6 ივნისი D დღეა.
D-Day: 1944 წლის 6 ივნისის მასშტაბური სადესანტო ოპერაცია და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა მეორე მსოფლიო ომის კონტექსტში.
მეორე მსოფლიო ომის ფარგლებში, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ძალების მიერ ნორმანდიის სანაპიროზე ჩატარებული სადესანტო ოპერაცია “ოვერლორდი”, ისტორიაში ცნობილია როგორც D-Day.

ამ ომის ერთ-ერთ ყველაზე კომპლექსური და მასშტაბური სამხედრო ოპერაციის ფარგლებში მოკავშირეებმა წამოიწყეს ფართომასშტაბიანი შეტევა ნაცისტური გერმანიის მიერ ოკუპირებულ დასავლეთ ევროპაზე. ოპერაცია „ოვერლორდის“ საწყისი ფაზა — კოდური სახელწოდებით „ნეპტუნი“ — მოიცავდა საზღვაო ამფიბიურ და საჰაერო დესანტირებას საფრანგეთში, ნორმანდიის რეგიონში, რომლის მიზანიც იყო მეორე ფრონტის გახსნა და გერმანიისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პოზიციების გარღვევა.
– ოპერაციის დაგეგმვა და საერთაშორისო კოორდინაცია.
ოპერაციის დაგეგმვა ჯერ კიდევ 1943 წელს დაიწყო, კასაბლანკისა და თეირანის კონფერენციების შედეგად, სადაც დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი — შეთანხმდნენ დასავლეთის ფრონტის გახსნაზე.
ოპერაციის საერთო სარდლობა ამერიკელ გენერალ დუაიტ დ. ეიზენჰაუერს დაეკისრა. ოპერაციაში მონაწილეობას იღებდნენ ამერიკის შეერთებული შტატების, გაერთიანებული სამეფოს, კანადის და სხვა მოკავშირე ქვეყნების სამხედრო ძალები.
ბრიტანულ ძალებს მეთაურობდა მარშალი ბერნარდ მონტგომერი.
ოპერაციის წარმატება მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული სადაზვერვო სამუშაოებზე და წინასწარი დეზინფორმაციის ღონისძიებებზე (ოპერაცია Fortitude), რომელთა მიზანი იყო გერმანიის შეიარაღებული ძალების დეზორიენტაცია და ძირითადი ძალების გადამისამართება პა-დე-კალეს რეგიონში.
– შეტევის სტრუქტურა და სამხედრო მოქმედებები.
ნორმანდიის სანაპირო ხაზი დაყოფილი იყო ხუთ სექტორად: იუტა, ომაჰა, გოლდი, ჯუნო და სვორდი (Utah, Omaha, Gold, Juno, Sword). ამერიკული ძალები დაეშვნენ იუტას და ომაჰას პლაჟებზე, ბრიტანული — გოლდზე და სვორდზე, ხოლო კანადური — ჯუნოზე. შეტევა მხარდაჭერილი იყო მასშტაბური აერომობილური საჰაერო ოპერაციებით, რომელთა ფარგლებში 23 000 ზე მეტი მედესანტე პარაშუტებით დაეშვა მოწინააღმდეგის უკანა ხაზებში, რამდენიმე საათით ადრე სანაპიროზე მთავარი ძალების გადმოსხმამდე.


განხორციელდა დაახლოებით 11,000-ზე მეტი საჰაერო ოპერაცია და გამოიყენეს 5,000-ზე მეტი საზღვაო მცურავი ხომალდი, მათგან დიდი ნაწილი სადესანტო გემები და კატარღები. პირველივე დღეს მოკავშირეებმა გადმოსხეს 150,000-ზე მეტი ცოცხალი ძალა, მიუხედავად ძლიერი წინააღმდეგობისა, განსაკუთრებით ომაჰას სექტორში, სადაც შეტევის მსვლელობა საგრძნობლად შეფერხდა.

გერმანული თავდაცვა ნორმანდიაში.
ნორმანდიის სანაპიროზე გერმანული თავდაცვითი პოზიციები მეორე მსოფლიო ომის დროს წარმოადგენდა დასავლეთის ფრონტის მთავარი თავდაცვის სისტემის — „ატლანტიკური კედლის“ (Atlantikwall) ნაწილს. ეს სისტემა მიზნად ისახავდა მოკავშირეთა საზღვაო-ამფიბიური დესანტის შეჩერებას ან მინიმუმ შეფერხებას, რათა გერმანულ სარდლობას დრო ჰქონოდა გაძლიერებისა და კონტრშეტევებისთვის. მიუხედავად თავდაცვითი გეგმის გეოგრაფიული სიდიდისა, რეალობაში ის მრავალ სუსტ წერტილს და მკვდარ ზონას შეიცავდა, რაც საბოლოოდ გახდა მოკავშირეთა წარმატების ერთ-ერთი მიზეზიც.
თავდაცვითი სტრუქტურა — ატლანტიკური კედელი (Atlantikwall) იყო გერმანიის მიერ 1942 წლიდან დაწყებული ციხესიმაგრეების, ნაღმური ზოლების, სანაპირო დაცვის საარტილერიო ბატარეების, საცეცხლე წერტილების, კაზემატების და ბეტონის ბუნკერების ჯაჭვი, რომელიც ატლანტიკური სანაპიროს მთელ სიგრძეზე შენდებოდა ნორვეგიიდან ბისკაის ყურემდე. ნორმანდიაში მის განვითარებაზე პასუხისმგებელი იყო ფელდმარშალი ერვინ რომელი, რომელიც 1943 წლის ბოლოს დაინიშნა დასავლეთის ფრონტის გერმანული ძალების მეთაურად (OB West-ის ქვესტრუქტურის, Heeresgruppe B-ს სარდლად).
ნორმანდიის სანაპიროს თავდაცვითი სისტემის სტრუქტურა
ნორმანდიაში გერმანული თავდაცვა დაყოფილი იყო ბლოკირებულ სექტორებად, თითოეულს გააჩნდა:
1. სტატიკური ბატარეები და ბუნკერები (Stützpunkt): გამაგრებული ბეტონის ბუნკერები, რომლებიც ემსახურებოდა: საზენიტო და სანაპირო დაცვის ქვემეხების მოთავსებას (88 მმ, 105 მმ, 155 მმ ქვემეხები), სამეთაურო პუნქტებად, საბრძოლო მასალის საცავებად. მაგ. Pointe du Hoc — ძლიერი პოზიცია კლდოვან მაღლობზე ამერიკელების ომაჰას სექტორთან.
2. დაბრკოლებების სისტემა: სანაპიროზე იყო განლაგებული სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებები: „ჩეხური ზღარბები“ (Czech hedgehogs) — ტანკსაწინააღმდეგო ლითონის კონსტრუქციები, „ბელგიური კარიბჭეები“ (Belgian gates), ხის და მეტალის ძელაკები, რომლებიც ხანდახან ნაღმებით იყო დანაღმული. ისინი განლაგებული იყო წყალში ნაპირთან ახლოს, რათა დაეზიანებინა ამფიბია კატარღები ნაპირთან მიახლოებისას და გადმოსხმული ჯავშანტექნიკა.
3. ნაღმური ველები: 4 მილიონზე მეტი ნაღმი იყო განლაგებული ნორმანდიის და მიმდებარე სანაპიროებზე (ქვეითსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო).
ნორმანდიის სანაპიროზე გერმანული თავდაცვა იყო სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, მაგრამ ტაქტიკურად არასრულფასოვანი სისტემა, რომელსაც აკლდა მობილურობა, ერთიანი მართვა და საჭირო მასშტაბის რეზერვები. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სექტორში (განსაკუთრებით ომაჰა ბიჩზე) თავდაცვა იყო ძლიერი და ეფექტური, მთლიანობაში იგი ვერ გაუმკლავდა მოკავშირეთა მასშტაბურ შეტევას.



დანაკარგები:
ოპერაციის პირველ დღეებში მოკავშირეებმა დაკარგეს დაახლოებით 10,000-მდე ჯარისკაცი (დახოცილი, დაჭრილი და უგზო-უკვლოდ დაკარგული), ხოლო გერმანული ძალების დანაკარგი შეადგენდა დაახლოებით 4,000–9,000 ადამიანს. ასევე საგანგაშო იყო სამოქალაქო დანაკარგები, რომელთა ზუსტი რაოდენობის დადგენა რთულია.

მთლიანობაში 6 ივნისიდან 31 აგვისტომდე დანაკარგები შეადგენდა შემდეგს:
მოკავშირეთა ძალები:
56 197 დაღუპული და დაკარგული.
153 475 დაჭრილი და დატყვევებული.
სულ: 226 386 ადამიანი.
სამოქალაქო პირები – 38 890 ადამიანი.
გერმანული ძალები:
250 000 დაღუპული და დაკარგული.
200 000 ტყვედ ჩავარდნილი.
სულ: 450 000 ადამიანი
ტექნიკა:
1950 თვითმფრინავი
1900 ტანკი.
– სტრატეგიული და გეოპოლიტიკური შედეგები
D-Day წარმოადგენს გარდამტეხ მომენტს მეორე მსოფლიო ომში, რომელმაც მნიშვნელოვნად დააჩქარა ნაცისტური გერმანიის სტრატეგიული მარცხი. ოპერაციის წარმატებამ საშუალება მისცა მოკავშირეებს გაეხსნათ დასავლეთის ფრონტი და 1944 წლის ბოლომდე გაენთავისუფლებინათ საფრანგეთის ტერიტორიის დიდი ნაწილი.
გარდა სამხედრო მნიშვნელობისა, ოპერაციამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საერთაშორისო თანამშრომლობისა და ალიანსების განმტკიცებაში, რაც შემდგომ საფუძვლად დაედო ისეთი სტრუქტურების ჩამოყალიბებას, როგორიცაა ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი NATO.
ხელმძღვანელი პირები:
- მოკავშირეთა ძალების მეთაურობა:
დუაიტ დ. ეიზენჰაუერი (Dwight D. Eisenhower)

ამერიკელი გენერალი დუაიტ ეიზენჰაუერი დაინიშნა მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლეს მთავარსარდლად 1943 წლის დეკემბერში. მისი მთავარი ამოცანა იყო ოპერაცია „ოვერლორდის“ მომზადება, კოორდინაცია და შესრულება. ეიზენჰაუერმა წარმატებით მოახერხა არა მხოლოდ სხვადასხვა ეროვნების არმიების სინქრონიზება, არამედ სამხედრო და პოლიტიკურ დონეებზე რთული მოლაპარაკებების წარმართვა. მისი ხელმძღვანელობით ოპერაციამ მიიღო მკაცრი სტრუქტურა, რომელიც ეფუძნებოდა სარეზერვო გეგმების სიმრავლეს და საბრძოლო მოქმედებების მოქნილობას.
ბერნარდ ლოუ მონტგომერი (Bernard Law Montgomery)

ბრიტანელი მარშალი მონტგომერი იყო ოპერაციის სახმელეთო კომპონენტის სარდალი. მას ევალებოდა უშუალო შეტევითი ფაზის დაგეგმვა და შესრულება.
მონტგომერიმ უზრუნველჰყო ძალების კონცენტრაცია და იერიშის სწორი სეგმენტაცია ნორმანდიის სანაპიროზე ხუთი სექტორის მიხედვით.
ტრეფორდ ლი-მელორი (Trafford Leigh-Mallory)

საჰაერო ძალების ხელმძღვანელად დანიშნული ბრიტანელი ავიამარშალი ლი-მელორი პასუხისმგებელი იყო მოკავშირეთა საჰაერო კამპანიის კოორდინაციაზე, რაც მოიცავდა წინასწარ პრევენციულ დაბომბვებს, დესანტირების საავიაციო მხარდაჭერას და რაც მთავარია საპარაშუტო-სადესანტო ოპერაციას.
ბერტრან რამზი (Bertram Ramsay)

ადმირალი რამზი იყო საზღვაო ძალების პასუხისმგებელი მეთაური, რომელმაც წარმატებით უზრუნველჰყო ოპერაცია „ნეპტუნის“ (ამფიბიური ფაზის) განხორციელება. მისი მეთაურობით შესრულდა ისტორიაში ყველაზე დიდი ამფიბიური დესანტირება, რომელიც ჩატარდა ათასობით გემისა და სადესანტო ხომალდის გამოყენებით.
……..
- ნაცისტური გერმანიის ძალების მეთაურობა:
ერვინ რომელი (Erwin Rommel)

გენერალ-ფელდმარშალი ერვინ რომელი, რომელიც ცნობილია როგორც „უდაბნოს მელა“, 1944 წლის დასაწყისში დაინიშნა არმიის ჯგუფი B-ის სარდლად, რაც მოიცავდა ნორმანდიის რეგიონს. მისი ხედვა მნიშვნელოვლად განსხვავდებოდა ნაცისტური სარდლობის ზოგადი სტრატეგიისგან: ის ემხრობოდა სანაპიროსთან მაქსიმალური თავდაცვითი სირთულეების შექმნას (მათ შორის „ატლანტიის კედლის“ გამაგრებას) და მოკავშირეთა დესანტის შეჩერებას უშუალოდ ნაპირზე. თუმცა, მისი პოზიცია ხშირად ეწინააღმდეგებოდა უმაღლესი ხელმძღვანელობის მითითებებს.
გერდ ფონ რუნდშტეტი (Gerd von Rundstedt)

ფელდმარშალი რუნდშტედი ფორმალურად იყო გერმანიის ძალების უმაღლესი მეთაური დასავლეთ ფრონტზე. იგი იხრებოდა განსხვავებული სტრატეგიისკენ — მობილური რეზერვების გამოყენება კონტრშეტევისთვის დესანტის შემდეგ ეტაპებზე, ანუ მაშინ, როდესაც მოკავშირეთა ძირითადი ძალები უკვე იქნებოდნენ გადმოსხმული. ის მიიჩნევდა, რომ მოკავშირეების გადამწყვეტი დარტყმის ადგილი იქნებოდა პა-დე-კალე, რაც განპირობებული იყო მოკავშირეთა დეზინფორმაციული კამპანიით (Fortitude).
ფელდმარშალი ვალტერ მოდელი (Walther Model)

ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და გამბედავი გერმანელი მეთაური. თავდაპირველად არ იყო უშუალოდ ჩართული ოპერაცია „ოვერლორდის“ პირველ ეტაპებში, მაგრამ მისი ჩართვა სწრაფად გახდა საჭირო ოპერაციის შემდგომი განვითარებისას,
ოპერაცია „ოვერლორდის“ დასაწყისისთვის მოდელი არ იმყოფებოდა დასავლეთ ფრონტზე. ის იყო საბჭოთა კავშირთან ფრონტზე, ცენტრალურ სექციაში. 1944 წლის აპრილამდე ის სარდლობდა Heeresgruppe Nord-ის (ჩრდილოეთის არმიის ჯგუფი) ნაწილებს, ჰიტლერმა 1944 წლის 17 აგვისტოს დანიშნა ვალტერ მოდელი დასავლეთის ფრონტის მთავარსარდლად (OB West), მისი მთავარი ამოცანები გახდა დასავლეთის ფრონტზე განსაკუთრებით კრიტიკულ მიმართულებებზე ჩარჩენილი გერმანული ძალების ალყებიდან გამოყვანა და საერთო თავდაცვითი სტრატეგიის პრაქტიკული ორგანიზება, რისი დიდოსტატიც იყო.
ოპერაცია Fortitude:
მოკავშირეთა სტრატეგიული დეზინფორმაცია და ფსიქოლოგიური ომის როლი ოპერაცია „ოვერლორდის“ წარმატებაში.
ოპერაცია Fortitude წარმოადგენს მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და დახვეწილ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელიც განიხილება როგორც მოკავშირეთა სამხედრო დაზვერვის, ფსიქოლოგიური ომისა და სტრატეგიული კომუნიკაციის საუკეთესო მაგალითი. მისი მთავარი მიზანი იყო გერმანული სარდლობის შეცდომაში შეყვანა მოკავშირეთა მხრიდან ნორმანდიაში გადასასხმელი დესანტის გეოგრაფიულ და ტაქტიკურ მიმართულებებთან დაკავშირებით. ოპერაცია განხორციელდა 1944 წლის პირველ ნახევარში, როგორც ნაწილი საერთო სტრატეგიული დაგეგმარებისა ოპერაცია „ოვერლორდის“ წინ.
ოპერაციის მიზნები და სტრუქტურა
Fortitude-ის მიზანი იყო გერმანიის სამხედრო ხელმძღვანელობის დარწმუნება, რომ მოკავშირეთა მთავარი დარტყმა არა ნორმანდიაში, არამედ პა-დე-კალეში (Pas-de-Calais) მოხდებოდა. ამით უზრუნველყოფილი უნდა ყოფილიყო გერმანული რეზერვების კონცენტრაცია არასწორ წერტილში, რაც გაამარტივებდა ნორმანდიაში ფაქტობრივ შეტევას. ოპერაცია Fortitude იყოფოდა ორ ძირითად ქვეპროექტად:
1. Fortitude North – მიმართული იყო სკანდინავიაში (ნორვეგიაში) გერმანული ძალების ყურადღების მიპყრობისკენ.
2. Fortitude South – მთავარი დეზინფორმაციული ვექტორი, რომელიც გერმანელებს აჯერებდა, რომ ძირითადი სადესანტო ოპერაცია განხორციელდებოდა პა-დე-კალეს მიმართულებით. დეზინფორმაციის მეთოდები
ოპერაციაში გამოყენებული იქნა მრავალმხრივი და ინტეგრირებული საშუალებები:
1. ყალბი ჯარების და ტექნიკის იმიტაცია
მოკავშირეებმა შექმნეს FUSAG (First U.S. Army Group) — არარსებული არმია გენერალ ჯორჯ ს. პატონის სარდლობით, რომელიც თითქოს სამხრეთ ინგლისში იყო განლაგებული. გამოიყენეს ყალბი ტანკები, თვითმფრინავები, ავტომობილები და შტაბები, რომლებიც სინამდვილეში ბალიშებითა და ხის კონსტრუქციებით იყო აგებული.

2. რადიო-დეზინფორმაცია
შეიქმნა მთელი ქსელი ფიქტიური რადიოკომუნიკაციის, რაც გერმანელებს აძლევდა შთაბეჭდილებას, რომ აღნიშნულ რეგიონში განლაგებული იყო რეალური არმია. რადიოგზავნილების მოცულობა და შინაარსი ხაზს უსვამდა „მზადებას“ პა-დე-კალეს შეტევისთვის.

3. ორმაგი აგენტების ქსელი
ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვამ (MI5) წარმატებით მოახერხა გერმანული აგენტების დაყოლიება ორმაგ თამაშზე. ოპერაციაში მონაწილეობდნენ ისეთი ცნობილი აგენტები, როგორიც იყო:
“Garbo” (ხუან პუხოლ გარსია), “Bronx” და “Tricycle”. მათი საშუალებით გერმანულ სარდლობას მიეწოდებოდა სპეციალურად კონტროლირებადი, ნაწილობრივ სწორი, მაგრამ დამახინჯებული ინფორმაცია.
4. მედია და საჯარო სივრცის კონტროლი
მოკავშირეთა სამხედრო ცენზურა და საინფორმაციო სამსახურები აქტიურად აკონტროლებდნენ პრესას და აქვეყნებდნენ ისეთ “მტკიცებულებებს”, რომლებიც აძლიერებდა Fortitude-ის შექმნილ მითს.
ოპერაციის გავლენა და შედეგები – ოპერაცია Fortitude-ის წარმატებამ გადამწყვეტი როლი ითამაშა D-Day-ის წარმატებაში. გერმანიის უმაღლესმა სარდლობამ, მათ შორის ჰიტლერმაც, ნორმანდიის შეტევა ჩათვალა ერთგვარ ცრუ მანევრად და პირველ ეტაპზე არ გასცემდა სატანკო დივიზიების გადაყვანის ნებართვას დასავლეთის ფრონტზე. ვერმახტის უმაღლესი მეთაურობა კიდევ ელოდებოდა ძირითად დატყმას პა-დე-კალეში 6 კვირის განმავლობაში. შედეგად: მოკავშირეებმა მოიპოვეს სტრატეგიული დრო, რათა გააძლიერებინათ პლაცდარმი. Fortitude წარმოადგენს სტრატეგიული დონის ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ომის იმ კლასიკურ ოპერაციას, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში გარდამტეხი როლი შეასრულა ოპერაცია “ოვერლორდის” საერთო წარმატებაში.
Leave a comment