2023 წლის პირველივე დღეებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით საფრანგეთი უკრაინას გარკვეული რაოდენობით მიაწვდის AMX-10RCR ტიპის ბორბლებიან საცეცხლე მხარდაჭერის მანქანებს.
ზოგს ზედმეტი მოლოდინები აქვს მის საბრძოლო შესაძლებლობებზე, ზოგი ბორბლებიან მსუბუქ ტანკსაც ეძახის შეცდომით.

კლასიფიკაცია…
რეალურად ეს არ არის კლასიკური ტანკი, თუმცა არაოფიციალურად ეძახიან. ცივი ომის პერიოდიდან მოყოლებული ასეთი მანქანები კლასიფიცირდება როგორც tank destroyer ან ზოგ კონფიგურაციაში ჯავშანსაკავალერიო ქვედანაყოფების და შენაერთების დაჯავშნული საბრძოლო-სადაზვერვო მანქანები აქტიური დაზვერვის წარმოებისთვის.
ზოგადად ასეთი კლასის მანქანებმა ვერც საბჭოთა კავშირის არმიაში, ვერც ვარშავის პაქტის ქვეყნებში და ვერც აშშ-ის არმიაში ფეხი ვერ მოიკიდა, ერთ-ერთი ასეთი ექსპერიმენტული საბჭოთა ბორბლებიანი tank destroyer 85 მმ ქვემეხით 2С14 Жало-С ერთადერთ სამუზეუმო ექსპონატად დარჩა.
ბევრად უფრო გვიან აშშ-ის არმიის სტრაიკერ ბრიგადებისთვის შექმნილმა M1128 Mobile Gun System (MGS)-მაც მაღალი ეფექტურობა ვერ აჩვენა, რის გამოც 2010 წლამდე შეზღუდული 142 ერთეული დამზადდა და გეგმის მიხედვით 2022 წლის ბოლომდე სრულად უნდა ამოღებულიყო შეიარაღებიდან.
ამ კლასის მანქანების შედარებით წარმატებული მოდელები შემუშავებულია და შეიარაღებაშია უფრო ისეთი ქვეყნების არმიებში როგორებიცაა: ბელგია, იაპონია, ჩინეთი, საფრანგეთი, ავსტრია, შვეიცარია, იტალია და სამხრეთ აფრიკა.

რას წარმოადგენს?
AMX-10RCR არის ტიპიური საექსპედიციო ფორმაციის არმიის ჯავშანსაკავალერიო შენაერთებისთვის შექმნილი სპეციფიური მანქანა, მორგებული უმეტესად საფრანგეთის მიერ აფრიკაში წარმოებული საომარი კამპანიებისთვის, სუსტი მოწინააღმდეგის პირობებში ბრძოლაზე.
პირველად მოდიფიკაციაში მანქანას AMX-10 RC ეწოდებოდა, რომელიც შეიარაღებაში 1981 წლიდან შევიდა. უკვე 2005-10 წლებში საფრანგეთის შეიარაღებაში არსებულ 256-ივე მანქანას მოდერნიზაცია ჩაუტარდა AMX-10RCR ის დონემდე. მანქანა შეიმუშავა კომპანია GIAT-მა რომელიც დღეს Nexter Systems-ის სახელით არის პოზიციონირებული.
მანქანის სავალი ნაწილი 6X6 ფორმულისაა, აქვს ინდივიდუალური ჰიდროპნევმატური დაკიდების სისტემა, რის ხარჯზეც შეუძლია კლირენსის და დაგვერდების შეცვლა, ამით მანქანა უსწორმასწორო რელიეფზე უკეთ ადაპტირდება და ქვემეხის ვერტიკალური აწევ-დაწევის კუთხეების ცვალებადობა შეუძლია.
ეკიპაჟი – 4 კაცი
საბრძოლო მასა – 19 ტონა
სიგრძე/სიგანე/სიმაღლე – 9.2-6.5/3/2.2 მეტრი
კლირენსი – 210-260 მმ
კოშკურის მოდელი – TML 105
ქვემეხი – 105 მმ F2 BK MECA L/47 საშუალო სიმძლავრის და საშუალო წნევებზე გათვლილი ქვემეხი.
ვერტიკალური დამიზნების კუთხეები – −8…+20 გრადუსი.
საბრძოლო კომპლექტი – 38 ცალი 105X527 მმ კალიბრის უნიტარული ჭურვი.
დამატებითი შეიარაღება – 7,62 და 12,7 მმ ტყვიამფრქვევები.
მეთაურის ოპტიკური სამიზნე – პანორამული M389.
მემიზნის სამიზნე მოწყობილობა – M504.
თერმული კამერა – Thales DIVT 16 Castor ხედვა-დეტექციის მაქსიმალური მანძილი ტექნიკაზე 4000 მეტრამდე.
ცეცხლის მართვის სისტემა – Safran Soptac.
ჯავშანი – LvL IV. წინიდან აკავებს 23 მმ ჯავშანგამტან ჭურვებს 300 მეტრიდან. ბორტებზე 14.5 მმ ტყვიებს ჩამოსაკიდი ჯავშნის დაყენების შემთხვევაში.
ძრავი – 6F11. დიზელის. სიმძლავრე 280 ცხ.ძ.
მაქსიმალური სიჩქარე – 85 კმ/სთ
სვლის მარაგი – 800-1000 კმ.
AMX-10RCR ის დონემდე მოდერნიზაციის შემდეგ მანქანაზე დამონტაჟდა:
ახალი საკვამლე ფარდის დამყენებელი სისტემა Galix თავისი ლაზერული დასხივების დეტექტორებით.
LIRE-ს ტიპის ინფრაწითელი ხარვეზების დამყენებელი სისტემა.
SIT-VI ტიპის ბრძოლის ველის ციფრული მენეჯმენტის სისტემა.
PR4G VS4 ტიპის რადიოსადგური.
ახალი NBC სისტემა რადიო-ქიმიურ-ბიოლოგიური დაცვისთვის.
მოიხსნა წყალმტყორცნები, დაყენდა ახალი ჰიდროპნევმატური ცილინდრები და ახალი გადაცემათა კოლოფი.
საბრძოლო მასალის ეფექტურობა ?
კუმულაციური ჭურვი OCC 105 F3, 5,7 კგ. – 90° მოხვედრისას 350 მმ. 60° მოხვედრისას 150 მმ.
სუფთა თეორიულად შეუძლია ბორტიდან და უკნიდან გაიტანოს T-72 ის ჯავშანი. თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ ერთმუხტიანი კუმულაციური ჭურვები 400 მმ-მდე ჯავშანგამტანობით მაინცდამაინც ეფექტურად ვერ ხვრეტს Контакт-1 ან მითუმეტეს Контакт-5 ტიპის დინამიკური დაცვის ელემენტებით გაძლიერებულ T-72 ის ბორტის ჯავშანს.
ქვეკალიბრული OFL 105 F3, 3,8 კგ ჯავშანგამტანი ისრით – NATO Single Heavy Target – 150 მმ გამტანობა 1200 მეტრზე 60° მოხვედრისას.
NATO Triple Heavy Target – 10+25+80 მმ. 2200 მეტრიდან 65° მოხვედრისას.
(NATO targets ების სტანდარტების ცხრილი მოცემულია ფოტოში).
ამ ჭურვს უფრო მეტი შანსები აქვს ყველაზე გავრცელებული რუსული T-72 ის წინააღმდეგ 1 კმ-მდე მანძილიდან, თუმცა მხოლოდ ბორტიდან და უკნიდან. Т-72Б3 ის შემთხვევაში კი წინიდან და ბორტებზე არსებული Контакт-5 და Реликт-ის ტიპის დინამიკური დაცვის ელემენტები OFL 105 F3-ის გამტანობას კრიტიკულად დააქვეითებს.
მსხვრევად-ფუგასური OE 105 F3 – 7,2 კგ-იანი ჭურვი მეტ ნაკლებად იმუშავებს საცეცხლე წერტილების ან მსუბუქი ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად ახლო მანძილებზე.






პრაქტიკული მიზანი?
საფრანგეთის მიერ ამ მანქანების მიწოდება კრიტიკულად დიდი რაოდენობით ვერ მოხდება. მცირე პარტიით მიწოდების მიზანი კი მათი ნამდვილ ომში გამოცდა უნდა იყოს, ისეთ ომში როგორიც საფრანგეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უწარმოებია. 10 ან 20 ასეთი მანქანა უკრაინაში თუნდაც ტაქტიკურ დონეზე ბევრს არაფერს შეცვლის, თუმცა გამოიცდება რეალურ საომარ პირობებში ისეთ მოწინააღმდეგესთან როგორიც რუსული ჯავშანსატანკო ბრიგადებია.
რა საბრძოლო ეფექტურობა ექნება?
უკრაინაში ყველა ოპერატიულ მიმართულებაზე სახმელეთო კომპონენტში ოპერაციები წარმოებს უმეტესად მექანიზებული შენაერთების მიერ რომლებსაც მხარს საშუალო წონითი კატეგორიის ტანკები უჭერენ
(T-64/T-72/T-80/T-90). მასიურად მუშაობს ყველანაირი სახეობის არტილერია, ბრძოლის ველი გაჯერებულია ყველანაირი ტიპის ნამსხვრევით.
გაშლილი რელიეფის გამო უმეტეს შემთხვევებში ტანკებიც და სხვა ჯავშანტექნიკაც პირდაპირ ცეცხლს მაქსიმალურ მანძილებზე აწარმოებენ.
ასეთ შემთხვევებში შედარებით თხელჯავშნიანი ბორბლებინი ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლის შანსები მაღალია. AMX-10RCR ის სპეციფიკიდან გამომდინარე მას მოქმედება მოუწევს წინა ხაზზე ტანკებთან ერთად საიდანაც მოწინააღმდეგემდე მანძილები ყველაზე ნაკლებია. აქ რუსული მხრიდან მასიურად მუშაობს 30 მმ ავტომატური ქვემეხები და ტანკების 125 მმ ქვემეხები რისი ცეცხლიც მოხვედრის შემთხევაში ადვილად გაანადგურებს AMX-10RCR ებს. ცალკე საინტერესო საკითხია როგორ იმუშავებენ მანქანის საბორტე დაცვის სისტემები რუსული მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების Фагот და ლაზერული დამიზნების Корнет-ის წინააღმდეგ. აქ მეტნაკლებად მაღალი ეფქტურობა უნდა აჩვენონ Galix და LIRE-ს სისტემებმა.

უშუალოდ ჯავშანსატანკო დუელში საბჭოთა-რუსული ტანკების 125 მმ 2A46 ტიპის ქვემეხებთან AMX-10RCR ის 105 მმ-იანი ქვემეხი სიმძლავრეში აგებს. ჯავშანგამტანობა კი არცისე მაღალი აქვს რუსული ტანკების ერთი გასროლით მწყობრიდან გამოსაყვანად თუნდაც ბორტიდან…
მისი პოტენციური სამიზნეები უფრო მსუბუქი ჯავშანტექნიკა БТР და БМП იქნება.
მანქანის მანევრულობა, კლირენსის და დაგვერდების ცვალებადობის შესაძლებლობა, სითბოვიზორი და სწრაფი გადაადგილების უნარი მას გარკვეულ პლიუსებს ანიჭებს შედარებით უსწორმასწორო რელიეფზე დაბალი ხილვადობის ან ღამით მოქმედებისას.
მაგრამ კიდევ ცალკე საკითხია რა ადგილს დაიკავებს ეს კონცეპტუალურად და ტექნიკურად სრულიად უცხო მანქანა უკრაინის შძ-ის ქვედანაყოფებში და კონკრეტულად რა სახეობის ქვედანაყოფებზე მიმაგრდება? ასეთი კლასის მანქანა უკრაინის შძ-ში აქამდე არ ყოფილა. არსებული ბრიგადების შემადგენელი ბატალიონების შტატები არაა მორგებული ასეთი ტიპის ტექნიკაზე და ასე შემდეგ. საკითხავია მოხდება თუ არა მისი შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოწურვა საბჭოთა ტექნიკაზე მიჩვეული ეკიპაჟებისგან. ასევე რა რაოდენობით დაჭირდებათ და როგორ ტვირთად დააწვება ახალი საბრძოლო მასალის საჭიროება ლოჯისტიკას რომელიც ძირითადად 30 და 125 მმ კალიბრის საბრძოლო მასალაზეა აწყობილი.
საერთო ჯამში ჩემი აზრით უკრაინაში AMX-10RCR მთელი რიგი მიზეზების გამო მაღალ საბრძოლო ეფექტურობას ვერ გამოავლენს, ეს მიზეზები კი არ არის მხოლოდ მანქანის სუფთა ტექნიკური შესაძლებლობები და დიწილად დამოკიდებულია მის ტაქტიკურ როლზე საერთო სურათში, უზრუნველყოფაზე და სხვა წვრილმან დეტალებზე.
Leave a comment