მსოფლიოს სამხედრო ინდუსტრიის განვითარების ძირითადი მაინიცირებელი ფაქტორები.. როგორ მოვედით აქამდე?

თანამედროვე მსოფლიოში, განსაკუთრებით კი მაღალგანვითარებულ ქვეყნებში, თავდაცვითი მრეწველობის სფეროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსები და თავდაცვითი მრეწველობის კომპანიები სხვადასხვა ქვეყნების სამხედრო პოტენციალისა და ეკონომიკური სიძლიერის უმნიშვნელოვანესი კომპონენტებია.
მსოფლიოს სამხედრო მრეწველობაში არსებულ უახლეს ტენდენციებს და ინოვაციურ მიდგომებს წამყვანი სახელმწიფოების თანამედროვე შეიარაღებული ძალების წინაშე მდგარი რისკები და  საბრძოლო მოქმედებების დროს წარმოჩენილი ახალი გამოწვევები განაპირობებენ. ომის წარმოების ძირითადი პრინციპები ბოლო რამდენიმე საუკუნეა უცვლელია, თუმცა წლიდან წლამდე იცვლება დოქტრინები, რომლებიც თავის მხრივ სტრატეგიულ, ოპერატიულ და ტაქტიკურ დონეზე მოქმედების ხერხების და ტექნიკური საშუალებების თანამედროვე საბრძოლო მოქმედებებთან ადაპტირებას უზრუნველყოფს.

ჯავშანტრანსპორტიორების საწარმო ყაზახეთში.

  XX საუკუნეში მძიმე სამხედრო მრეწველობის და ზოგადად საწარმოო ტექნოლოგიების განვითარების მთავარი მაინიცირებელი ფაქტორები პირველი და მეორე მსოფლიო ომები, შემდგომში კი ცივი ომის პერიოდში არსებული გეოპოლიტიკური დაძაბულობა იყო. სწორედ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში მოხდა ბრძოლის ველზე თვისობრივად ახალი ტიპის საბრძოლო სისტემების გამოჩენა ომში ჩართული ქვეყნების სახმელეთო ჯარებში, ავიაციაში, საზღვაო ძალებში და პირადი შემადგენლობისთვის განკუთვნილ ინდივიდუალურ ცეცხლსასროლ შეიარაღებაში. ამან ერთგვარი გარდატეხა შეიტანა, რამაც ძირეულად შეცვალა ომის ხასიათი.
სწორედ პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გამოჩნდა კლასიკური სქემით აგებული პირველი ტანკები, დიზელ-ელექტრონული ძალური აგრეგატით აღჭურვილი წყალქვეშა ნავები, ავიამზიდები, სიღრმული ბომბები, მგეზავი ვაზნები და სხვა.  ყოველივე ეს მნიშვნელოვნად დაიხვეწა და იმ პერიოდისთვის არსებულ მოთხოვნებთან ადაპტირდა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. ამავე პერიოდში ბრძოლის ველზე ჩნდება ისეთი სიახლეები როგორიცაა რეაქტიული არტილერია, რეაქტიულძრავიანი გამანადგურებლები, რადიოლოკაციური სადგურები, ბალისტიკური რაკეტები, ბირთვული ტექნოლოგიები, პირველი კომპიუტერი და სხვა.  

I მსოფლიო ომში ტანკის გამოჩენამ ბრძოლის ველზე მნიშვნელოვანი გარდატეხა შემოიტანა

ორივე ომის პერიოდში საბრძოლო მოქმედებებში ჩართული ქვეყნების მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების დანაკარგები უდიდესი იყო, მარაგების შესავსებად და ფრონტის ხაზებზე ქვედანაყოფების შეიარაღებით მომარაგებისთვის მძიმე და მსუბუქი სამრეწველო სიმძლავრეების თითქმის მთლიანად სამხედრო რელსებზე გადაყვანა გახდა საჭირო.
დღევანდელთან შედარებით იმ პერიოდისთვის არსებულ დაბალტექნოლოგიურ საწარმოებში საჭირო რეზულტატი ცოცხალი მუშა ხელის უდიდესი შრომის ხარჯზე მიიღწეოდა.  მაგალითისათვის მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას,  1939 წელს ომში ჩართული ქვეყნების აბსოლუტური უმრავლესობის მძიმე სამრეწველო სიმძლავრეები ნედლეულის ბევრად დიდი რესურსების არსებობის მიუხედავად, მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა გერმანიის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის შესაძლებლობებს, სადაც ასობით სხვადასხვა ინოვაციურ და იმ პერიოდისთვის ულტრათანამედროვე სამხედრო სისტემებზე მიდიოდა მუშაობა. ომში ჩართული საფრანგეთის, ბრიტანეთის და შემდგომში საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალები კი პირველი მსოფლიო ომის დროინდელი მოძველებული კონცეფციით შექმნილი სახმელეთო და საავიაციო ტექნიკით იყო შეიარაღებული. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ ვერმახტის ბლიცკრიგის ტაქტიკა ომის პირველ თვეებში წარმატებით ხორციელდებოდა, გერმანული სახმელეთო, საზღვაო და საავიაციო შენაერთები კი სამანევრო და საჰაერო ოპერაციებში ხარისხის ხარჯზე მნიშვნელოვანი უპირატესობით იმარჯვებდა. სწორედ ამიტომაც ომის მსვლელობისას დაპირისპირებული მხარეები უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდნენ მოწინააღმდეგის მძიმე სამრეწველო ობიექტების განადგურებას.  მოკავშირეთა მხრიდან სამხედრო ქარხნების და სამრეწველო ნედლეულის მარაგების განადგურება ომის ბოლო წლებში გერმანიის შეიარაღებული ძალების დამარცხების ერთ-ერთ მიზეზადაც იქცა. მათ შორის იყო მაგალითისთვის ნორვეგიაში, ქალაქ რიუკანთან არსებული მძიმე წყლის ქარხანა, რომელიც ბრიტანულმა ავიაციამ მთლიანად გაანადგურა. შედეგად გერმანელი ფიზიკოსების მიერ შემუშავებული  პროექტი „ურანი“, რომელიც პირველი ატომური ბომბის შექმნას ითვალისწინებდა, მთლიანად ჩაიშალა.

გერმანული Tiger I ტიპის ტანკების წარმოება კრუპის ქარხანაში

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებულ და 1990-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელებულ ცივი ომის პერიოდში დასავლეთი და საბჭოთა კავშირი ძირითადად სამხედრო და სამეცნიერო ტექნოლოგიებში უპირატესობის მოპოვებაში ეჯიბრებოდნენ, რაშიც უდიდესი მოცულობის ფინანსები იხარჯებოდა.  სწორედ ცივი ომის პერიოდში შეიქმნა და დაინერგა მთელი რიგი ინოვაციები, სამრეწველო ტექნოლოგიები და სტანდარტები რომლის საფუძველზეც დღემდე მუშაობენ თანამედროვე მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპანიები. ამ პერიოდში მძიმე მრეწველობაში ფართოდ დაინერგა პროგრამული და რობოტიზირებული ჩარხ-დანადგარები, რომელთა საშუალებით შესაძლებელი გახდა მაკომპლექტებელი კომპონენტების და საბოლოო პროდუქციის მაქსიმალურად მაღალი სტანდარტიზაციის მიღწევა. რაც თავის მხრივ ნედლეულის დაზოგვის და მასიური წარმოების მომგებიანობის გაზრდის წინაპირობად იქცა.  
საწარმოო ბაზების რესტრუქტურიზაციის, ოპტიმიზაციის და უნიფიცირების შედეგად კი ომის პერიოდში ძირითადად ჯავშანტექნიკის წარმოებაზე ორიენტირებული ქარხნები ნაწილობრივ სამოქალაქო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის წარმოებაზე გადაეწყო.

აშშ. ფორდის ქარხანა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში.

გამალებული შეიარაღების პირობებში XX-საუკუნის 70-80 იან წლებში საბჭოთა კავშირსა და დასავლურ ქვეყნებში მესამე მსოფლიო ომისთვის დამზადებული აურაცხელი მოცულობის  შეიარაღების მარაგებს დღემდე აქტიურად იყენებენ შედარებით დაბალგანვითარებული და მესამე მსოფლიოს ქვეყნები.
სწორედ ცივი ომის ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი 80-იან წლებში მსოფლიოს ტანკმშენებელ და ავიამშენებელ ქვეყნებში ჩამოყალიბდა ძლიერი სამრეწველო ცენტრები, რომლებიც საკონსტრუქტორო ბიუროების, საგამოცდო კვლევითი ცენტრების და სამრეწველო სიმძლავრეების ერთიან კომპლექსს შეადგენდა. ამ ცენტრებში ჩამოყალიბდა ის ძირითადი კონცეპტუალური მიდგომები რომლის გარშემოც დღემდე ვითარდება ჯავშანსატანკო და საავიაციო ინდუსტრია.

 თუკი ცივი ომის პერიოდში დასავლურ და აღმოსავლურ ბანაკებში მასშტაბური ომის კლასიკურ სცენარად მილიონიანი არმიების სატანკო, საავიაციო და საზღვაო შენაერთების ფართომასშტაბიანი შეტაკება განიხილებოდა უკვე 90-იანი წლების მეორე ნახევარში და XXI საუკუნის დასაწყისიდან მსოფლიო უსაფრთხოების ნომერ პირველ გამოწვევად ტერორიზმი დასახელდა.
იუგოსლავიის, ჩეჩნეთის, ახლო აღმოსავლეთის, ავღანეთის და ერაყის ომებმა კი მსოფლიოს წამყვანი არმიების წინაშე არაკონვენციური საფრთხეები გასაკუთრებული სიმძაფრით, წარმოაჩინა,  რასაც თვისობრივად ახალი ტიპის დოქტრინული მიდგომები ესაჭიროებოდა. ყოველივე ამან გავლენა მოახდინა მსოფლიო სამხედრო ინდუსტრიაზეც. არაკონვენციური ტაქტიკით მოქმედ მოწინააღმდეგესთან ბრძოლას ახალი პროგრამებით მომზადებული ქვედანაყოფები, ინდივიდუალური აღჭურვილობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება და თვისობრივად ახალი ტიპის შეიარაღება და მძიმე ტექნიკა სჭირდებოდა. მაგალითისთვის აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის დიდი გამოწვევა აღმოჩნდა 2001 წლიდან დაწყებული ავღანეთის და 2003 წლის ერაყის კამპანიები.
ერაყის და ავღანეთის სამხედრო კამპანიებმა პენტაგონის დღის წესრიგში თვისობრივად ახალი საჭიროებები და გამოწვევები დააყენა

ტერორიზმთან ომში ჩართულმა აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია და მოდერნიზაცია გაიარა. თვისობრივად სხვა დონეზე ავიდა ინდივიდუალური მებრძოლის ეკიპირება და შესაძლებლობები, გაიზარდა ზეზუსტი საბრძოლო მასალების წილი და ხარისხი, ფართოდ გავრცელდა სადაზვერვო და მოიერიშე დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატები, შეიარაღებაში მასიურად შევიდა ახალი MRAP-ის კლასის საბრძოლო მანქანები, მნიშვნელოვნად დაიხვეწა სპეციალური ოპერაციების ძალების მოქმედების ტაქტიკა და შესაძლებლობები. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში პენტაგონის მიერ ერაყისა თუ ავღანეთის ოპერაციების უზრუნველყოფისთვის გამოცხადებული თითოეული მრავალმილიონიანი ტენდერი თანამედროვე სამხედრო ტექნოლოგიების განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად იქცა.

თანამედროვე მიდგომები სამხედრო მრეწველობაში

საშუალო და მაღალგანვითარებულ ქვეყნებში სამხედრო სამრეწველო კომპლექსები ინტელექტუალური და ეკონომიკური რესურსების  თვალსაჩინო მაჩვენებელია. მსოფლიო ეკონომიკური სისტემის თავისებურებებიდან გამომდინარე სამხედრო და სამოქალაქო სამრეწველო სიმძლავრეები ერთმანეთთან  მჭიდროდაა გადაჯაჭვული. ერთ-ერთის განვითარება მეორეზეც ახდენს გავლენას, სამხედრო ტექნოლოგიებში მიღწეული წარმატებები და დანერგილი სიახლეები კი ხშირად სამოქალაქო სექტორშიც ფართო გამოყენებას ჰპოვებს.
ცივი ომის პერიოდში არსებული დაძაბულობის გათვალისწინებით სამხედრო ტექნოლოგიების დიდი ნაწილი, საწარმოო სიმძლავრეების შესაძლელობები და წარმოების ტექნოლოგიები ზესაიდუმლო გრიფით იყო დაცული. მის მოსაპოვებლად აშშ-ის, საბჭოთა კავშირის, ჩინეთის და სხვა დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურები დიდ ფინანსურ რესურსს ხარჯავდნენ.  ჩაკეტილი წარმოების ციკლი მაკომპლექტებელი ნაწილების მთლიანად ქვეყნის შიგნით დამზადებას ითვალისწინებდა რაც ზოგიერთ შემთხვევაში არარენტაბელური იყო, თუმცა დანახარჯების მიზნობრიობას კონკრეტული ნაკეთობის აუცილებელი საჭიროება ამყარებდა.
 
 დღესდღეობით შეიარაღების მწარმოებელი მცირე და გიგანტი კომპანიები წარმოების დივერსიფიკაციის, გამარტივების და მომგებიანობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით უარს ამბობენ თითოეული მაკომპლექტებელი დეტალის დამოუკიდებლად ჩაკეტილ საწარმოო სისტემაში დამზადებაზე. სხვადასხვა საბრძოლო სისტემის შემადგენელ კომპონენტებს ან მთლიან ბლოკებს შესაბამისი სტანდარტების მქონე სერტიფიცირებული კომპანიები ამზადებენ, საბოლოო აწყობა კი სისტემის მწარმოებელი კომპანიის საამქროებში ხდება. ასე მაგალითად აშშ-ის შეირაღებული ძალების ძირითადი ტანკი M1A2 „აბრამსის“ საბოლოო აწყობა კომპანია General Dynamics Corporation-ის მიერ რამდენიმე ათეული მსხვილი და მცირე საწარმოს მიერ დამზადებული კომპონენტებით ხდება.  ისრაელის წარმოების რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა  Iron Dome-ს წარმოებისას კი ადგილობრივის გარდა აშშ-ში, საფრანგეთში და იაპონიაში დამზადებული მაკომპლექტებლებიც გამოიყენება.

აშშ. M1A2 „აბრამსის“ ტიპის ტანკების საამწყობრო საამქრო.

2000 წლიდან მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებმა მონაწილე მხარეებს ნათლად დაანახა არსებული სამხედრო ტექნიკის ძლიერი და სუსტი მხარეები. ახალი ტიპი საბრძოლო მოქმედებების წარმოებისას დიდ არმიებში ცივი ომის კონცეფციებით შექმნილი მასიურად წარმოებული სხვადასხვა დანიშნულების მძიმე საბრძოლო ტექნიკის ერთმანეთთან დაბალი უნიფიკაციის გამო, საბრძოლო მოქმედების დროს მათი ტექნიკური მომსახურება და უზრუნველყოფა ლოგისტიკურ ქვედანაყოფებს მძიმე ტვირთად დააწვა. ამ და სხვა მიზეზებმა დააჩქარა NATO-ს წევრი ქვეყნების არმიებში მთლი რიგი მომავლის საბრძოლო მანქანების, საფრენი აპარატების და მებრძოლის ინდივიდუალური საბრძოლო სისტემები პროგრამების შემუშავება, რომელიც მაქსმალურად მაღალ დონეზე უნიფიცირებული მოდულური პლატფორმების  შექმნას და შეირაღებაში მიღებას ითვალისწინებს, რომლითაც ჯარების ყველა გვარეობა იქნება აღჭურვილი. ამის თვალსაჩინო მაგალითია აშშ-ის არმიაში 2002 წლიდან ეგრედ წოდებული „სტრაიკერ ბრიგადების“ ჩამოყალიბება რომლებიც Brigade Combat Team-ის კონცეფციით შედარებით დაბალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტებზე იყო გათვლილი, ბრიგადები მთლიანად დაკომპლექტდა იმ დროისათვის უახლესი Stryker-ის ტიპის მრავალფუნქციური მოდულური 8 ბორბლიანი ჯავშანმანქანებით რომელიც ათზე მეტი სხვადასხვა მოდიფიკაციით იწარმოება. 2006 წელს ინიცირებული Future Tactical Truck Systems-ის პროგრამით კი 2015 წლიდან აშშ-ის არმია, საზღვაო ქვეითთა კორპუსი და სპეციალური ოპერაციების სარდლობა HMMWV-ის შედარებით მოძველებული პლატფორმიდან მთლიანად გადადის უახლეს მულტიფუნქციური მოდულურ ჯავშანმანქანა JLTV (Joint Light Tactical Vehicle)-ზე, რომელიც კომპანია Oshkosh Corporation-მა შეიმუშავა. რამდენიმე ეტაპიანი უმკაცრესი ტესტირებების და შერჩევის პროცესი 2006 დან 2015 წლამდე გაგრძელდა, რა დროშიც მანქანამ მთელი რიგი მნიშვნელოვანი გაუმჯობესებები განიცადა.

JLTV-ის ტიპის უნივერსალური პლატფორმა

ზოგადად თანამედროვე სახმელეთო თუ საავიაციო ტექნიკის შექმნა და შემდეგ შეიარაღებაში მიღება ხანგრძლივი პროცესია. ამა თუ იმ ტექნიკის სახეობიდან და კონსტრუქციული სირთულიდან გამომდინარე ეს პერიოდი ზოგჯერ რამდენიმე ათეული წელიც გრძელდება.
მაგალითისთვის სტანდარტული კონფიგურაციის ჯავშანტრანსპორტიორი საბრძოლო ქვედანაყოფებში მიღებამდე რამდენიმე ძირითად ეტაპს გადის.
 სამხედრო ტექნიკის ყველა წარმატებული და წარუმატებელი ნიმუში კონცეპტუალური მოდელით იწყება. კონკრეტული დამკვეთის მიერ მოთხოვნილი დანიშნულებისა და ზოგადი ტექნიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით ინჟინერ-კონსტრუტორთა ჯგუფის მიერ პირველადი კონცეპტის მონახაზი კეთდება. კონცეპტში გათვალისწინებულია მანქანის სავალი ნაწილის ფორმულა,  მიახლოებითი მასო-გაბარიტული მონაცემები, გათანაწყობა და სხვა ძირითადი ასპექტები. შემდეგში სპეციალური კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით მუშავდება მანქანის ციფრული მოდელი, რომელიც უმცირეს მაკომპლექტებელ დეტალებსაც კი შეიცავს. სპეციალური ალგორითმის საშუალებით ნაკეთობის 3 განზომილებიან მოდელზე მასალების მოდელირება და სხვადასხვა გამოთვლები ტარდება.  ეს მთელი რიგი რთული ტექნიკური პროცედურების და რისკების წინასწარი გათვლის თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

ჯავშანპლატფორმა Stryker-ის სამ განზომილებიანი ციფრული მოდელი.

შემდეგი ნაბიჯი მანქანის საცდელ-ექსპერიმენტული პროტოტიპის შექმნაა. პროტოტიპი წარმოადგენს პირველად საცდელ-ექსპერიმენტულ ეგზემპლიარს რომელზეც მთელი რიგი ტექნოლოგიური და საინჟინრო გადაწყვეტილებების ფიზიკური განხორციელება და რეალურ პირობებში გამოცდა ხორიციელდება. წარმოების დაწყებამდე შესაძლებელია რამდენიმე ერთეული პროტოტიპის დამზადებაც გახდეს საჭირო. სხვადასხვა მოდელებზე სხვადასხვა ტიპის მასალების მდგრადობა, შედუღების სხვადასხვა მეთოდები, სხვადასხვა მაკომპლექტებელი კომპონენტების მათ შორის ძრავის, სავალი ნაწილის, ტრანსმისიის, გადაცემათა კოლოფის, შეიარაღების ნაწილის და სხვა მსგავსი დეტალების მუშაობა იცდება. ცალკე პროგრამით ტარდება ჯავშანმანქანების ბალისტიკური გამოცდებიც. სხვადასხვა ტიპის სტანდარტული და ჯავშანმანქანი საბრძოლო მასალების ზემოქმედებაზე იცდება მანქანის ძლიერი და ნაკლებად დაჯავშნული მონაკვეთები, პროტოტიპებს უტარდებათ ასევე ნაღმსაწინააღმდეგო გამოცდები რომელიც მანქანის ტიპიდან და წონითი კატეგორიიდან გამომდინარე მისი ბორბლის ან მუხლუხოს ქვეშ რამდენიმე კილოგრამი ტროტილის ექვივალენტი ფეთქებადი მუხტის დეტონაციას ითვალისწინებს.

საბრძოლო მანქანის დამცავი ჯავშანპანელების საცეცხლე გამოცდები.

სპეციალური პროგრამით გაწერილი საქარხნო და საარმიო გამოცდების შემდეგ მნიშვნელოვნად მოდიფიცირებული ჯავშანმანქანის საბოლოო კონფიგურაცია წარმოებაში ეშვება.
თუმცა ხშირად ყოფილა, რომ ესა თუ ის ერთი შეხედვით წარმატებული პროექტი წარმოების დაწყებამდე შეჩერებულა. ცივი ომის პერიოდში და შემდეგაც აშშ-ში, საბჭოთა კავშირში და ევროპის ქვეყნებში არსებული ავიამშენებელი თუ ტანკმშენებელი კომპანიების მუზეუმებსა თუ საცავებში დღემდე ასეულობით ექსპერიმენტული საბრძოლო მანქანის პროტოტიპია შემონახული. მაგალითისთვის დღეისათვის აშშ-ის შეიარაღებული ძალების ძირითადი ქვეითთა საბრძოლო მანქანა M-2 „ბრედლის“ შეიარაღებაში მიღებამდე და მასიურ წარმოებამდე მისი საცდელ-ექსპერიმენტული პროტოტიპის XM723-ის 15 ერთეულამდე ნიმუში დამზადდა.

განსხვავება ქვეითთა საბრძოლო მანქანა M-2 „ბრედლის“ პროტოტიპის XM723-სა და სერიულად წარმოებულ მოდიფიკაცია M2A3-ს შორის.

გერმანიის შეიარაღებულ ძალებში კი პერსპექტიული მრავალფუნქციური ჯავშანპლატფორმა Boxer-ის პირველი 12 პროტოტიპი 2003 დან 2009 წლამდე გადიოდა საარმიო გამოცდებს. 1999 წლიდან დაწყებული პროექტი კონსტრუირების და პროტოტიპების გამოცდის რამდენიმე ეტაპს მოიცავდა, რის შემდეგაც 2009 წელს მანქანა ბუნდესვერის შეიარაღებაში შევიდა.

შეიარაღებაში მიღებამდე ჯავშანპლატფორმა Boxer ის პროტოტიპებმა მრავალმხრივი ტესტირებების ვრცელი გზა გაიარეს.

სამხედრო ტექნოლოგიების უსწრაფეს განვითარებასთან ერთად წლიდან წლამდე მაღალი ტემპებით იცვლება მიდგომები სხვადასხვა ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში, მკაცრდება ტექნიკური მოთხოვნები.
ჰიბრიდული საფრთხეების წინა პლანზე წამოწევასთან ერთად თანამედროვე დოქტრინები ნაკლები რესურსების პირობებში, მცირე ზომის ქვედანაყოფების ან ტაქტიკური ჯგუფების გამოყენებით რიცხობრივად აღმატებულ მოწინააღმდეგესთან ბრძოლისას მაქსიმალურად მაღალი საბრძოლო რეზულტატის მიღებას ითვალისწინებს. ეს კი ბრძოლის ველზე ინდივიდუალური მებრძოლის და საბრძოლო ტექნიკის თითოეული ერთეულის მნიშვნელობას ზრდის, აუცილებელს ხდის საბრძოლო სისტემების ბრძოლის ველის მართვის ერთიან ციფრულ სისტემებში ინტეგრაციის შესაძლებლობას.
ყოველივე ეს მოდუნების საშუალებას არ აძლევს იმ კომპანიებს რომლებიც გიგანტი მწარმოებლების პროდუქციით გაჯერებულ საიარაღო ბაზარზე საკუთარი ადგილის დაკავებას ცდილობენ.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑