120 მმ თვითმავალი ნაღმსატყორცნების მცირე კონცეპტუალური მიმოხილვა

მსოფლიოს სამხედრო ისტორიაში საუკუნეების განმავლობაში ომის წარმოების ტექნიკა და საშუალებები იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი ტექნოლოგიური მიღწევების შესაბამისად იცვლებოდა. ბოლო რამდენიმე საუკუნის განმავლობაში წარმოებული ომების ანალიზისას ნათლად იკვეთება, რომ ბრძოლის ველზე ერთ-ერთ ყველაზე დიდ როლს საარტილერიო ქვედანაყოფები თამაშობენ. სხვადასხვა ტიპის საერთო-საჯარისო ოპერაციებისას შეტევაში და თავდაცვაში მყოფი ქვეითი ან მექანიზირებული შენაერთების წარმატებული მოქმედება დიდწილად ეფექტურ საარტილერიო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

თანამედროვე არმიების საარტილერიო ქვედანაყოფების შეიარაღებაში არსებული საშუალებებს შორის ყველაზე დიდი ისტორია ნაღმსატყორცნებს აქვთ. ჯერ კიდევ XV საუკუნიდან ევროპასა და აზიაში ფართოდ ვრცელდება სხვადასხვა კალიბრის და ტიპის მორტირები რომლებიც ძირითადად მყარად ნაშენი ციხე სიმაგრეების დასანგრევად გამოიყენებოდა. სამიზნეების დასაზიანებლად გამოიყენებოდა როგორც დენთით დამუხტული ასევე უბრალო მძიმე ბირთვები. თანამედროვე ნაღმსატყორცნების წინაპრად სწორედ ეს მორტირები მიიჩნევა.
ტექნიკური თვალსაზრისით ბუქსირებადი ნაღმსატყორცნები საარტილერიო შეიარაღების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ნიმუშია, თუმცა განსაკუთრებით ეფექტურია მთაგორიან რელიეფზე, როდესაც რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გორაკის ან მთის უკან განლაგებული სამიზნის დაზიანებაა საჭირო.  XX საუკუნეში სხვადასხვა ქვეყნების არმიებში ასეულობით სხვადასხვა ტიპის  ნაღმსატყორცნი გამოიყენებოდა რომელთა კალიბრი 37 დან 450 მმ-მდე ვარირებდა.   

სხვადასხვა კალიბრის მორიტირები აქტიურად გამოიყენებოდა ამერიკის სამოქალაქო ომში 1861-1865 წლებში.

დღისათვის  მთელი რიგი ტაქტიკურ-ტექნიკური მაჩვენებლების გათვალისწინებით ყველაზე მეტად გავრცელებულია, საშუალო 120 მმ კალიბრიანი ნაღმსატყორცნები, რომელთა ძირითადი დანიშნულება მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩახშობა და საფორტიფიკაციო ნაგებობების დაზიანება-განადგურებაა.  თუმცა სტანდარტული კონსტრუქციის ნაღმსატყორცნების, ისევე როგორც ყველა სხვა ბუქსირებადი საარტილერიო სისტემის მთავარ მინუსად დაბალი მობილურობა მიიჩნევა. ბუქსირებადი ნაღმსატყორცნების საბრძოლო პოზიციაზე გაშლა აკეცვას რამდენიმე წუთი ესაჭიროება, რაც მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებების პირობებში ხშირად გადამწყვეტია და მოწინააღმდეგის მხრიდან საპასუხო ცეცხლით განადგურების საფრთხეს ზრდის.  ამ ნაკლის აღმოფხვრა და მობილური ნაღმსატყორცნების დამზადება ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს სცადეს, როდესაც დიდი ბრიტანეთის ჯარებში Mk4 ტიპის ტანკებზე 81,2 მმ კალიბრიანი ნაღმსატყორცნები დაამონტაჟეს.

Mk4 ტიპის ტანკი ნაღმსატყორცნით

თუმცა თვითმავალი ნაღმსატყორცნების გამოყენება განსაკუთრებულად აქტიურად მეორე მსოფლიო ომში ხდებოდა როგორც მოკავშირეთა ასევე გერმანული არმიის მხრიდან. დაპირისპირებული მხარეები სხვადასხვა ტიპის მუხლუხოიან და ბორბლებიან შასიზე სხვადასხვა კალიბრის ნაღმსატყორცნებს ამონტაჟებდნენ.

ამ კონცეფციამ შემდგომი განვითარება ცივი ომის პერიოდშიც ჰპოვა. ამ დროს ჩამოყალიბდა ნაღმსატყორცნების ორი ძირითადი ტიპიც, კლასიკური ლულიდან დატენვადი და ქვემეხის მსგავსად სახაზინო ნაწილიდან დატენვადი ნაღმსატყორცნები, რომელსაც ხშირად ჰაუბიცა-ნაღმსატყორცნებიც ეწოდება. ორივე ტიპის ნაღმსატყორცნებში გამოიყენება როგორც გლუვი ისე კუთხვილი ლულები. კონსტრუქციულად ლულის ტუჩიდან დატენვადი ნაღმსატყორცნები უმეტესად უკოშკუროდ, პირდაპის ჯავშანმანქანაზეა დამონტაჟებული. სახაზინო ნაწილიდან დატენვადი ნაღმსატყორცნების უმრავლესობა კი კოშკურიანი კონფიგურაციისა.

2С9 Нона-С. საბჭოთა მედესანტეთა 120 მმ ნაღმსატყორცნი.

60 იანი წლების ბოლოს ამერიკული არმიის შეიარაღებაში არსებული M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორებზე 81, 107 და შემდგომში უკვე 120 მმ კალიბრიანი ნაღმსატყორცნები დაამონტაჟეს. საბჭოთა ჯარებში კი 80-იან წლებში შეიარაღებაში შევიდა მედესანტეთა ჯავშანტრანსპორტიორ БТР-Д-ს ბაზაზე შექმნილი სახაზინო ნაწილიდან დატენვადი თვითმავალი ნაღმსატყორცნი 2С9 Нона-С.  წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში ზემოთაღნიშნული სისტემების კლონები და მათი მოდიფიცირებული ანალოგები მრავლად დამზადდა.

ამერიკული თვითმავალი ნაღმსატყორცნი M106  ვიეტნამში.

სხვადასხვა ფორმაციის არმიებში კი პოლკებისა და ბრიგადების ზომის შენაერთების შემადგენლობაში არსებული საარტილერიო მხარდაჭერის ქვედანაყოფებში 120 მმ-იანი საშუალო კალიბრის ნაღმსატყორცნებმა ამ კლასის იარაღისთვის განკუთვნილი ძირითადი ნიშა დაიკავეს, როგორც ბატალიონებისთვის ახლო საარტილერიო ცეცხლით მხარდაჭერის საშუალებამ. თვითმავალი ნაღმსატყორცნები ცეცხლით მხარდაჭერის განუყოფელ ნაწილად იქცა მექანიზებული სამანევრო ქვედანაყოფებისთვის.
 ზოგადად ცივი ომის პერიოდში შექმნილი სხვადასხვა საბრძოლო ტექნიკის მსგავსად იმ დროინდელი თვითმავალი ნაღმსატყორცნებიც ამა თუ იმ ტიპის საბრძოლო მანქანის შასის გამოყენებით იქმნებოდა, საბრძოლო ნაკვეთური და მთელი რიგი აგრეგატების ელექტრო და ჰიდრავლიკური სისტემების მუშაობა კონკრეტულ სავალ ნაწილზე იყო ადაპტირებული. დღეს დღეობით კი ყველა მწარმოებელი ცდილობს დაამზადოს უნივერსალური ნაღმსატყორცნის მოდულები, აღჭურვილი უკუცემის ჩამხშობი მექანიზმით და გათვლილი სხვადასხვა ტიპის სავალი ნაწილისთვის.
ამ საქმეში ერთ-ერთი მეწინავე ქვეყანა ისრაელი გამოდგა, სადაც კომპანია Soltam Systems-მა 2000-იანი წლების დასაყისიდან უნიფიცირებული 81/120 მმ ნაღმსატყორცნის მოდული CARDOM შეიმუშავა. CARDOM MK1 გათვლილი იყო 81 მმ ნაღმსატყორცნის ლულაზე, უკვე Cardom Mk2 კი 120 მმ ნაღმსატყორცნის ლულას იყენებდა, მოდულის მოდიფიცირება და სხვადასხვა სავალ ნაწილზე მორგება მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს.

Cardom MK2 – ისრაელის წარმოების 120 მმ ნაღმსატყორცნის მოდული.
ისრაელის წარმოების KOSHET. მეორე თაობის Cardom mk2 ით აღჭურვილი M-113 ტიპის მუხლუხა
ტრანსპორტიორი.
CARDOM MK2 მოდული

CARDOM MK2 მოდულის ზოგადი ტექნიკური მონაცემები:

  • სროლის მანძილი – 7,000-8,000 მეტრი
  • კალიბრი: 120/81 მმ
  • მასა: 670 კგ
  • ლულის სიგრძე: 1620 მმ
  • ლულის უკუსვლის მანძილი: 220 მმ
  • სროლის მაქსიმალური ტემპი : 16 გასროლა/წთ
  • ჰორიზონტალური ბრუნვის კუთხე : 360°
  • ვერტიკალური დამიზნების კუთხე: 45-85°
  • უკუცემის მაქსიმალური ძალა სტანდარტული გასროლებით: 36 ტონა
  • მომზადების დრო პირველ გასროლამდე: 30 წმ
  • გათვლა : 2-4 კაცი (დამოკიდებულია მანქანაზე)

დღეისათვის მსოფლიოს საიარაღო ბაზარი გაჯერებულია სხვადასხვა მწარმოებლის მიერ შექმნილი მოდულური კონსტრუქციის თვითმავალი ნაღმსატყორცნებით.  შემკვეთის გემოვნების გათვალისწინებით მწარმოებელი კომპანიები პოტენციურ კლიენტს სთავაზობენ სრულად ავტომატიზირებულ, ნახევრად ავტომატიზირებულ ან არაავტომატიზირებულ შედარებით მარტივი კონსტრუქციის ნაღმსატყორცნების მოდულებს რომელთა კალიბრი ძირითადად 60 დან 120 მმ-მდე ვარირებს და მათი მონტაჟი სხვადასხვა პლატფორმაზეა შესაძლებელი.
მყიდველის მხრიდან სპეციფიური ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინებით თანამედროვე მობილურ ნაღმსატყორცნებზე სხვადასხვა კონფიგურაციის კავშირგაბმულობის, ცეცხლის მართვის, გლობალური და ინერციული ნავიგაცია-პოზიციონირების სისტემები მონტაჟდება. 
განსაკუთრებული აქცენტი კეთდება 120 მმ ნაღმსატყორცნების 4X4 სავალი ნაწილის მქონე საარმიო ტაქტიკურ მანქანებთან ინტეგრაციაზე. ამ მიმართულებითაც ერთ-ერთი მეწინავეა ასევე ისრაელის კომპანია Elbit Systems, რომელსაც გააჩნია Cardom-ის მოდულების წარმოების და SPEAR ის ტიპის მობილური ნაღმსატყორცნის კონფიგურაციაში მათი სხვადასხვა მანქანებზე ინტეგრაციის დიდი გამოცდილება.
SPEAR წარმოადგენს სავალი ნაწილის, CARDOM ის მოდულის და ცეცხლის მართვის ავტომატიზირებული ციფრული სისტემის ერთობლიობას, რომელიც თანამედროვე მაღალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებებში ეფექტური და სწრაფი საცეცხლე მხარდაჭერის საშუალებაა, როგორც საერთო საჯარისო ოპერაციებში ასევე მცირე მასშტაბის ლოკალურ შეტაკებებში.

SPEAR ის პირველი მოდელი ამერიკული ჰამერის ბაზაზე.
SPEAR – ისრაელის წარმოების ჯავშანმანქანა SandCat-ის ბაზაზე.
SPEAR – კომპანია Elbit Systems-ის მოდული cardom ამერიკულ JLTV-ზე.
ისრაელის წარმოების უახლები მოდელის SPEAR LR (Long Range)/CARDOM 10 – 10 კმ-მდე გაზრდილი სროლის მანძილით და ნაღმების ავტომატური დამტენი მოწყობილობით.
დანიის არმიისთვის განკუთვნილი Cardom 10 აღიჭურვა Weibel MVR-700 ტიპის ჭურვის სიჩქარის მზომი რადარით.
თურქული წარმოების ახალი ტიპის უკუცემის ჩამხშობი მექანიზმით და თვითდამტენი მოწყობილობით აღჭურვილი 81/120 მმ ნაღმსატყორცნის მოდული alkar.
თურქული მოდული alkar ჩამონტაჟებული 4×4 ჯავშანმანქანაBMC VURAN-ში

ერთ-ერთ გამორჩეულად წარმატებულ პროექტად ითვლება სინგაპურული წარმოების მოდული SRAMS, რომელიც 2001 წელს წარმოადგინა კომპანია ST Kinetics-მა. მოდული აღჭურვილია უკუცემის ჩამხშობი სისტემით და ნაღმების ავტომატური დამტენით. დღემდე მოდული მრავალ სხვადასხვა სავალ ნაწილზე იქნა დამონტაჟებული.

მოდული SRAMS
მოდული SRAMS დამონტაჟებული სხვადასხვა ტიპის შასიზე

თავის მხრივ ბოლო რამდენიმე ათწლეულში ცივი ომის დასრულების შემდეგ მკვეთრი განვითარება ჰპოვა კოშკურიანი ნაღმსატყორცნების კონცეფციამაც.

ამ მიმართულებით გამორჩეული ნიმუშებია შვედური AMOS და Mjolner, ფინური NEMO, რუსული 2С31 Вена, ჩინური PLZ-05A და სხვები.

ფინური NEMO, 8 ბორბლიანი ჯავშანტრანსპორტიორი Patria AMV-ს ბაზაზე.
ფინური NEMO, საკონტეინერო ვარიანტი. მაღალი ავტონომიურობით.
შვედური Mjolner, CV-90 ტიპის მუხლუხოიან ბაზაზე.

Leave a comment

Blog at WordPress.com.

Up ↑