XX საუკუნის მეორე ნახევრისგან განსხვავებით, თანამედროვე სამხედრო დოქტრინები ინდივიდუალურ საბრძოლო ერთეულს ბევრად მეტ დატვირთვას ანიჭებს. შესაბამისად ეს მოცემულობა წინა პლანზე წევს საერთო-საჯარისო ტექნიკის კავშირგაბმულობის, ნავიგაციის და ბრძოლის ველის მართვის ერთიანი ციფრული სისტემებით აღჭურვის აუცილებლობას. შემოთაღნიშნული დოქტრინები საბრძოლო და ლოგისტიკური ტექნიკის ექსპლუატაციის ხარჯების შემცირებას და საველე თუ სარეგლამენტო რემონტის მაქსიმალურად გამარტივებასაც ითვალისწინებს. ამის მისაღწევად საჭიროა საჯარისო სამხედრო ტექნიკის უნიფიკაციის მაღალი მაჩვენებელი.
ამიტომ თანამედროვე კონცეფციებით შექმნილი სამხედრო ტექნიკის უმრავლესობა მოდულური კონსტრუქციით პროექტდება. ეს საშუალებას იძლევა რომელიმე ერთი მუხლუხოიანი ან ბორბლებიანი სავალი ნაწილის ბაზაზე ათეულობით სხვადასხვა დანიშნულების საბრძოლო, მხარდამჭერი ან ტექნიკური უზრუნველყოფის მოდული დამონტაჟდეს.

აშშ-ის არმიის საშუალო წონის უნიფიცირებული ტაქტიკური მანქანა FMTV
ეს თავის მხრივ, ჯარების სხვადასხვაგვარობებში განსხვავებული დანიშნულების, თუმცა ერთი სავალი ნაწილის მქონე ტექნიკის არსებობას უზრუნველყოფს, რაც ამარტივებს როგორც მათ ტექნიკურ ექსპლუატაციასა და რემონტს, ისე მნიშვნელოვნად ამცირებს ტექნიკის შენახვაზე გაწეულ ხარჯებს. მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ აშშ-ის შეიარაღებული ძალები, სადაც ჯერ კიდევ 80-იანი წლებიდან შეიარაღებაში არსებული რამდენიმე ასეული ათასი HMMWV-ის ტიპის (High Mobility Multipurpose Wheeled Vehicle ასევე ცნობილი როგორც Humvee) მულტიფუნქციური პლატფორმა ეტაპობრივად იცვლება, კომპანია Oshkosh-ის წარმოების თანამედროვე ტენდენციებზე მორგებული უახლესი ჯავშანმანქანა JLTV-ით(Joint Light Tactical Vehicle). ასევე ხდება ჩეხეთის შეიარაღებული ძალების პერსპექტიული ჯავშანმანქანა T815 Patriot MATMMV-ისა და ფრანგული Sherpa Light scout-ის შემთხვევაშიც.

ბოლო წლებში მიმდინარე საომარი კონფლიქტების პარალელურად განვითარებადმა მსოფლიო სამხედრო ინდუსტრიამ კონკრეტულად 4X4 სავალი ნაწილის მქონე ტაქტიკურ ჯავშანმანქანებში რამდენიმე კატეგორია გამოკვეთა, რომელთა შორის ზღვარი ხშირ შემთხვევაში წაშლილია თუმცა არის რამდენიმე ძირითადი ასპექტი რაც მათი კატეგორიზაციის საშუალებას იძლება. ესენია მასა, შეჯავშნა და შეიარაღება.
უმთავრესი კი მაინც წონითი კატეგორიაა რაც თავის მხრივ შეჯავშნის ხარისხს და შეიარაღების სახეობას განპირობებს
4X4 სავალი ნაწილის მქონე ტაქტიკური ჯავშანმანქანების წონითი კატეგორიები:
მსუბუქი – 8 ტონამდე წონითი კატეგორიის ჯავშანმანქანები.
საშუალო – 8 დან 15 ტონამდე.
მძიმე – 15 დან 20 ტონამდე.
წონითი კატეგორიების მიხედვით ვარირებს კორპუსის ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო შეჯავშნაც რაც სხვადასხვა მანქანებზე STANAG 4569 სტანდარტის შესაბამისად I, II, III, IV დონეებს შეესაბამება.

არსებული ტენდენციების მიხედვით 4×4 სავალი ნაწილის მქონე ბორბლებიან ტაქტიკურ ჯავშანმანქანებზე ბალისტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო შეჯავშნა უმეტესად 1 დან 3 დონემდე მერყეობს. თუკი ცივი ომის პერიოდში შექმნილი ჯავშანმანქანებზე იმ პერიოდის კონცეფციებიდან გამომდინარე 1 დან 2 დონის შეჯავშნაც საკმარისი იყო, დღეს ჯავშანგამტანი საბრძოლო მასალების, და ნაღმფეთქებადი მოწყობილობების ადვილად ხელმიაწვდომობამ და ფართო გავრცლებამ სხვადასხვა ქვეყნების არმიებში შედარებით მაღალი დაცულობის ჯავშანმანქანების საჭიროება გამოაჩინა. განსაკუთრებით კი იმ ქვეყნების არმიებში, რომელთა მოწინააღმდეგე ირეგულარული და პარტიზანული ქვედანაყოფებია.
მსუბუქი და საშუალო წონითი კატეგორიის ტაქტიკური ჯავშანმანქანების ძირითადი დანიშნულება:
ტაქტიკური ქვედანაყოფის გადაყვანა და მათი მხარდაჭერა 7,62/12,7 მმ ტყვიმფრქვევის ან 30/40 მმ ავტომატური ყუმბარმტყორცნის ცეცხლით.
საპატრულო – აღჭურვილი ოპტიკური, აკუსტიკური და ნაღმსაწინააღმდეგო სენსორებით და ნაღმსაწინააღმდეგო აქტიური ზემოქმედების საშუალებებით. (რადიოჩამხშობები და ადრეული დეტონაციის სისტემები)
პასიური და აქტიური დაზვერვა ოპტიკური, რადიოტექნიკური დაზვერვის და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო საფრენი აპარატებით.
საშტაბო-სამეთაურო დანიშნულების.
კავშირგაბმულობის (საბატალიონო და ბრიგადის ზომის შენაერთისთვის)
სამედიცინო ევაკუაციის (1, 2, 4 ერთეული საკაცით)
ტანკსაწინაღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემების ბაზა.
მობილური საჰაერო თავდაცვის სისტემა – ახლო მანძილზე მოქმედი სითბური ან ლაზერული დამიზნების საზენიტო რაკეტების მოდულით აღჭურვა.
საარტილერიო (უმეტესად 81/82 ან 120 მმ ნაღმმტყორცნის ბაზა), უფრო იშვიათად მცირეკალიბრიანი რეაქტიული პაკეტის ბაზა, თუმცა არარენტაბელურია და ტაქტიკური ღირებულების თვალსაზრისით გაუმართლებელი.
მსუბუქი ტექნიკური დახმარების (ბრემი).

თანამედროვე მრავალფუნქციური 4×4 ზე ჯავშანმანქანები უმეტესად სტანდარტული ატომობილის მსგავსი გათანაწყობით კონსტრუირდება.
ამ ტიპის ჯავშანმანქანებიში დღეისათვის ყველაზე დახვეწილი და ტექნიკურად სრულყოფილი ამერიკული კომპანია „ოშკოშის“ წარმოების ATV-ს ოჯახის ჯავშანმანქანებია რომლებიც ერთმანეთისგან წონითი კატეგორიით და განსხვავდება.
სწორედ ეს მანქანები ქმნიან დღეს დღეობით ერთგვარ „ტრენდს“ რომელსაც მიჰყვება ყველა დანარჩენი კომპანია. დღეისათვის აშშ-ის შეიარაღებული ძალების არმიაში აქტიურ გამოყენებაშია L-ATV და
M-ATV ტიპის ჯავშანმანქანების სხვადასხვა მოდიფიკაციები, რომელთა მიმართ დაინტერესებაც სხვა ქვეყნების შეიარაღებული ძალების მიერ დღითი დღე იზრდება.
L-ATV / JLTV
2006 წელს პენტაგონის მიერ პროგრამა JLTV-ის (Joint Light Tactical Vehicle) ფარგლებში გამოცხადებულ ტენდერში, რომლის მიხედვითაც აშშ-ის არმიის, სპეციალური ოპერაციების ძალების და საზღვაო ქვეითთა კორპუსის შეიარაღებაში არსებული ჰამერის ტიპის ჯავშანმანქანები უნდა ჩანაცვლებულიყო, 2015 წელს გაიმარჯვა „ოშკოშის“ წარმოებულმა ტაქტიკურმა ჯავშანმანქანა L-ATV-მ, რომლის მიმართაც მოთხოვნილება ციფრებში ასე გამოიყურება:
აშშ-ის არმია – 49 099 ერთეული
საზღვაო ქვეითთა კორპუსი – 9091 ერთეული
საჰაერო ძალები – 230 ერთეული

L-ATV წარმოადგენს ტიპიური მოდულური კონსტრუქციის ჯავშანმანქანას, აგებული კლასიკური ავტომობილის ფორმებში. მანქანის ყველა მოდიფიკაციაში გვერდითი კარები ორივე მხარეს იღება. რაც ეკიპაჟის მიერ მანქანის დატოვების და მასში ასვლის დროს მნიშვნელოვნად ამცირებს. ასევე საცეცხლე კონტაქტისას დამატებით ფარს ქმნის უკანა მიმართულებით. მანქანის ჯავშანი შექმნილია და იწარმოება კომპანია Plasan-ის მიერ, რომელიც თავის დროზე ისრაელში დაარსდა თუმცა ამჟამად საწარმო აშშ-ში, ვერმონტის შტატშიც აქვს.
JLTV კონფიგურაციაში არსებობს მანქანის სამი ვარიანტი ერთმანეთისგან განსხვავებული სასარგებლო დატვირთვით.
A – 1600 კგ
B – 1800-2000 კგ
C – 2300 კგ

ტტმ:
საბრძოლო მასა – 4657 კგ
მაქსიმალური მასა – 6400 კგ
სიგრძე – 6,2 მეტრი
სიგანე – 2,5 მეტრი
სიმაღლე – 2,6 მეტრი
ეკიპაჟი – 2 + 2 კაცი
ძრავი – 340 ცხ/ძალის 6,6 ლიტრი მოცულობის დიზელი ძრავი Gale Banks Engineering 866T V-8.
ტრანსმისია – Allison 2500SP – ავტომატური 6 სიჩქარიანი.
დაკიდება – Oshkosh TAK-4i ტიპის დამოუკიდებელი დაკიდების სისტემა.
სვლის მარაგი – 480 კმ.
სიჩქარე – ტრასაზე 110 კმ/სთ. უკანა სვლით 13 კმ/სთ




Oshkosh M-ATV (All Terrain Vehicle)
გაზრდილი ნაღმსაწინააღმდეგო დაცულობის მქონე ტაქტიკური ჯავშანმანქანა
M-ATV განეკუთვნება MRAP-ის კლასის ჯავშანმანქანებს. მანქანის შექმნა განაპირობა აშშ-ის არმიის მიერ ავღანეთში და ერაყში ჰამერის ჩასანაცვლებლად გამოცხადებულმა მსხვილმა კონტრაქტმა. ამ ეტაპზე საერთო ჯამში გამოშვებულია 10 ათას ეთეულამდე სხვადასხვა მოდიფიკაციის მანქანა. ერთეულის ღირებულება 450 ათასი დოლარიდან იწყება.
სავალი ნაწილი წარმოდგენილია „ოშკოშის“ წარმოების TAK-4 ტიპის სრულად დამოუკიდებელი შასის სახით, რომელზეც 16 ინჩიანი საბურავები გამოიყენება.

მანქანა კონსტრუირებულია Core1080 ტიპის ეკიპაჟის 360 გრადუსიანი დაცვის სისტემის გამოყენებით, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ერთმანეთთამ მაქსიმალურად მაღალ დონეზე ინტეგრირებულ კვანძებს აგრეგატებს და კომპონენტებს:
- მაღალი ხარისხის დაკიდების სისტემა და გამავლობა.
- შემსუბუქებული კვანძები
- ძრავი
- მაღალი სიმძლავრის გამომავალი ენერგიის წყარო
- დაბალი სიგნატურა (ვიზუალური, თერმული, ელექტრომაგნიტური)
- ძალური აგრეგატის დაბალი ხმა.
- მსროლელის დაცვის კომპლექტი.
- C4ISR სისტემა
- კაფსულის თანამედროვე დიზაინი.
- დამატებითი შეჯავშნის პანელების ჭანჭიკებით ოპტიმიზირებული დამაგრების სისტემა.
- დარტყმის ენერგიის ჩამხშობი იატაკი და სკამები
- საბურავების ზონაში აფეთქების დარტყმის ტალღის გამფანტველი დეფლექტორები
- სავარძლების და შესაბამისად ეკიპაჟის ოპტიმიზირებული განლაგება.

მანქანის წონითი კატეგორია და სალონის კონფიგურაცია მისი მოდიფიკაციიდან გამომდინარეობს და შემდეგია:
M-ATV Special Forces – 5 კაციანი ეკიპაჟი. დაცული საბარგულით. საბრძოლო მასა 14,273 კგ დამატებითი ტვირთი 2,495 კგ.
M-ATV Assault – მოდულური უკანა ნაკვეთური 11 კაცამდე ტევადობით. საბრძოლო მასა 16,080 კგ. დამატებითი ტვირთი 1,996 კგ. დაგრძელებული სავალი ნაწილით.
M-ATV Engineer – სატრანსპორტო მოდული 5 დან 11 კაცამდე ტევადობით. საბრძოლო მასა 15,978 კგ. დამატებითი ტვირთი 1,996 კგ. ნაღმსაწინააღმდეგო ტრალი კომპლექტში. შასი დაგრძელებული.
M-ATV Command – ეკიპაჟი 5 კაცი. საბრძოლო მასა 15,934 კგ. დამატებით 1,996. დაგრძელებული შასი.
M-ATV Utility – ეკიპაჟი 5 კაცი. საბრძოლო მასა 13,310 კგ. დამატებითი ტვირთი 3,181 კგ.

ზოგადი ტტმ:
სიგრძე – 6270 მმ
სიგანე – 2490 მმ
სიმაღლე – 2700 მმ
ეკიპაჟი – 4 + 1 კაცი (1 განერი/მსროლელი)
ძრავი – 370 ცხ/ძალის 7,2 ლიტრი მოცულობის ტურბოდიზელის ძრავი Caterpillar C7
ცხენის ძალა ტონაზე – 23 ცხ.
ტრანსმისია – Allison 3500 SP- ავტომატური 6 სიჩქარიანი.
დაკიდება – Oshkosh TAK-4i ტიპის დამოუკიდებელი დაკიდების სისტემა.
სვლის მარაგი – 510 კმ.
სიჩქარე – ტრასაზე 105 კმ/სთ.


Leave a comment