგიის გამომუშავებას. რაკეტის ცხვირში ბატარეის წინ არის მიახლოების დოპლერული რადიოსენსორი, საიდანაც ESAF-ის ტიპის ჭკვიანი ამფეთქი მოწყობილობა იღებს ინფორმაციას რათა რაკეტის მუხტის დეტონაცია სამიზნის თავზე მოხდეს.

GMLRS რაკეტების ელექტრონული ჭკვიანი ამფეთქი მოწყობილობები:

M30 GMLRS ტიპის კასეტურ რაკეტებში გამოიყენება ESAD ის ტიპის ჭკვიანი ამფეთქი მოწყობილობა. ESAD ტიპის ამფეთქის ელექტრონული მოდული. ამფეთქი ESAD გამოიყენებოდა კასეტურ M30 GMLRS რაკეტებში და უზრუნველყოფდა კასეტური ქობინის სამიზნის თავზე გაშლას. აქვს ორ საფეხურიანი ელექტრონული დაცვის მექანიზმი არასანქცირებული ამუშავებისგან დასაცავად.
სხვა ტიპის GMLRS რაკეტებზე ეს ამფეთქი არ გამოიყენება და ჩანაცვლებულია ESAF ტიპის ამფეთქებით.

ამფეთქების ევოლუაცია М-26 დან GMLRS მდე.
M445 > M451 > ESAD > ESAF

ამფეთქი მოწყობილობა ESAD

ESAD ამფეთქი მოწყობილობის აგებულება
ESAD ტიპის ამფეთქის ელექტრონული მოდული. ამფეთქი ESAD გამოიყენებოდა კასეტურ M30 GMLRS რაკეტებში და უზრუნველყოფდა კასეტური ქობინის სამიზნის თავზე გაშლას. აქვს ორ საფეხურიანი ელექტრონული დაცვის მექანიზმი არასანქცირებული ამუშავებისგან დასაცავად.
სხვა ტიპის GMLRS რაკეტებზე ეს ამფეთქი არ გამოიყენება და ჩანაცვლებულია ESAF ტიპის ამფეთქებით.
ESAD ტიპის ამფეთქის განლაგება M30 GMLRS ის საბრძოლო ნაწილში
ESAD ის ელექტრონული სქემა

M-30A1/A2, M31, M31A1 და M31A2 GMLRS ის რაკეტებზე ალტერნატიული შრაპნელური მსხვრევადი საბრძოლო ნაწილის და ასევე უნიტარული მსხვრევადი მუხტების მაღალ დამაზიანებელ ეფექტს, საჰაერო აფეთქების ხერხით ESAF ის ტიპის ამფეთქი მოწყობილობა უზრუნველყოფს, რომელიც საბრძოლო ნაწილს მიწაზე დაცემამდე, მილიწამებით ადრე 10 მეტრის სიმაღლეზე აფეთქებს. ასეთი საჰაერო აფეთქებისას მზა ნამსხვრევების უდიდესი ნაწილი წრიულად 360 გრადუსით იფანტება და მაღალი ეფექტურობით აზიანებს ცოცხალ ძალას და ტექნიკას. საჰაერო დეტონაციისთვის ESAF ის ამფეთქი მოწყობილობა დაკავშირებულია რაკეტის ცხვირში არსებულ დოპლერულ რადიოსენსორთან, საიდანაც ESAF-ის ტიპის ამფეთქიიღებს ინფორმაციას რათა რაკეტის მუხტის დეტონაცია სამიზნის თავზე მოხდეს.

უკრაინაში გამოყენებისას ამ ტიპის საბრძოლო ნაწილებით აღჭურვილი GMLRS ები გამორჩეულად მაღალი ეფექტურობით ხასიათდება.
კონკრეტული ამოცანიდან გამომდინარე ESAF ის ამფეთქ მოწყობილობებს აქვს კონტაქტური და შეყოვნებული დეტონაციის ფუნქციაც, ეს ფუნქცია უმეტესად უნიტარულ მსხვრევად მუხტებზე გამოიყენება.

დისტანციური ამფეთქი მოწყობილობა ESAF

ამფეთქი მოწყობილობა ESAF ის შემადგენელი დეტალები
ESAF ამფეთქი მოწყობილობის ძირითადი ნაწილი, 3″ დიამეტრის ცილინდრი მოქცეულია რაკეტის ძრავის ნაკვეთურსა და საბრძოლო მუხტს შორის და ჩასმულია საბრძოლო ნაწილია უკანა მხრიდან შესაბამის ბუდეში.
რაკეტის ცხვირში ბატარეის წინ არის მიახლოების მზომი დოპლერული რადიოსენსორი, საიდანაც ESAF-ის ტიპის ამფეთქი მოწყობილობა იღებს ინფორმაციას რათა რაკეტის მუხტის დეტონაცია სამიზნის თავზე მოხდეს.
ESAF და სიმაღლის მზომი დოპლერული რადიოსენსორი
ESAF ის მაღალ ვოლტაჟური მაინიცირებელი ელექტროდეტონატორი.
მაინიცირებელი დეტონატორის აფეთქებისთვის, მაღალი ძაბვის კონდენსატორი გამოყოფს 1250 ვოლტს. დაბალ სიმძლავრეზე ფეთქებადი ფოლგური ინიციატორის — ე.წ. “slapper detonator”-ის — გასააქტიურებლად. შედეგად აქტიურდება დეტონატორის ძირითადი ასაფეთქებელი მუხტი, რაც საბოლოოდ იწვევს საბრძოლო მაინიცირებელი მუხტის აფეთქებას.
ER GMLRS გაზრდილი სიშორის, 150 კმ მდე მოქმედი რაკეტა.
M31 GMLRS უნიტარული ქობინით. ძირითადი კომპონენტების განლაგება
M31 GMLRS-ის უნიტარული 91 კგ-იანი მუხტი.
M31 GMLRS-ის უნიტარული 91 კგ-იანი მუხტის აგებულება.
GMLRS ის უნიტარული და ალტერნატიული მუხტების უნიფიკაცია
GMLRS ის კასეტური და უნიტარულ ქობინიანი კონფიგურაციების სიზუსტეების შედარება.
GMLRS ის კასეტური და უნიტარული კონფიგურაციების დამაზიანებელი რადიუსები.
უნიტარული ქობინის მოქმედება ნაჩვენებია ESAF ამფეთქის მუშაობის სამ რეჟიმში: საჰაერო აფეთქებით 10 მეტრი სიმაღლეზე.
მიწის ზედაპირთან აფეთქებით და შეყოვნებულ რეჟიმში.
M32 SMart  რაკეტის გერმანული ვარიანტი

GLSDB – ჰიბრიდული რაკეტები

GLSDB (Ground-Launched Small Diameter Bomb) ტიპის ახალი თაობის საბრძოლო მასალები, რომელიც გასულ წლებში ამერიკულმა BOEING-მა და შვედურმა SAAB-მა შეიმუშავეს.
150 კმ-ზე მოქმედი GLSDB არ არის კლასიკური ტიპის რეაქტიული ჭურვი ან რაკეტა. ის წარმოადგენს ადრეული მოდიფიკაციის M-26 რაკეტის სარაკეტო ძრავის და GPS/INS დამიზნებადი პლანირებადი მცირე დიამეტრის 110 კგ-იანი ბომბის GBU-39B SDB ის ჰიბრიდს.
ძრავის ნაკვეთურის დანიშნულება ბომბის 45 კმ-მდე მანძილზე და რამდენიმე კმ სიმაღლემდე გატანაა სადანაც შემდეგ პლანირებით აგრძელებს ფრენას. 45 კმ ის ფრენის შემდეგ ბომბი და ძრავის ნაკვეთური ერთმანეთისგან ცალკევდება, რის შემდეგაც GBU-39 ზე არსებული დაკეცილი ფრთები იშლება და ბომბი 110 კმ ზე მეტ მანძილს პლანირებით ფარავს. მართვის სისტემის პროგრამული უზრუნველყოფა სამიზნემდე სხვადასხვა არასწორხახოვანი ტრაექტორიით მიფრენას უზრუნველჰყოფს. რაკეტის საერთო მასა 270 კგ-ია
GLSDB იდეალური საბრძოლო მასალაა მტრის ზურგში მდგარი სარაკეტო კომპლექსების და საზენიტო-სარაკეტო სისტემების გასანადგურებლად. სამიზნეზე მოხვედრის სიზუსტე 5-8 მეტრია. საბრძოლო მასალა სტანდარტული რაკეტების მსგავსად 6 რაკეტიან კონტეინერებშია მოთავსებული. საგულისხმოა, რომ ამ საბრძოლო მასალისთვის M26 ის ძრავის ნაკვეთურებს ნორვეგიული კომპანია Nammo დაამზადებს თანამედროვე ტიპის სარაკეტო საწვავის გამოყენებით, რაც ძველ საწვავთან შედარებით იგივე მასა/მოცულობაში უფრო მეტი მანძილის დაფარვას უზრუნველჰყოფს.

GLSDB

MGM-140 ATACMS

MGM-140 ATACMS – Army Tactical Missile System – ბალისტიკური რაკეტების სერია. თავდაპირველად შეიქმნა M-270 MLRS სისტემისთვის. რაკეტა ცივი ომის კონცეფციებითაა შემუშავებული და მისი დანიშნულებაა კასეტური ან უნიტარული საბრძოლო მუხტით მოწინააღმდედის ოპერატიულ სიღრმეებში მაღალი ღირებულების სამიზნეების განადგურება, მაქსიმალურ 300 კმ-მდე მანძილზე. ATACMS-ის რაკეტის დიამეტრი 610 მმ-ია, სტანდარტიზებული ზომის გამშვებ პოდში 1 ასეთი რაკეტა თავსდება. შესაბამისად
M-270 სისტემას 2 ცალი რაკეტის გაშვება შეუძლია, HIMARS-ის სისტემას კი 1 ცალის.

MGM-140 ATACMS ის გაშვება HIMARS და M-270 სისტემებიდან.
ATACMS-ის რაკეტის გეომეტრიული ფორმა

ATACMS-ის ოჯახის ბალისტიკური რაკეტების მოდიფიკაციები:

M48 და M57 მოდიფიკაციების ზოგადი აგებულება
საცდელი-ექსპერიმენტული ნიმუში ბეტონგამტანი პენეტრატორი ქობინით.

PrSM

PrSM (Precision Strike Missile)- ახალი თაობის ზუსტი დამიზნების რაკეტა 500+ კმ ზე სროლის მანძილით. მოიაზრება MGM-140 ATACMS ის შემცვლელად. შემუშავებულია Lockheed Martin Missiles and Fire Control-ის მიერ აშშ-ის არმიის დაკვეთით სარაკეტო არტილერიის განვითარების ახალი დოქტრინის შესაბამისად. რაკეტის გაშვება შესაძლებელია იქნება HIMARS ის და მოდერნიზებული
M-270A2 სისტემებიდან. სატრანსპორტო გამშვებ პაკეტ/პოდში 2 ცალი PrSM ის რაკეტა თავსდება.
რაკეტის დიამეტრი – 430 მმ, სიგრძე 4000 მმ, საბრძოლო ნაწილის მასა 91 კგ.
დამიზნების სისტემა: კომბინირებული დამიზნების სისტემა საბაზო მოდელში GPS/INS მოდულია.
არსებობს კონფიგურაციები რადარსაწინააღმდეგო და ინფრაწითელი IIR (Imaging Infrared) დამიზნების სისტემითაც.
რაკეტის სროლის მინიმალური მანძილი 60 კმ-ია, მაქსიმალური კი 500 კმ-ზე მეტი.
რაკეტა თავისი შესაძლებლობებით და როლით ახლო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტების კლასშიც გადის და შუალედური სახეობაა რეაქტიული არტილერიის და ბალისტიკურ რაკეტას შორის.
2019 წლი დეკემბრიდან ეტაპობრივად მიმდინარეობდა PrSM რაკეტის ტესტირებები სხვადასხვა რეჟიმში, სხვადასხვა მანძილებზე და სამიზნეებზე HIMARS-ის და M-270A2 ის სისტემებიდან.
უკვე 2025 წლის მარტში კი პენტაგონმა კომპანია Lockheed Martin-ს $4.94 მილიარდი დოლარის ღირებულების რაკეტების წარმოება დაუკვეთა. PrSM ის პროექტში ჩართულია ავსტრალიაც.

PrSM გაშვება HIMARS დან.

PrSM რაკეტები გამშვებ პოდში.

რაკეტების შედარებითი განლაგება 6 რაკეტიან პოდთან შედარებით
GMLRS ER, PrSM და ATACMS

MLRS/HIMARS ის საბრძოლო მასალის შესაძლებლობებზე FM 3-90 დან
Field Manual FM 3-09 Fire Support and Field Artillery Operations

2017 წლის ოქტომბერში, საზღვაო ქვეითთა ​​კორპუსის HIMARS-მა რაკეტა პირველად გაისროლა ზღვიდან სახმელეთო სამიზნისკენ. გამშვები მანქანა სადესანტო ამფიბია USS Anchorage-ის გემბანზე იდგა. ამით დადასტურდა სისტემის უნარი იმუშაოს საზღვაო პლატფორმიდან სახმელეთო მიზნების წინააღმდეგ, როგორიცაა მაგალითად სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემები ან არტილერია.

Autonomous Multi-domain Launcher (AML) – HIMARS-ის უპილოტო ვარიანტია. AML აღჭურვილია დისტანციურად მართვადი გამშვებით და ცეცხლის მართვის სისტემით. AML-ს შეუძლია ორი გამშვები სარაკეტო პოდის გამოყენება, HIMARS-ზე არსებული ერთის ნაცვლად.
სისტემა შემუშავებულია აშშ-ის არმიის Army Futures Command–ის Long Range Precision Fires Cross‑Functional Team–ის, DEVCOM Aviation & Missile Center–ისა და Ground Vehicle Systems Center–ის ერთობლივი ინიციატივით.
პროგრამა დაიწყო 2020 წლის თებერვალში, როგორც ექსპერიმენტი M142 HIMARS–ის რობოტიზაციისა. პროექტის საწყისი ფაზა, პირველი ნიმუშის შესაქმნელად Army Futures Command-მა 10 მილიონი დოლარით დააფინანსა. შემდეგი ეტაპია სისტემაზე PrSM რაკეტების ინტეგრაცია.


საბრძოლო გამოყენება

ერაყი:
HIMARS სისტემები ერაყში პირველად 2007 წლიდან ჩნდება, საზღვაო ქვეითთა კორპუსის მე-14 პოლკის მე-2 ბატალიონის შეიარაღებაში.
პირველი საბრძოლო გამოყენება 2007 წლის მარტში, ანბარის პროვინციაში ფიქსირდება, როგორც საზღვაო ქვეითთა კორპუსის ოპერაციების საარტილერიო მხარდამჭერი საშუალება.
ერაყში HIMARS ის ბევრად ინტენსიური გამოყენება უკვე 2014 წლიდან იწყება, როდესაც „ისლამური სახელმწიფოს“ ISIS ის წინააღმდეგ გლობალური კოალიციური კამპანია “Inherent Resolve” დაიწყო. აქ HIMARS-ის როლი მკვეთრად გაფართოვდა სადაც განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენებოდა მოსულის, თიქრითის და რამადის ბრძოლებში.
აქტიურად გამოიყენებოდა 2016-2017 წლებში ქალაქ მოსულის ასაღებად მიმდინარე ბრძოლებში სადაც მოწინააღმდეგის სტაციონარულ პოზიციებს და საარტილერიო სისტემებს ურტყამდა.
HIMARS ის ზუსტი დამიზნების GMLRS რაკეტები ამერიკულ ძალებს საშუალებას აძლევდა მიზნები გაენადგურებინათ მინიმალური გვერდითი ზიანით სამოქალაქო მოსახლეობაში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ურბანულ პირობებში.

სირია:
“ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლაში HIMARS იქცა ოპერატიული წარმატების ერთ-ერთ მთავარ ტექნიკურ კომპონენტად. HIMARS გამოიყენებოდა როგორც ერაყში ასევე სირიის ტერიტორიაზე, თუმცა თავდაპირველად ISIS ის ძალების უკან დახევამდე სარაკეტო გამშვები მანქანები ერაყის და იორდანიის ტერიტორიიდან ისროდნენ, სირიის ტერიტორიის სიაღრმეში.
უკვე  2017 წლის ივნისიდან HIMARS ები სირიის ტერიტორიაზეც შეიყვანეს, სადაც ალ-ტანფის სამხედრო ბაზაზე განლაგდა.
დაზვერვით უზრუნველყოფილი დარტყმები:
HIMARS-ის გამოყენება ხშირად ხდებოდა დრონებითა და სატელიტებით მიღებული ოპერატიული სადაზვერვო ინფორმაციის საფუძველზე, რაც ზრდიდა დარტყმების სიზუსტეს და შედეგობრივ ღირებულებას.
ცეცხლის გამოძახება ხდებოდა ასევე უშუალოდ წინა ხაზზე მყოფი აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალების მხრიდანაც.
მნიშვნელოვანი ოპერაციები HIMARS ის ჩართულობით:
დეირ ეზ ზორის ოპერაცია (2017–2019): მხარს უჭერდა აშშ-ის სპეციალური დანიშნულების ძალებს. 2018 წლის სექტემბერში HIMARS ის გამშვებები ომარის ველზე იყო განლაგებული, ISIS ის პოზიციებიდან 25 კმ-ში და დღეში 30-40 რაკეტას ისროდა მიზნებისკენ.
ბრძოლები ქალაქ რაქასთვის (2017): HIMARS სისტემამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქურთულ ძალებთან ერთად ქალაქის გათავისუფლებას, ზუსტი დარტყმების საშუალებით.

2016 წლის სექტემბერი. ერაყი. HIMARS ის გამოყენება ISIS ის პოზიციების წინააღმდეგ

ავღანეთი:

HIMARS-ის გამოყენება ავღანეთში (2008–2021).

HIMARS ავღანეთში პირველად 2008 წლის ივლისში გამოჩნდა, ISAF (International Security Assistance Force)-ის კოალიციური ოპერაციის ფარგლებში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის (USMC) და აშშ-ის არმიის საარტილერიო ქვედანაყოფების შეიარაღებაში. სისტემები განაწილდა ძირითადად ჰელმანდის, ფარაჰისა და კუნდუზის პროვინციებში, სადაც თალიბანის ძალებს შედარებით ძლიერი ოპერატიული დონის სტრუქტურა და კარგად გამაგრებული პოზიციები გააჩნდათ. პირველი საბრძოლო სროლები უკვე 2008 წლის აგვისტოში ჰელმანდის პროვინციაში მოხდა, თალიბანის პოზიციების წინააღმდეგ.

გამოყენების ტაქტიკა

HIMARS-ის GMLRS რაკეტები ხშირად გამოიყენებოდა თალიბანის იარაღის საწყობებზე, სამეთაურო პუნქტებზე და სატრანსპორტო საშუალებებზე დარტყმებისთვის. ხშირად “ჰაიმარსები” წინ წაწეული ბაზებიდან (FOB) მუშაობნდნენ მაქსიმალურ მანძილებზე, საიდანაც საცეცხლე მხარდაჭერას უწევდნენ საპატრულო და სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებს, მათ შორის მთიან ზონებში ჩატარებულ ოპერაციებში, სადაც ლულიანი არტილერია ვერ წვდებოდა. სისტემების სროლა-გადაადგილებისას ხშირად გამოიყენებოდა “shoot and scoot” მეთოდი.
ასადაბადის ინციდენტი (2010)
ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკული შემთხვევა, ავღანეთში HIMARS-ის საბრძოლო გამოყენების ისტორიაში 2010 წლის თებერვალში მოხდა, როდესაც ასადაბადის რაიონში HIMARS-ის მიერ გაშვებულმა GMLRS რაკეტებმა სამიზნეს მცირე აცდენით დაარტყა, რის შედეგადაც დაიღუპა რამდენიმე სამოქალაქო პირი. აღნიშნულ ფაქტს მოჰყვა HIMARS-ის ექსპლუატაციის დროებითი შეზღუდვა. თუმცა შემდგომში განახლდა სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლის ერთიანი სისტემა და დაიწყო რაკეტების ახალი ვერსიების გამოყენება.
HIMARS ის საცეცხლე მხარდაჭერა განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენებოდა 2010 წლის 13-25 თებერვალს, ჰელმანდის პროვინციაში მიმდინარე ოპერაცია “მოშთარაქის” ფარგლებში.
ოპერაცია მთელი ISAF ის ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო და მიზნად ისახავდა თალიბების განდევნას ქალაქ მარჯაჰიდან.

საერთო ჯამში HIMARS-ის გამოყენებამ ავღანეთში დაამტკიცა, რომ თანამედროვე ასიმეტრიული ბრძოლის პირობებში, მაღალი სიზუსტის, სწრაფად მოძრავი, ზუსტი დამიზნების რეაქტიული საარტილერიო სისტემები ხშორად სწრაფ ტაქტიკურ წარმატებას განაპირობებს, განსაკუთრებით ისეთ გარემოში, სადაც კლასიკური ლულიანი არტილერიის გამოყენება პრობლემურია. მიუხედავად რამდენიმე კრიტიკული ინციდენტისა, საერთო შეფასებით HIMARS იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური შეიარაღების სისტემა აშშ-ის და ISAF-ის მონაწილე სხვა ქვეყნების ძალებისთვის ავღანეთის ოპერაციაში.

HIMARS ავღანეთში. ბაგრამის ბაზა. 2014 წლის მარტი


უკრაინა

უკრაინაში 2022 წლის თებერვალში, რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან აქტუალური გახდა დასავლეთიდან მაღალტექნოლოგიური ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების მიწოდების საკითხიც. რუსული არმია საომარ მოქმედებებს ოთხი ოპერატიული მიმართულებიდან აწარმოებდა, სახმელეთო ძალების კომპონენტები კი უმეტესად ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფების კონფიგურაციაში სრულ ოპერატიულ სიღრმეებში ყავდა გაშლილი. სხვადასხვა სამიზნეებს შორის გამორჩეულად მნიშვნელოვანი იყო ლოჯისტიკური კვანძების და რუსული შორსმსროლელი რეაქტიული არტილერიის სისტემების განადგურება, რომლებიც ჩრდილოეთის, ჩრდილო-აღმოსავლეთის და სამხრეთის მიმართულებებიდან განუწყვეტლივ ურტყამდნენ უკრაინის სამხედრო-სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, განსაკუთრებით აქტიურად რუსები იყენებდნენ Смерч-ის ტიპის 300 მმ რეაქტიულ სისტემებს კასეტური რაკეტებით 70, 90 და 120 კმ-მდე მფრენი რაკეტებით. ამ დროს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კატასტროფულად არ ჰყოფნიდა მათ შეიარაღებაში არსებული ზუსტი დამიზნების ოპერატიულ-ტაქტიკური რაკეტები და შორსმსროლელი რეაქტიული არტილერიის რაკეტები, როგორიცაა ტაქტიკური რაკეტები Точка-у და ზცრს 9К58 Смерч და მისი უკრაინული კონფიგურაცია Ві́льха.

2022 წლის 24 თებერვლის მდგომარეობა.


შესაბამისად ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის მისაწოდებელ შესაძლო ვარიანტებს შორის,
NATO-ს ქვეყნების მარაგებში არსებული სისტემების და მისი რაკეტების მარაგების გათვალისწინებით HIMARS და მისი წინამორბედი M 270 MLRS ყველაზე რეალური და საუკეთესო ვარიანტები იყო.

მიწოდების ქრონოლოგია და პირველი საბრძოლო ნათლობა რუსეთ-უკრაინის ომში:

2022 წლის ივნისი: აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტმა ოფიციალურად გამოაცხადა პირველი ოთხი HIMARS სისტემის მიწოდება უკრაინისთვის. 2022 წლის 25 ივნისს უკრაინამ პირველად გამოიყენა სისტემები რუსული მიზნების განადგურებისთვის

2022 წლის ივლისი-დეკემბერი: HIMARS სისტემების რაოდენობა გაიზარდა მინიმუმ 20 ერთეულამდე. GMLRS საბრძოლო მასალის დიდ პარტიებთან ერთად.

2023-2024 წლები: ჩატარდა მიწოდებული სისტემების ცეცხლის მართვის სისტემების მოდერნიზაცია და მოხდა GMLRS ტიპის ზუსტი საბრძოლო მასალების დამატებითი პარტიების მიწოდება, მათ შორის ATACMS რაკეტების შეზღუდული რაოდენობით გადაცემა 2023 წლის შემოდგომიდან. 2023 წლის 17 ოქტომბერს უკრაინელები პირველად იყენებენ M39 Block I მოდიფიკაციის 165 კმ-მდე მანძილზე მფრენ კასეტურ ქობინიან ATACMS-ებს ოკუპირებული ბერდიანსკის აეროდრომზე დარტყმისთვის. 2024 წლის აპრილ-მაისში კი უკრაინა პირველად იყენებს 300 კმ-მდე მფრენ M39A1 Block IA მოდიფიკაციის კასეტურ ქობინიან რაკეტებს ყირიმში მდებარე სხვადასხვა აეროდრომების და საჰაერო თავდაცვის სისტემების გასანადგურებლად.

ოპერატიულ-ტაქტიკური ღირებულება

ტაქტიკური დონე

პირველ ეტაპზე HIMARS-ით წარმოებული ზუსტი ცეცხლის შესაძლებლობამ 85 კმ-მდე მანძილზე მკვეთრად გაზარდა უკრაინის შეიარაღებული ძალების საარტილერიო ცეცხლის შესაძლებლობები და საშუალებას მისცა სრულად აეთვისებინათ ოპერატიულ-ტაქტიკური სივრცე სადაც მანამდე მხოლოდ შეზღუდულად მოქმედებდნენ.
ტაქტიკურ სივრცეში ერთეული სისტემის გამორჩეულად გამოკვეთილი უპირატესობებია:
1 – მაღალი მობილურობა – პოზიციის დაკავების და დატოვების უმცირესი დრო.
2 – დაბალი ლოგისტიკური მოთხოვნები სხვა ტიპის სისტემებთან შედარებით არ ჭირდება დამატებით დამტენი მანქანა და საბრძოლო მასალას იღებს პირდაპირ მიწიდან.
3 – სამიზეებს ანადგურებს რაკეტების მინიმალური ხარჯით, ერთეული რაკეტის მაღალი დამაზიანებელი ეფექტით და მინიმალური გვერდითი ზიანით.
4 – ციფრული ცეცხლის მართვის სისტემა ამარტივებს სროლისას საჭირო წინასწარი პროცედურების გავლას.
5 – ერთეული მანქანის მაღალი საბრძოლო ეფექტურობა შესაძლებელს ხდის მანქანებმა იმუშაონ დამოუკიდელად ან მაქსიმუმ 2-3 მანქანიან ბატარეებით, ეს ზრდის მათი გადარჩენის შანსებს.

ბ) ოპერატიული დონე

ოპერატიული მიმართულებების საერთო შეფასებით HIMARS-ის სისტემები განსაკუთრებულად ეფექტიანად გამოიყენება:

1 – წინ წაწეული ლოგისტიკური კვანძების, ხიდების, რკინიგზის ხაზების და ზურგის მსხვილი ლოგისტიკური ცენტრების გასანადგურებლად – მკვეთრად მოშალა რუსული ლოჯისტიკა და გაართულა რკინიგზით მომარაგება, ამ ყოველივემ აიძულა რუსული არმია ლოჯისტიკური ხაზები გაეწელა და მარაგები ღრმა ზურგებში გადაეტანა. შედეგად 2022 წლის შემოდგომიდან მნიშვნელოვნად დაეცა რუსული შეტევების ინტენსივობა.
2 – ასეული/ბატალიონი/ბრიგადის დონის სამეთაურო-საშტაბო ცენტრების, კავშირგაბმულობის მანქანების და სტაციონარული კვანძების, საჰაერო თავდაცვის რადიოლოკატორების და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, რადიოელექტრონული ბრძოლის (რებ) სისტემების გასანადგურებლად.
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო 2022 წლის სექტემბერში და ნოემბერში ხარკოვის და ხერსონის მიმართულებებიდან რუსული ძალების განდევნისთვის ჩატარებული ოპერაციების დროს, როცა უკრაინულმა HIMARS ებმა ათეულობით რუსული კავშირგაბმულობის და საშტაბო-სამეთაურო მანქანა გაანადგურა.
3 – ოპერატიულ სიღრმეებში არსებული სამხედრო აეროდრომები და მცირე ზომის დასაჯდომი მოედნები საარმიო ავიაციისთვის. გამორჩეულად ეფექტური აეროდრომების წინააღმდეგ ATACM ის ტიპის კასეტურ ქობინიანი რაკეტები გამოდგა.
ასეთი იყო 2023 წლის 17 ოქტომბრის ღამეს MGM-140A ATACMS Block 1-ით დარტყმები ბერდიანსკის აეროდრომზე.

2023 წლის 17 ოქტომბერს MGM-140A ATACMS Block 1 და მისგან გაფანტული M-74 კასეტური მსხვრევადი ელემენტები.

პრაქტიკულად ყველა დონეზე HIMARS ის სისტემების მაღალი ეფექტურობის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი ფაქტორია მათი უზრუნველყოფა 3 კომპონენტიანი დაზვერვის ISR (Intelligence, Surveillance, Reconnaissance) პლატფორმებით, რაც მიზნების ოპერატიულად გამოვლენის, მიზნების სწორი იდენტიფიკაციის და საცეცხლე პოზიციების სწორად შერჩევის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
დაზვერვის, თვალთვალისა და რეკოგნოსცირების (ISR) გაერთიანებული სისტემები თანამედროვე სამხედრო ძალებში

HIMARS-ის ინტეგრაცია ოპერატიულ დაგეგმვაში

უკრაინული არმია თავდაპირველად არ ფლობდა დიდ გამოცდილებას ზელპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის რაკეტებით ზუსტი ცეცხლის წარმოებაში. თუმცა დასავლეთის ინსტრუქტორების აქტიური ჩართულობით (განსაკუთრებით აშშ-ის ევროპის სარდლობის EUCOM ის) შეიქმნა სპეციალიზებული ქვედანაყოფები, რომლებიც მუშაობდნენ ISR პლატფორმებით (RQ-4 Global Hawk, MQ-9 Reaper, Bayraktar TB2, ასევე კოსმოსური დაზვერვის საშუალებები) მიწოდებულ სამიზნეებზე.
ცეცხლის კონტროლი ძირითადად ხორციელდებოდა NATO-ს C4ISR ჯარების ერთიანი მართვისა და კავშირის სისტემის ელემენტებით. ცეცხლის მართვის ეს მოდელი უკრაინულმა არმიამ წარმატებით აითვისა HIMARS ებზე და შემდგომში გაავრცელა სხვა სახის დასავლურ სისტემებზე (ზცრს M270, 155 მმ ჭურვი M982 Excalibur, ფრთოსანი რაკეტა Storm Shadow). თანამედროვე, მრავალკომპონენტიან მანვერულ ომში სამხედრო რესურსების C4ISR სისტემით მართვა წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა.

საერთო შეფასებით ოპერატიულ დონეზე მიუხედავად მცირე რაოდენობისა და რაკეტების მუდმივი დეფიციტისა HIMARS ის სისტემებმა ყველა მიმართულებაზე ჩაახშეს რუსული შორსმსროლელი რეაქტიული არტილერიის დომინაცია. ამ კუთხით HIMARS ის რაკეტებით რუსულ მხარეს განსაკუთრებით დიდი რაოდენობით განადგურდა 9П140 Ураган-ის ტიპიზ 220 მმ ზცრს-ები.


HIMARS-ის მიწოდების პოლიტიკური და სტრატეგიული კონტექსტი

უკრაინისთვის HIMARS სისტემების მიწოდება არ იყო მხოლოდ სამხედრო-ტექნიკური გადაწყვეტილება, ეს დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ის პოლიტიკური ნდობის მნიშვნელოვანი სიგნალი იყო. გადაწყვეტილების მიღების პროცესს თან ახლდა ამ მაღალტექნოლოგიური სისტემის რუსეთის ხელში ჩავარდნის სერიოზული რისკი. სისტემების მიწოდების შემდეგაც, აშშ ერიდებოდა 300 კმ მოქმედების რადიუსის მქონე ATACMS-ის ბალისტიკური რაკეტების გადაცემას. 2022 წლის განმავლობაში ეს შეზღუდვა შენარჩუნდა, მაგრამ 2023 წლის მიწურულს ბაიდენის ადმინისტრაციამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი – უკრაინას მიწოდა პირველი თაობის 165 კმ-მდე მფრენი M39 ATACMS რაკეტები კასეტური ქობინებით, რამაც უკრაინას მისცა შესაძლებლობა დაერტყა ყირიმში არსებულ სამხედრო აეროდრომებზე და საარმიო გაერთიანებების დონის მსხვილი დაჯგუფებების მართვის პუნქტებზე. თუმცა კვლავ ნარჩუნდებოდა შეზღუდვა 300 კმ-მდე მოქმედ რაკეტებზე. 2024 წლის 18 ნოემბრიდან ეს შეზღუდვაც მოიხსნა და უკრაინას მიეცა უფლება მაქსიმალურ მანძილებზე გამოეყენებინა მანამდე შეზღუდული რაოდენობით გადაცემული, 300 კმ-ზე მოქმედი M39A1 Block IA რაკეტები.


2025 წლის მდგომარეობით HIMARS შეიარაღებაში აქვს შემდეგ ქვეყნებს:

ავსტრალია – 2 ერთეული
ესტონეთი – 6 ერთეული
იორდანია – 12 ერთეული
პოლონეთი – 20 ერთეული
რუმინეთი – 54 ერთეული
სინგაპური – 24 ერთეული
ტაივანი – 54 ერთეული
უკრაინა – 36 ერთეული
არაბთა გაერთიანებული საამიროები – 32 ერთეული
შეერთებული შტატები- 368 ერთეული

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑